1. სხ-ის პლანერის აეროდინამიკური მახასიათებლების შესანარჩუნებლად, საჭიროა:
ა) უზრუნველყოფილი იყოს, რომ ფრთის, კარების, საგდულების, გარსშემომდენების, სარკმელების, ლიუკების ხუფების ზედაპირების ელემენტები მჭიდროდ იყოს მიბჯენილი;
ბ) დროულად აღმოიფხვრას მოქლონებისა და გარე ზედაპირებზე ნაწილების სამაგრების შესუსტება, ძალურ ელემენტებსა და შემონაკერებზე – დეფორმაციები, ნაკაწრები, ბზარები;
გ) სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნდეს შემონაკერის ლაქ-საღებავის საფარი;
დ) სხ-ის ზედაპირი დროულად გაიწმინდოს ჭუჭყისაგან. არ დაიშვას ფრთაზე, ფუზელაჟზე, ფრთაასხმულობაზე ხისტი და ჭუჭყიანი საგნების გადაადგილება (მათ შორის – ხისტძირიანი და/ან ჭუჭყიანი ფეხსაცმლით სიარული), რბილი ქვესადების გარეშე არ განთავსდეს ნაწილები, ხელსაწყო-იარაღი და აღჭურვილობა;
ე) ყინულის მოცილებისას, შემონაკერის ზედაპირი დაცულ იქნეს დაზიანებისაგან.
2. სხ-ის აგებულებისა და აღჭურვილობის იმ უბნისათვის, რომელიც იოლად შეიძლება დაიჟანგოს, კონსტრუქციის ის ელემენტები, სადაც განლაგებულია აკუმულატორები, სანიტარული კვანძები და ბუფეტი, აგრეთვე კონდენსირებული ტენის, წვიმის წყლის, სსმ-ის, სპეცსითხეების, ქიმიკატების, მტვრისა და ჭუჭყის დაგროვების ადგილები, სხვადასხვა ლითონების ერთმანეთთან, ლითონისა და ჰიგროსკოპულ მასალებთან შეხების ადგილები, ასევე ჰიდროთვითმფრინავისა და სქს-ზე გამოყენებული სხ-ის ნაწილები), გათვალისწინებული უნდა იქნეს და განხორციელდეს ანტიკოროზიული დაცვის ზომები.
3. სხ-ის სისტემების სამუშაოდ ვარგისობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად (ტენისა და სპეცსითხეების ზემოქმედების გამო), საჭიროა მოიწმინდოს ტენი მისი დაგროვების ადგილზე, თვალყური ედევნოს პლანერისა და ასევე სითხეების შემცველი სისტემების შეერთების ჰერმეტულობას, დროულად დაიკეტოს სარკმელები, კარები, ლიუკების ხუფები, შემოწმდეს საწრეტი მოწყობილობების გამართულობა.
4. სხ-ის გარეცხვამდე და ყინულის მოცილებამდე, შემწოვ და გამოსაბოლქვ (გამოსასვლელ) მოწყობილობებზე, ასევე ჰაერის სრული და სტატიკური წნევების მიმღებზე, უნდა დაყენდეს დამხშველი (შალითა დაეფაროს). გარეცხვისას სითხე არ უნდა მოხვდეს აღნიშნულ მოწყობილობებში, სრეა-ს ნაკეთობებისა და ელექტრონულ გასართებზე. თუ ამ მოწყობილობებზე მოხვდა სითხე, ისინი უნდა გაიწმინდოს და შემოწმდეს მათი გამართულობა.
