1. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან შეიმუშაონ და შეაფასონ ეროვნული პროექტები და ხელი შეუწყონ ამ თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკის და პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

2. შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების დაცვით, მონაწილე სახელმწიფოები საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომების გამოყენების მეშვეობით შეეცდებიან დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფებს შეუმცირონ ლეგალურ ბაზარზე დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლებით მოქმედების არსებული ან სამომავლო შესაძლებლობები. ეს ზომები კონცენტრირებული უნდა იყოს შემდეგზე:

a) სამართალდამცავ ორგანოებს ან პროკურატურასა და კერძო სამართლის შესაბამის იურიდიულ პირებს, მათ შორის, სამრეწველო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;

b) ისეთი სტანდარტების და პროცედურების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების წევრების და შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების კეთილსინდისიერი საქმიანობის დაცვისაკენ, აგრეთვე ცალკეული პროფესიული ჯგუფებისთვის, როგორიცაა იურისტები, ნოტარიუსები, საგადასახადო კონსულტანტები და ბუღალტრები, ქცევის კოდექსების შემუშავება;

c) ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებული ტენდერების დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოების მიერ სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიების და სუბსიდიების დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება;

d) დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ იურიდიული პირების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. ამ მხრივ მიმართული ღონისძიებები შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

i. იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრის წარმოება, რომლებიც მონაწილეობენ იურიდიული პირების დაფუძნებაში, მართვასა და დაფინანსებაში.

ii. ისეთი წესის შემოღება, რომლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა გზით აეკრძალებათ შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფუძნებული იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობის დაკავება გონივრული ვადით;

iii. იმ პირთა ეროვნული რეესტრის შემოღება, რომელთაც აკრძალული აქვთ იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება; და

iv. ამ პუნქტის (d) (i) და (iii) ქვეპუნქტებში აღნიშნულ რეესტრებში არსებული ინფორმაციის გაცვლა სხვა მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან.

3. მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან, ხელი შეუწყონ ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდებულ პირთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

4. მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან, პერიოდულად მოახდინონ არსებული შესაბამისი იურიდიული დოკუმენტების და ადმინისტრაციული პრაქტიკის შეფასება, რათა გამოვლინდეს, თუ რამდენად დაუცველია ისინი დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბოროტად გამოყენების შესაძლებლობებისაგან.

5. მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან აამაღლონ საზოგადოების ცოდნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის არსებობის, მიზეზების, სიმძიმის და მის მიერ გამოწვეული საფრთხის შესახებ. საჭიროების მიხედვით, ასეთი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით და უნდა ასახავდეს, თუ რა ზომების მიღება არის შესაძლებელი საზოგადოების ჩასაბმელად აღნიშნული დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში.

6. თითოეული მონაწილე სახელმწიფო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივანს აცნობებს იმ ორგანოს ან ორგანოების სახელწოდებას და მისამართს, რომელთაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ სხვა მონაწილე სახელმწიფოებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავებაში.

7. საჭიროების მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან ამ მუხლში აღნიშნული ზომების შემუშავებასა და განხორციელებაში. ეს თანამშრომლობა მოიცავს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილებისაკენ მიმართულ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, რომლებიც, მაგალითისათვის, შეიძლება შეეხებოდეს პირობების გაუმჯობესებას იმ სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის, რომლებიც მოწყვლადი არიან ტრანსნაციოანალური ორგანიზებული დანაშაულის მიმარ