1. წესები ეფუძნება ჩიკაგოს კონვენციის №1 დანართით „საავიაციო პერსონალის მოწმობების გაცემა“ განსაზღვრულ სტანდარტებს, რეკომენდებულ პრაქტიკას, ასევე გათვალისწინებულია JAR-FCL1. წესებით დადგენილია ავიასპეციალისტთა მოწმობების ფორმები და შინაარსი და რეგულირდება სერტიფიცირებასთან (ავიასპეციალისტთა მოწმობების გაცემა, გამოცვლა, გაუქმება, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეჩერება, ასევე, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარება) დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
2. ავიასპეციალისტებს მიეცემათ ამ წესებით დადგენილი ფორმების მოწმობები (დანართების №9 და №16 შესაბამისად). მოწმობაში შეტანილი ოსტატობის აღნიშვნა მის მფლობელს აძლევს შესაბამისი ფრენებისა და სამუშაოების შესრულების უფლებას. მოწმობისა თუ ოსტატობის აღნიშვნის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული მოწმობისა თუ ოსტატობის აღნიშვნის მისაღებად დადგენილ მოთხოვნებს: ასაკის, ცოდნის, გამოცდილების, უნარისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
3. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ავიასპეციალისტის მოწმობა გაიცემა, თუ ის თეორიულ, პრაქტიკულ მომზადებას და საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიას გაივლის საქართველოში – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოადგენს თეორიული და პრაქტიკული მომზადების დამადასტურებელ საბუთებს.
4. თუ პირს არა აქვს ამ წესების შესაბამისად გაცემული ან აღიარებული მოწმობა, მას ეკრძალება უფლებამოსილების განხორციელება სხ-ების ქვემოთ ჩამოთვლილ სახეობებზე:
ა) თვითმფრინავი;
ბ) შვეულმფრენი;
გ) ამწევი ძალის სამატი სისტემით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი;
დ) პლანერი;
ე) თავისუფალი აეროსტატი;
ვ) 4600 მ3
-ზე მეტი მოცულობის დირიჟაბლი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სხ-ის ერთ-ერთი სახეობის მოწმობის მფლობელის მიერ, დამატებით სხ-ის სხვა სახეობაზე მოწმობის მიღების განცხადების წარდგენისას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) მოწმობის მფლობელს აძლევს სხ-ის განცხადებული სახეობის მოწმობას; ან
ბ) გაცემულ მოწმობაში შეაქვს განცხადებულ სახეობაზე ფრენის ოსტატობის აღნიშვნა.
6. ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და ოსტატობის აღნიშვნის გაცემა ხორციელდება განმცხადებლის მიერ სააგენტოსათვის ამ წესებით დადგენილი განცხადებისა და დადგენილი საბუთების წარდგენის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ავიასპეციალისტის მოწმობის ან ოსტატობის აღნიშვნის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, ხორციელდება სააგენტოს მიერ, ავიასაწარმოს წარდგენის საფუძველზე ან სააგენტოს ინიციატივით, ამ წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობისას გამოვლენილი ფრენის უსაფრთხოებისათვის საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში. შეჩერების ან გაუქმების საფუძველი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას ღებულობენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილები არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.
8. სააგენტოს მიერ ამ წესების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად