1. სტ-ის საიმედობის სტატისტიკური განალიზებისას გამოიყენება მისი საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილი მაჩვენებლების ჩამონათვალი, მათი ფაქტობრივი, ნორმატიული და საკონტროლო მნიშვნელობები.
2. სტ-ის საიმედობის მაჩვენებლების ფაქტობრივი მნიშვნელობები განისაზღვრება ავიასაწარმოს მიერ შემუშავებული და სააგენტოს მიერ დამტკიცებული მეთოდიკით, მწყობრიდან გამოსვლაზე, გაუმართაობაზე და დაზიანებაზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. საიმედობის მაჩვენებლების ნორმატიული მნიშვნელობები დგინდება სტ-ის შემუშავების ტექნიკური მოთხოვნებით, მას აუცილებლად ითვალისწინებენ საექსპლუატაციო საბუთებში და სტ-ის მოწოდების პირობებში.
4. საიმედობის საკონტროლო მნიშვნელობები დგინდება სააგენტოს მიერ სტ-ის შემმუშავებელთან ან დამამზადებელთან შეთანხმებით, შედის საექსპლუატაციო საბუთებში და გამოიყენება ექსპლუატაციის კონკრეტულ პირობებში სტ-ის საიმედობის ცვლილების მიდრეკილებისა და ხარისხის განსასაზღვრავად.
5. საიმედობის სტატისტიკური გაანალიზებისას, საიმედობის მაჩვენებლების ფაქტობრივ მნიშვნელობებს ადარებენ ნორმატიულთან ან საკონტროლოსთან, რითაც განსაზღვრავენ საექსპლუატაციო ფაქტორების გავლენას სტ-ის ტექნიკური მდგომარეობის დინამიკაზე და მის საიმედობაზე.
6. სტ-ის საიმედობის საინჟინრო გაანალიზების მიზანია მტყუნების, გაუმართაობებისა და დაზიანების მიზეზების, ნაკეთობებისა და სისტემების სამუშაოდ ვარგისობაზე მათი გავლენის ხარისხის, აგრეთვე, იმ შედეგების განსაზღვრა, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს. გაანალიზების შედეგი უნდა იყოს მტყუნების, გაუმართაობებისა და დაზიანებების თავიდან აცილების კონკრეტული წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება.
7. საიმედობის ტექნიკურ-ეკონომიკური გაანალიზების საჭიროებასა და მის ტექნოლოგიას ავიასაწარმო ადგენს. მისი მიზანია მტყუნებობის, გაუმართაობებისა და დაზიანებების ეკონომიკური შედეგების შეფასება, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური დანაკარგების შემცირება, სტ-ის მომწოდებლებისადმი წაყენებული ქონებრივი და სხვა პრეტენზიების დასაბუთება, სტ-ის შეძენისა და გამოყენების მისაღები პირობების განსაზღვრა და ა.შ.
8. სტ-ის საიმედობის გაანალიზებამ უნდა უზრუნველყოს:
ა) იმ საექსპლუატაციო ნაკლოვანებების გამოვლენა, რომლის აღმოფხვრაც ექსპლუატანტს დამოუკიდებლად შეუძლია;
ბ) იმ კონსტრუქციულ-საწარმოო ნაკლოვანებების გამოვლენა, რომლისთვისაც საჭიროა სტ-ის შემმუშავებელს, დამამზადებელსა და მომწოდებელს წარედგინოს მოთხოვნები;
გ) საექსპლუატაციო საბუთებისა და სახმელეთო ტექნიკური საშუალებების ნაკლოვანებების გამოვლენა;
დ) საიმედობასთან დაკავშირებული სტ-ის ნაკლოვანებების ეკონომიკური შედეგების განსაზღვრა;
ე) სტ-ისა და მისი ექსპლუატაციის ნაკლოვანებების აღმოფხვრის, სტ-ის ობიექტების მთელი ერთობლიობისა და დამხმარე ტექნიკური საშუალებების საიმედობის უზრუნველსაყოფი და ასამაღლებელი ღონისძიებების ეფექტიანობის განსაზღვრა.
