3.1. საწარმოო პროცედურები
მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის დაპრო-ექტების ეტაპზე ჩამოყალიბებული და განსაზღვრული პროცედურების კომპეტენტური შესრულება შესაფერისი ტექნიკისა და სათანადო პროცედურების გამოყენების გზით, განსაკუთრებით კი, ქვემოთ ჩამოყალიბებული ასპექტების გათვალისწინებით.
3.1.1.შემადგენელი ნაწილების მომზადება
შემადგენელი ნაწილების მომზადებამ (მაგალითად, ფორმირება და მექანიკური დამუშავება) არ უნდა გამოიწვიოს რაიმე სახის დეფექტის, ბზარის ან ტექნიკურ მახასიათებლებში ისეთი ცვლილების გამოწვევა, რომელიც წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის უსაფრთხოებისათვის საზიანო იქნება.
3.1.2. მუდმივი შეერთებები
მუდმივი შეერთებები და მიმდებარე ზონები თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ზედაპირული ან შიდა დეფექტისაგან, რომელიც ზიანის მომტანი იქნება წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის უსაფრთხოებისათვის.
მუდმივი შეერთებების მახასიათებლებმა უნდა დააკმაყოფილოს შეერთებაში გამოყენებული მასალებისათვის განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროექტო გაანგარიშებებში სხვა უფრო შესაფერისი თვისობრივი მახასიათებლები იქნება კონკრეტულად გათვალისწინებული.
წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის, იმ კომპონენტების მუდმივი შეერთებები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ წნევისადმი მედეგობაში და ის კომპონენტები, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ არიან მათზე მიმაგრებულნი, უნდა შესრულდეს შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ სათანადო სამუშაო პროცედურების გათვალისწინებით.
იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის, რომლებიც განეკუთვნებიან II, III და IV კატეგორიებს, სამუშაო პროცედურებისა და პერსონალის დამტკიცება უნდა მოხდეს კომპეტენტური მესამე მხარის მიერ, რომელიც, მწარმოებლის შეხედულებისამებრ, შესაძლოა იყოს:
- შესაბამისობის შემფასებელი პირი;
- საქართველოს კანონით პირდაპირ განსაზღვრული პირი.
აღნიშნული კომპეტენციის შესაბამისობის დადასტურების პროცესის განსახორციელებლად მესამე მხარე ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს შემოწმებები და გამოცდები იმგვარად, როგორც ეს ჩამოყალიბებულია შესაბამის სტანდარტებში ან უნდა განახორციელოს ეკვივალენტური შემოწმებები და გამოცდები ან უზრუნველყოს მათი განხორციელება.
3.1.3. არამრღვევი გამოცდები
წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის, მუდმივი შეერთებების არამრღვევი გამოცდები უნდა განხორციელდეს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის, რომლებიც განეკუთვნება III და IV კატეგორიებს, აღნიშნული პერსონალის კვალიფიკაცია უნდა დამტკიცდეს რეგლამენტის მე - 11 მუხლით განსაზღვრული მესამე მხარე ორგანიზაციის მიერ.
3.1.4. თერმული დამუშავება
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რისკი იმისა, რომ წარმოების პროცესი გამოიწვევს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მასალების თვისებებისა და მახასიათებლების ცვლილებას ისეთი ხარისხით, რაც განაპირობებს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის უსაფრთხოების გაუარესებას, წარმოების სათანადო ეტაპზე უნდა განხორციელდეს შესაფერისი თერმული დამუშავება.
3.1.5. მიკვლევადობა
წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მასალების მიღების, წარმოებისა და საბოლოო გამოცდის ეტაპებისათვის უნდა შემუშავდეს სათანადო პროცედურები იმ მასალების იდენტიფიკაციისთვის, რისგანაც მზადდება მოწყობილობის ის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც გავლენას ახდენენ წნევისადმი მედეგობაზე.
