1. მონაწილე სახელმწიფოები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან თავიანთი შიდასამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემების შესაბამისად, რათა აამაღლონ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ეფექტურობა ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, კერძოდ, თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ეფექტურ ზომებს, რათა:

a) გააძლიერონ და, საჭიროების შემთხვევაში, შექმნან საკომუნიკაციო არხები თავიანთ კომპეტენტურ ორგანოებს, დაწესებულებებს და სამსახურებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას ამ კონვენციით გათვალისწინებულ ყველა დანაშაულთან, და თუ მონაწილე სახელმწიფოები ამას საჭიროდ ჩათვლიან, სხვა დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

b) ითანამშრომლონ სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების პროცესში, ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

i. ასეთი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა ვინაობის, ადგილსამყოფლისა და საქმიანობის დადგენა, ან მათთან დაკავშირებულ სხვა პირთა ადგილსამყოფელის დადგენა;

ii. აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის გზით მიღებული შემოსავლებისა და ქონების გადაადგილება;

iii. აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენისას გამოყენებული ან მომავალში გამოსაყენებელი ქონების, მოწყობილობის ან სხვა საშუალებების გადაადგილება.

c) საჭიროების შემთხვევაში, გამოძიების ან ანალიზის მიზნით, წარმოადგინონ აუცილებელი საგნები ან საჭირო ნივთიერებები;

d) ხელი შეუწყონ თავიანთი კომპეტენტური ორგანოების, დაწესებულებების და სამსახურების ეფექტურ კოორდინაციას, აგრეთვე, ხელი შეუწყონ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა შორის ორმხრივი ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე, თანამშრომლებისა და ექსპერტების, მათ შორის, კავშირგაბმულობის სპეციალისტების გაცვლას.

e) სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან აწარმოონ ინფორმაციის გაცვლა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ გამოყენებული კონკრეტული მეთოდების და საშუალებების შესახებ, მათ შორის, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაცია მარშრუტების და გადაზიდვების, შეცვლილი ვინაობის, ყალბი ან შეცვლილი დოკუმენტების გამოყენების და ნამდვილი საქმიანობის დაფარვის სხვა საშუალებების შესახებ;

f) საჭიროების მიხედვით, გაცვალონ ინფორმაცია და მოახდინონ ადმინისტრაციული და სხვა ზომების კოორდინირება ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების დროული გამოვლენის მიზნით.

2. ამ კონვენციის პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები განიხილავენ თავიანთ სამართალდამცავ ორგანოებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების და შეთანხმებების დადების, ხოლო ასეთი ხელშეკრულებების და შეთანხმებების არსებობის შემთხვევაში მათში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას. ასეთი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების არსებობის შემთხვევაში მონაწილე სახელმწიფოები ამ კონვენციას განიხილავენ, როგორც სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის საფუძველს იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციაში საჭიროების შემთხვევაში, მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით სრულად გამოიყენებენ შესაბამის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს.

3. მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში ითანამშრომლონ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ჩადენილ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულზე რეაგირების მიზნი