9. სტ-ის საიმედობის გაანალიზება უნდა შეიცავდეს შემდეგ სისტემატიზებულ მასალებს:
ა) განმეორებით და სახიფათო მტყუნებებზე, გაუმართაობებზე და დაზიანებებზე;
ბ) ყველა ტიპის სხ-ის საავიაციო შემთხვევებზე და ინციდენტებზე;
გ) სტ-ის მტყუნების, გაუმართაობისა და დაზიანების გამო სხ-ის გაფრენის შეფერხებებზე და ფრენებიდან მოხსნაზე;
დ) სხ-ისა და მისი ყველაზე უფრო ნაკლებად საიმედო შემადგენელი ნაწილების სარესურსო მდგომარეობაზე;
ე) შესაბამისი ნორმატიული საბუთებით გათვალიწინებულ საიმედობის მონაცემებზე;
ვ) სტ-ის მომწოდებლებისათვის წარდგენილი მოთხოვნების შესრულებაზე, კონკრეტული ობიექტების საიმედობის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შედეგებზე;
ზ) გაანალიზების შედეგების მიხედვით რეკომენდებულ ღონისძიებებზე.
10. სტ-ის საიმედობის გაანალიზებისას, ავიასაწარმოში სრულდება შემდეგი სამუშაო:
ა) მწყობრიდან გამოსვლებსა და გაუმართაობებზე პირველადი ინფორმაციის შეკრება. აღრიცხვა და დამუშავება;
ბ) გამოვლენილი ნაკლოვანებების ფრენების უსაფრთხოებაზე გავლენის მოხდენის შეფასება;
გ) გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და თავიდან აცილების წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება.
11. სტ-ზე სახიფათო მტყუნებისა და გაუმართაობის გამოვლენისას, ტმ-ის შემსრულებლები და ხელმძღვანელები ვალდებულები არიან, მის აღმოსაფხვრელად მიიღონ დაუყოვნებელი ზომები და აცნობონ ზემდგომ ხელმძღვანელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, შემდეგი მიზნით:
ა) ხარვეზის მიზეზის დადგენა;
ბ) ხარვეზის აღმოფხვრის ტექნოლოგიური გადაწყვეტილების განსაზღვრა;
გ) ხარვეზზე დროული ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს შესაბამის სამსახურს, ასს-ის სპეციალისტებს, საჭიროებისას – ავიასაწარმოს საფრენოსნო შემადგენლობას, ასევე შემმუშავებელს და დამამზადებელს;
დ) ავიასაწარმოში ხარვეზიანის მსგავს ყველა ობიექტზე (სტ-ზე) ჩაატაროს პროფილაქტიკური დათვალიერება.
12. ავიასაწარმოს მიერ სტ-ის სამედობის გაანალიზების პერიოდულობა, მისი მეთოდიკა, მოცულობა და წარდგენის ფორმები დგინდება სააგენტოს მიერ.
საიმედობის გაანალიზებისას გამოიყენება:
ა) სტ-ის აღრიცხულ გაუმართაობებზე ინფორმაცია;
ბ) მწყობრიდან გამოსული ნაკეთობების გამოკვლევაზე სხვადასხვა ორგანიზაციების მასალები;
გ) სხ-ის ტექნიკურ ბორტჟურნალში, ტექნიკური მომსახურების მოწმობაში (განწესში), წუნდების უწყისში არსებული ინფორმაცია გაუმართაობებზე.
13. სტ-ის საიმედობაზე ავიასაწარმოში ინახება შემდეგი ინფორმაცია და საბუთები (აღნიშნული სტ-ის ექსპლუატაციის პერიოდში):
ა) აღრიცხული პირველადი ინფორმაცია სტ-ის გაუმართაობებზე;
ბ) ავიასაწარმოს მიერ საიმედობის გაანალიზების მასალები;
გ) ავიასაწარმოს შიდა საბუთები, სტ-ის საიმედობის უზრუნველყოფის საკითხებზე;
დ) სტ-ის დაყვანითი სამუშაოებისა და შემოწმების ბიულეტენები, სარეკლემაციო სამუშაოს მასალები;
ე) სხვადასხვა ორგანიზაციიდან სტ-ის საიმედობაზე არსებული დირექტიული მასალები და მიმოწერა;
ვ) სხვა ორგანიზაციებიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია საიმედობაზე