5. სამონტაჟო–დემონტაჟის სამუშაოებისას და ტმ-ისას, უზრუნველსაყოფია:
ა) დაცვის ისეთი ზომების მიღება, რაც თავიდან ააცილებს წყლის, მტვრის, ჭუჭყის, მცირე ზომის ნაწილებისა და სხვა გარეშე საგნების მოხვედრას ღია ღრუებში და გასართებზე, პლანერის, ძრავებისა და სრეა-ს სისტემების ნაკეთობებზე და მილსადენებზე;
ბ) მოხსნილი მცირე ზომის ნაწილების შენახვა ამისათვის გათვალისწინებულ ყუთებში (ჩანთებში);
გ) ნაკეთობების გადატანა სპეციალიზებული საშუალებებით, რაც უზრუნველყოფს გადატანის პირობებს და დაიცავს მათ დაზიანების, დარტყმებისა და რყევისაგან;
დ) კონსტრუქციის მოხაზულობისა და სამონტაჟო ობიექტების ურთიერთგანლაგების, მათი დამაგრების, მოშვების საწინააღმდეგო, მოქობვის, მილითონების, ჰერმეტულობის მიმართ დადგენილი სტანდარტების შესრულება;
ე) დაყენებული ნაკეთობისა და იმ სისტემის, სადაც ის არის დამონტაჟებული, სამუშაოდ ვარგისობისა და სწორად მუშაობის შემოწმება;
ვ) სხ-ზე ისეთი ნაწილების, ნაკეთობის, აღჭურვილობის დაყენება, რაც ამ ტიპს (სერიას) შეესაბამება, აქვს სათანადო საბუთები ან მონიშვნა, შემოწმებული და სამონტაჟოდ მომზადებულია;
ზ) ერთჯერადი გამოყენების ნაწილების (შუასადები, ჭილიბყურა და სხვა) ხელმეორედ გამოყენების გამორიცხვა;
თ) ნაწილების, მილსადენების, შლანგების, ბალონების, პლანერისა და ძრავების სისტემების ავზების, საანტენო მოწყობილობების იზოლატორების, მისი გარსშემომდენებისა და რადიოლოკატორის ანტენების შესაბამისი საბუთებით დადგენილი შეღებვისა და ნიშანდების შენარჩუნება;
ი) შესრულებული სამუშაოს ხარისხზე ზედამხედველობა, საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების შესაბამისად.
6. სხ-ის სისტემებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურებისას აუცილებელია:
ა) თვალყური მიედევნოს ნაკეთობების, კვანძებისა და ნაწილების მდგომარეობასა და დამონტაჟებას, მათი აგებულებისა და შეერთების ადგილების ჰერმეტულობას, საწრეტების სისუფთავეს;
ბ) სისტემები გაიწყოს საწვავით, ზეთით, სპეციალური სითხეებით, აირებით; გასაწყობი შემოწმედეს დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაზე;
გ) შემოწმდეს სისტემებისა და ნაკეთობების, მათი ფილტრების, საკონტროლო-დიაგნოსტიკური მოწყობილობების და კომპლექსების სამუშაოდ ვარგისობა;
დ) ყურადღება მიექცეს მოძრავ შეუღლებებს და მათ შეზეთვას.