3.2. საბოლოო შეფასება
წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა უნდა დაექვემდებაროს საბოლოო შეფასებას როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.
3.2.1. საბოლოო შემოწმება
წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობამ უნდა გაიაროს საბოლოო შემოწმება, რათა შეფასდეს მისი შესაბამისობა წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებთან ვიზუალური და თანმხლები დოკუმენტების შემოწმების გზით. ასევე, შესაძლოა მხედველობაში იქნეს მიღებული წარმოების პროცესში განხორციელებული გამოცდები. საჭიროებისამებრ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოწყობილობის თითოეულ ნაწილზე საბოლოო შემოწმება უნდა განხორციელდეს, როგორც შიგნიდან ასევე, გარედან, როცა საჭიროა, წარმოების პროცესის დროსაც (მაგალითად, როდესაც მსგავსი შემოწმება საბოლოო შემოწმების გზით უკვე აღარ არის შესაძლებელი).
3.2.2. საკონტროლო გამოცდა
წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის საბოლოო შეფასება უნდა მოიცავდეს გამოცდას წნევის შეკავების უნარის ასპექტზე, რომელიც როგორც წესი ხორციელდება ჰიდროსტატიკურ წნევაზე გამოცდის ფორმით, სადაც ეს შესაძლებელია, წნევის ისეთი სიდიდით, რომელიც სულ მცირე უტოლდება ამ დანართის მე-7 მუხლის 7.4 ქვეპუნქტში მითითებულ სიდიდეს.
I კატეგორიის სერიულად წარმოებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის, აღნიშნული გამოცდა შესაძლებელია განხორციელდეს სტატისტიკურ საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, როდესაც ჰიდროსტატიკური გამოცდა ზიანის მომტანი ან არაპრაქტიკულია, შეიძლება განხორციელდეს სხვა სახის ტოლფასად მიჩნეული გამოცდები, ჰიდროსტატიკური წნევით გამოცდებისაგან განსხვავებული სხვა გამოცდების ჩატარებამდე, გამოყენებული უნდა იქნეს დამატებითი ზომები, როგორებიცაა არამრღვევი გამოცდები ან სხვა მსგავსი სარწმუნო მეთოდები.
3.2.3. უსაფრთხოების ხელსაწყოების შემოწმება
აგრეგატებისათვის, საბოლოო შეფასება ასევე უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ხელსაწყოების შემოწმებას რათა მოხდეს ამ დანართის მე-2 მუხლის 2.10 ქვეპუნქტში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემოწმება.
3.3. ნიშანდება და ეტიკეტის განთავსება
რეგლამენტის მე-12 მუხლში მითითებული ნიშანდების გარდა, წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) ყველა სახის წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის:
- წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მწარმოებლის დასახელება და მისამართი ან მისი იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, ხოლო შესაბამის შემთხვევებში, მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის ანალოგიური მონაცემები;
- წარმოების წელი;
- წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისი სახეობის მიხედვით, როგორიც არის ტიპი, სერიის ან პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი და სერიული ნომერი;
- არსებითი მაქსიმალური/მინიმალური დასაშვები ზღვრები;
ბ) წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის სახეობიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მისი უსაფრთხო მონტაჟის, ექსპლუატაციის ან გამოყენებისათვის და საჭიროებისამებრ, მოწყობილობის შენახვისა და პერიოდული შემოწმების შესახებ ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის:
- წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მოცულობა (V) გამოსახული ლიტრებში;
- მილგაყვანილობის ნომინალური ზომა DN;
- შემოწმებისას გამოყენებული წნევა (PT) გამოსახული - ბარებში და შემოწმების თარიღი;
- წნევა, რომელზეც დარეგულირებულია უსაფრთხოების მოწყობილობა, გამოსახული - ბარებში;
- წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის სიმძლავრე გამოსახული kW-ში;
- კვების დატვირთვა ვოლტებში (V);
- დანიშნულება;
- შევსების კოეფიციენტი გამოსახული კგ/ლ-ში (კილოგრამი/ლიტრთან);
- შევსების მაქსიმალური მასა გამოსახული კგ-ში (კილოგრამებში);
- წნევის ქვეშ მომუშავე ცარიელი მოწყობილობის მასა კგ-ში (კილოგრამებში);
- პროდუქტის ჯგუფი.
