ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავიასაწარმო – ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა საქმიანობას სამოქალაქო ავიაციის დარგში;
ბ) დამამზადებელი – საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის საბოლოო აწყობაზე;
გ) თვითმფრინავი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავს მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად;
დ) რემონტი – საჰაერო ხომალდის (პლანერი, ძრავი და მაკომპლექტებელი ნაკეთობების) ცვეთის ან დაზიანების შემდგომ საფრენად ვარგისობის აღდგენა საფრენად ვარგისობის დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ე) საავიაციო ტექნიკა – საჰაერო ხომალდი, მისი აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები (აგრეგატები და სისტემები), ძრავები, საწაფი, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების საშუალებები;
ვ) საავიაციო ძრავა – ძრავა, რომელიც განკუთვნილია სხ-ის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავს შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (თუ გამოიყენება);
ზ) საიმედობა – ობიექტის უნარი გარკვეული დროით, დადგენილ ფარგლებში შეინარჩუნოს მისი დანიშნულების შესრულების შესაძლებლობის დამახასიათებელი ყველა პარამეტრი – დადგენილ რეჟიმებზე და გამოყენების პირობებში, ტექნიკური მომსახურების, რემონტის, შენახვისა და ტრანსპორტირებისას;
თ) სამუშაოების ზოგადი სახეობა – საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები, რომლებიც სრულდება შეძლებისდაგვარად ყველა ტიპის საავიაციო ტექნიკაზე მსგავსი წესების და ტექნოლოგიების გამოყენებით;
ი) საჰაერო ხომალდი – ნებისმიერი საფრენი აპარატი (კლასიფიკაცია იხ. დანართი 2), რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად, დედამიწის ან წყლის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით;
კ) საფრენად ვარგისობის ნორმები – ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო ხომალდის, ძრავის, აღჭურვილობის და მასალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
ლ) ტექნიკური მომსახურება – საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირებას და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას;
მ) შემმუშავებელი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის ტიპის კონსტრუქციაზე;
ნ) შვეულმფრენი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თითქმის ვერტიკალური ღერძის გარშემო ძრავის საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად;
ო) შვეულმფრენი I კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლებით – ისეთი საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენი, რომელსაც, კრიტიკული ძრავის მტყუნებისას შეუძლია მოახდინოს უსაფრთხო დაფრენა შეწყვეტილი აფრენის ზონაში, ან გააგრძელოს უსაფრთხოდ ფრენა დაფრენის შესაბამის ზონამდე იმის მიხედვით, თუ როდის მოხდა ძრავის მტყუნება;
პ) შვეულმფრენი II კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლებით – ისეთი საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენი, რომელსაც კრიტიკული ძრავის მტყუნებისას შეუძლია გააგრძელოს უსაფრთხოდ ფრენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მტყუნებას ადგილი აქვს აფრენის შემდეგ დამახასიათებელი წერტილის მიღწევამდე, ან დაფრენამდე დამახასიათებელი წერილის მიღწევის შემდეგ და აუცილებელი ხდება იძულებით დაფრენა;
ჟ) შვეულმფრენი III კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლებით – ისეთი საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენი, რომელმაც ფრენის ტრაექტორიის ნებისმიერ წერტილში ძრავის მტყუნებისას, უნდა მოახდინოს იძულებითი დაფრენა
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 2. ტერმინების და ცნებების განმარტებები
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. „წესში“ გამოყენებული შემოკლებები
- მუხლი 4. ძირითადი დებულებები
- მუხლი 5. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სამსახურები
- მუხლი 6. საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანები და ორგანიზება
- მუხლი 7. საჰაერო ხომალდის გამართულობა და გამოყენება
- მუხლი 8. ფრენების უსაფრთხოება
- მუხლი 9. საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის ძირითადი წესები
- მუხლი 10. სხ-ის პლანერის, ძრავის, საავიაციო-რადიოელექტრონული აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების ზოგადი წესები
- მუხლი 11. ეკიპაჟისა და ავიასაინჟინრო სამსახურის ურთიერთობა
- მუხლი 12. საწვავ-საცხები მასალებით გაწყობა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 2, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-2-2/