7. სრეა-ს ტექნიკური მომსახურებისას აუცილებელია:
ა) მიღებულ იქნეს ადამიანებზე მაღალი სიხშირის გამოსხივების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების ზომები;
ბ) ეკიპაჟის კაბინის ხელსაწყოთა დაფის უკან სამუშაოს შესრულების შემდეგ, შემოწმდეს ანეროიდულ-აპკური ხელსაწყოების სამუშაოდ ვარგისობის, სრული და სტატისტიკური წნევების სისტემების ჰერმეტულობა, ამასთან დაუშვებელია სისტემების მილსადენების გასინჯვისას წნევის ცვლილების საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების დარღვევა;
გ) სრული და სტატიკური წნევის მილსადენების წნევის გასინჯვისას მათგან გაირთოს ყველა ხელსაწყო და მოწყობილობა;
დ) განცალკევდეს ელექტროსადენების ბოლოები, დაიხუროს ბლოკები, დაიხუროს კლემიანი ხუნდები და გამანაწილებელი მოწყობილობები;
ე) ელექტროწრედის დამცველები და ქდა-ები დაყენდეს ელექტროსქემით გათვალისწინებულ დენის ძალაზე;
ვ) ნაკეთობას საფუთავი და დამცავი მოწყობილობა მოშორდეს უშუალოდ სხ-ზე დაყენების ან შემოწმების წინ;
ზ) დაუშვებელია 150მმ-ზე ნაკლები რადიუსით დრეკადი ლილვაკების გაღუნვა;
თ) მაღალი წნევის ბალონები დროულად შემოწმდეს და გამოიცადოს:
ი) ჟანგბადის ის ბალონი, სადაც წნევა ატმოსფერულამდეა დაწეული, საექსპლუატაციოდ დაიშვება ჟანგბადით ორ-სამჯერადი გამორეცხვისა და მუშა წნევამდე დამუხტვის შემდეგ;
კ) თუ სისტემაში და გადასატან ბალონში ჩამუხტული ჟანგბადი 6 თვის განმავლობაში არ გამოყენებულა, ის უნდა გამოიცვალოს;
ლ) ელექტროქსელის დაზიანებული სადენები გადაებას ცხელი რჩილვით (მჟავების გამოუყენებლად) ან შეერთდეს წნევის მეშვეობით. ერთ კვეთში რამდენიმე სადენის გადაბმა დაშვებულია. ქსელის (წრედის) ელექტროსადენის მონაკვეთის შეცვლა შეიძლება მხოლოდ იმავე ტიპის მთელი სადენით. ახალი სადენის კვეთის ფართობი ძველის ტოლი უნდა იყოს; როგორც გამონაკლისი, დასაშვებია ოდნავ უფრო მეტი (უახლოესი) კვეთის ფართობის სადენის გამოყენება;
მ) პიროტექნიკური საშუალებები (პიროპატრონი, დეტონატორი, შუქსასიგნალო შუშხუნა) გადატანილ უნდა იქნეს ბუდეებით აღჭურვილი ლითონის ისეთი ტარით, რითაც გამოირიცხება მათი ურთიერთშეჯახება და ფისტონების გახვრეტა;
ნ) ტრიმერებისა და საფრენოსნო დამტვირთის, ავტოპილოტის საჭეების მექანიზმებისა და მათი საგვარლო გაყვანილობის ელექტრომექანიზმების სამართი ელექტროწრედების სამონტაჟო-დემონტაჟისა და აღსადგენი სამუშაოების შემდეგ, მათი მუშაობა შემოწმდეს პლანერის მომსახურე სპეციალისტებთან ერთად;
ო) სრეა-ს ნაკეთობის რემონტი და მისი ტექნიკური პარამეტრების ნორმებთან შესაბამისობა შემოწმდეს შესაბამისი საბუთების, საკონტროლო-შესამოწმებელი აპარატურის, ხელსაწყო-იარაღების და მომზადებული სპეციალისტების არსებობისას;
პ) გიროსკოპული სისტემებისა და ხელსაწყოების ტექნიკური პარამეტრების ნორმებთან შესაბამისობა და სამუშაოდ ვარგისობა დადგინდეს ჩართვიდან გათბობისათვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ;
ჟ) ინერციული სისტემების მოსამზადებლად, ადგილმდებარეობისა და აზიმუტის გეოდეზიური ნიშნულები განისაზღვროს სხ-ის სადგომზე;
რ) საბორტო აღმრიცხველების ინფორმაციის მატარებელი სახარჯი მასალებით (დავალების შესასრულებლად) საკმაო რაოდენობით სხ-ის უზრუნველყოფა.