გ) საჭიროებისა და აუცილებლობის შემთხვევაში, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობაზე დამაგრებული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც მომხმარებლის ყურადღებას გაამახვილებენ მოწყობილობის არასწორი გამოყენების იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე.
ნიშანდება და სხვა სახის მოთხოვნილი ინფორმაცია მოცემული და დატანილი უნდა იქნეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობაზე ან მასზე საიმედოდ დამაგრებულ ეტიკეტზე, შემდეგი გამონაკლისებით:
- შესაძლებელია შესაბამისი დოკუმენტაციის გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული განმეორებითი ნიშანდება მოწყობილობის ცალკეულ ნაწილებზე, როგორიც არის მილგაყვანილობის კომპონენტები, რომლებიც მიეკუთვნება ერთსა და იმავე აგრეგატს. აღნიშნული დებულება ასევე განეკუთვნება GE ნიშანდებას და სხვა სახის ნიშანდებასა და ეტიკეტებს, რომლებიც მითითებულია წინამდებარე დანართში.
- იმ შემთხვევაში, როდესაც წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა ძალზე მცირე ზომის არის, მაგალითად, კომპონენტები, ინფორმაცია რომელზეც საუბარია „ბ“ ქვეპუნქტში შესაძლებელია დატანილი იქნეს ეტიკეტის მეშვეობით, რომელიც მიმაგრებულია თავად წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობაზე;
- ეტიკეტებზე ან სხვა ადექვატური საშუალებებზე შესაძლებელია დატანილი იქნეს მონაცემები შევსების მასის შესახებ და ასევე გამაფრთხილებელი მინიშნებები, რომლებიც მითითებულია (გ) ქვეპუნქტში, იმ პირობით, რომ მსგავსი მონაცემები მკაფიოდ წასაკითხი დარჩება დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის.
3.4. საექსპლუატაციო ინსტრუქციები
ა) როდესაც ხდება წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ბაზარზე განთავსება საჭიროების შემთხვევაში, მას თან უნდა ახლდეს, მოწყობილობის მომხმარებლისათვის გამიზნული, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა სახის საჭირო ინფორმაციის შემცველი ინსტრუქციები, რომლებიც მოიცავს:
- მონტაჟს, მათ შორის ცალკეული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების სხვადასხვა ნაწილების აწყობას;
- წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ან აგრეგატის მოქმედებაში მოყვანას;
- წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ან აგრეგატის გამოყენებას;
- წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ან აგრეგატის მომსახურებას მათ შორის მომხმარებლის მიერ მის შემოწმებას.
ბ) ინსტრუქციები ასევე უნდა მოიცავდეს იმ ინფორმაციას, რომელიც დატანილია თავად წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობაზე ამ დანართის მე-3 მუხლის 3.3. ქვეპუნქტის შესაბამისად, სერიული ნომერის გამოკლებით და საჭიროების შემთხვევაში, თან უნდა ახლდეს ტექნიკური დოკუმენტაცია, ნახაზები და დიაგრამები, რომლებიც თავის მხრივ აუცილებელია აღნიშნული ინსტრუქციების სრულყოფილად და მართებული გაგებისათვის;
გ) საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ინსტრუქციებში ასევე უნდა იყოს მითითება იმ საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის არასწორი გამოყენების შემთხვევაში, როგორც ეს მითითებულია ამ დანართის პირველი მუხლის 1.3 ქვეპუნქტში და კონსტრუქციის სპეციფიკურ მახასიათებლებზე ამ დანართის მე-2 მუხლის 2.2.3 ქვეპუნქტის შესაბამისა