1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, მეორე მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს ამ ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მაქსიმალურად გაანთავისუფლებს ყოველგვარი საბაჟო გადასახდელებისაგან, შემოწმების საფასურის და სხვა მოსაკრებლებისაგან და გადასახადებისაგან, გარდა იმ მომსახურების გადასახდელისა, რომელიც დაკავშირებულია საჰაერო ხომალდის, საწვავის, საცხებ-საპოხი მასალის, სათადარიგო ნაწილების, საჰაერო ხომალდის აღჭურვილობის, საჰაერო ხომალდის მარაგის (საკვები, სასმელი და თამბაქო) და დანიშნული ავიაგადმზიდველის ემბლემის მატარებელი იმ ოფიციალური დოკუმენტების მომსახურებასთან, როგორიცაა ბარგის საჭდეები, ავიაბილეთები, ზედდებული, ჩასხდომის ბარათები, განრიგები, სარეკლამო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია გამოყენებისათვის ან გამოყენებულია შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის განმახორციელებელი ამ მეორე მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ან მომსახურებისათვის.
2. გადასახდელისგან გათავისუფლება, რომელიც ამ მუხლითაა მინიჭებული, ეხება პირველ პუნქტში ხსენებულ საგნებს, რომლებიც:
a) ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ან მისი სახელით;
b) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის ან ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის დატოვებისას რჩება ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე;
c) ატანილია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დროს გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნული საგნები სრულად იქნება თუ არა გამოყენებული ან მოხმარებული ამგვარი გათავისუფლების მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი საგნების ფლობაზე უფლების გადაცემა არ მოხდება ხსენებული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
3. მუდმივი საბორტო აღჭურვილობა, ისევე როგორც საშუალებები და მარაგი, რომელიც რჩება ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოტვირთულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ხელისუფლებების ნებართვით. ამ შემთხვევაში, მათი განთავსება უნდა მოხდეს ხსენებული ხელისუფლებების მეთვალყურეობის ქვეშ, საბაჟო პროცედურების შესაბამისად მათ რეექსპორტამდე ან სხვაგვარად განთავსებამდე.
4. ნებისმიერ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირ ტრანზიტად გამავალი მგზავრები, ბარგი, ტვირთი და ფოსტა, რომლებიც არ ტოვებენ ამ მიზნისთვის განკუთვნილ აეროპორტის ტერიტორიას, ექვემდებარება გამარტივებულ კონტროლს, გარდა ძალადობის, საჰაერო მეკობრეობის და ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ მიმართული უშიშროების ღონისძიებებისა. პირდაპირი ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო და სხვა შესაბამისი მოსაკრებლებისგან.
5. წინამდებარე შეთანხმება ვერ შეზღუდავს ბულგარეთის რესპუბლიკას არადისკრიმინაციულ საფუძველზე დააწესოს გადასახადები, საფასური, მოსაკრებლები ან გადასახდელები მის ტერიტორიაზე მიწოდებულ იმ საწვავზე, რომელიც განკუთვნილია საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდისათვის, რომელიც ახორციელებს საჰაერო მიმოსვლას ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ერთ პუნქტსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე მეორე პუნქტს შორის ან ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ერთ პუნქტსა და ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიას შორის
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში · რედაქცია 28.03.2011
მუხლი 15. საბაჟო გადასახდელები და პროცედურები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. მოქმედი წესები და კანონები და
- მუხლი 10. საავიაციო შემთხვევების გამოძიება
- მუხლი 11. საავიაციო უსაფრთხოება
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 13. სახმელეთო მომსახურება
- მუხლი 14. მომხმარებლის გადასახდელები
- მუხლი 16. ავიაგადამზიდველის წარმომადგენლობა და გაყიდვები
- მუხლი 17. თანხების გადარიცხვა
- მუხლი 18. სტატისტიკის მიწოდება
- მუხლი 19. კონსულტაციები
- მუხლი 20. სადავო საკითხების მოგვარება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“, მუხლი 15, №0, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500545/muxli-15/