1. ტექნიკური რეგლამენტი „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ (შემდგომში – წესი) შემუშავებისას საფუძვლად გამოყენებული იქნა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) ოფიციალური გამოცემის Doc 9760/AN967 („საფრენად ვარგისობის სახელმძღვანელო”), სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტის რეკომენდაციები (АП–145), აგრეთვე ევროგაერთიანების ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტები (JAR–66, JAR–145) და იგი ადგენს საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში ექსპლუატირებული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებს, პირობებს.
2. ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ტექნოლოგია, წუნდების ნორმები, საავიაციო ტექნიკის მდგომარეობის, მუშაობისა და სამუშაოდ ვარგისობის პარამეტრები, გამოყენებული საშუალებების, მასალების ჩამონათვალი და ხარისხი, შრომის უსაფრთხოების წესები და ნორმები განისაზღვრება საავიაციო ტექნიკის შესაბამისი ტიპობრივი საექსპლუატაციო საბუთებით.
3. თუ კონკრეტული ობიექტისათვის ტიპობრივი საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნები (საავიაციო ტექნიკის ობიექტების ტექნიკური ექსპლუატაციის ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრის, მისი ტექნიკური მომსახურების, საავიაციო ტექნიკის მდგომარეობისა და მისი მუშაობის ნაწილში), განსხვავდება ამ „წესის” მოთხოვნებისაგან, გამოიყენება ტიპობრივი საექსპლუატაციო საბუთები.
4. ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში– სააგენტო)