8. სრეა-ს ტექნიკური მომსახურებისას, აკრძალულია:
ა) საბორტო ქსელის ან სისტემის ელექტროკვების ჩართვა, თუ ჩამოკიდებულია გამაფრთხილებელი ალამი წარწერით „არ ჩართოთ, მიმდინარეობს სამუშაოები”;
ბ) ელექტროენერგიის წყაროების ჩართვა და ელექტროაღჭურვილობის შემოწმება, სხ-ის საწვავით გაწყობის ან სხ-დან საწვავის ჩამოსხმის დროს;
გ) ანეროიდულ-აპკური ხელსაწყოებისა და საჰაერო სიგნალების სისტემის ელექტროკვების გამორთვა, მათ მილსადენში სათანადოზე ნაკლები ან ზედმეტი წნევის დროს;
დ) დატვირთვის ქვეშ მყოფი სააეროდრომო ელექტროკვების წყაროების შტეფსელური გასართების მიერთება და გართვა;
ე) საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილზე ნაკლები მუხტის მქონე საბორტო აკუმულატორების გამოყენება; მჟავიანი და ტუტიანი აკუმულატორების ერთად შენახვა, მომსახურება და დამუხტვა;
ვ) გამართული აკუმულატორების სხ-ზე შენახვა ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს, საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილზე მეტი ხანით;
ზ) აღჭურვილობის შეერთების სქემაში ცვლილებების შეტანა და აპარატურის, ხელსაწყოების, მათი ნაწილებისა და ელექტროგაყვანილობის ერთი ტიპის (მარკის) შეცვლა მეორე ტიპის (მარკის, სახეცვალების) ნაკეთობით, თუ ეს საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებული არ არის (გამონაკლისი დაიშვება სად-ის მიერ);
თ) მილითონების შესაკრავის კვეთის ფართობის, თერმომეტრის საკომპენსაციო სადენების სიგრძის შეცვლა, ჩალიჩის ბორტზე მიერთების დარღვევა, სადენების მაღალი ტემპერატურის მქონე ნაწილებთან შეხება;
ი) ელექტრულ მანქანაზე შეუსაბამო მუსის დაყენება;
კ) ხელსაწყოებისა და ნაკეთობების შენახვა მჟავასთან, ტუტესთან და სხვა ქიმიკატებთან;
ლ) ჟანგბადის აღჭურვილობასთან მუშაობა იმ ზომების მიუღებლად, რაც მის შეხებას გამორიცხავს ენერგოაქტიურ საშუალებებთან, ცხიმოვან (საწვავი, ზეთი და სხვა) ნივთიერებებთან, მჟავებთან, აირებთან;
მ) ჟანგბადის სისტემის ნაკეთობების ტმ-ისას, საექსპლუატაციო საბუთებით მითითებულისაგან განსხვავებული ხელსაწყო-იარაღის, საცხებისა და ა.შ. გამოყენება, სამუხტი შლანგების გართვა იქიდან ჟანგბადის წნევით გამოდინებისას;
ნ) ჟანგბადით დამუხტული ბალონების შენახვა აირების ბალონებთან, მჟავებისა და ცხიმოვანი ნივთიერებების ტევადობებთან;
ო) ზუმფარის ქაღალდის გამოყენება კონტრაქტორების, კოლექტორების გასაწმენდად, აგრეთვე მუსის მოსარგებლად;
პ) ელექტროგაყვანილობის ჩალიჩების მომაგრება ჟანგბადის, საწვავის, საზეთი, ჰიდრავლიკური და სხვა სისტემების მილსადენებზე;
ჟ) სადენების რჩილვა საწვავის ავზების განთავსების ნაკვეთურებში და იმ ადგილებში, რომელიც საწვავი სითხეებით გაირეცხა;
რ) ერთ საკონტაქტო ჭანჭიკზე სამზე მეტი სადენის მიერთება, აგრეთვე ისეთი სადენებისა, რომლებიც კვეთის ფართობით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან;
ს) მეგაომმეტრის გამოყენება ისეთი აღჭურვილობის შესამოწმებლად, რომლის წრედშიც კონდენსატორია (მისი გადაწვის თავიდან ასაცილებლად);
ტ) სხ-ზე საფრენოსნო ინფორმაციის საბორტო აღმრიცხველების დაულუქავი ლენტსაწევი მექანიზმების (საგროვლებლების, სათადარიგო კასეტების) დაყენება.
თავი V
ეკიპაჟის მიერ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცი