1. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ მათი ურთიერთვალდებულებები უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2. ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ შემდეგი კონვენციების დებულებებით, კერძოდ: ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბრის ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1991 წლის            1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლების მიზნით”, ისევე როგორც საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი კონვენცია და ოქმი, რომელსაც მიერთებულია ორივე ხელშემკვრელი მხარე.
3.  ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული და კონვენციის დანართებად წოდებული რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ისინი მათ მიერ გამოიყენება; მოსთხოვენ მათ რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე, ან ბულგარეთის რესპუბლიკასთან მიმართებით, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომლებიც დაარსებულია საკუთარ ტერიტორიაზე ევროკავშირის ხელშეკრულებების თანახმად და გააჩნიათ საჰაერო ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატი ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რათა იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად.
4.  მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
5.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მისი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის დატოვებისას ან ტერიტორიაზე ყოფნისას შეიძლება მოეთხოვოს ამ მეორე სახელმწიფოს საავიაციო უშიშროების მოქმედი დებულებების დაცვა, რაც ბულგარეთის რესპუბლიკის შემთხვევაში გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობას.
6.  სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ აღკვეთისაკენ.
7.  როდესაც ხელშემკვრელ მხარეს აქვს საფუძველი იმისა, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე არ ასრულებს ამ მუხლში მოცემულ საავიაციო უშიშრების პირობებს, მაშინ ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს დაუყოვნებლივი კონსულტაციები მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან. თუ ამგვარი მოთხოვნიდან თხუთმეტი (15) დღის გამავლობაში ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, ეს შეიძლება გახდეს იმ მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საექსპლუატაციო უფლებამოსილების და ტექნიკური ნებართვების გაუქმების, შეჩერების, შეზღუდვის ან პირობების წაყენების საფუძველი. თუ საგანგებო სიტუაცია მოითხოვს, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები თხუთმეტი (15) დღის ვადის ამოწურვამდე.
8.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მისი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, ტერიტორიის დატოვებისას ან ტერიტორიაზე ყოფნისას შეიძლება მოეთხოვოს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო უშიშროების მოქმედი დებულებების დაცვა, რაც ბულგარეთის რესპუბლიკის შემთხვევაში გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობას