2.1. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა დაპროექტებული უნდა იქნეს   სათანადოდ,  ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოწყობილობის უსაფრთხოება,  მისთვის განსაზღვრული  გამოყენების მთელი პერიოდის მანძილზე. დაპროექტების პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს  სათანადო უსაფრთხოების კოეფიციენტები  შესაბამისი აღიარებული მეთოდების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ადეკვატურ საიმედოობას მოწყობილობის  ნებისმიერი გაუმართაობის  შემთხვევაში.

2.2.  ადეკვატური მდგრადობის დაპროექტება

2.2.1. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები იმგვარად უნდა იყვნენ დაპროექტებულნი, რომ გაუძლონ ყველა შესაბამის დატვირთვას, რომლებიც შესაძლებელია წარმოიქმნას მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში და სხვა გონივრულად პროგნოზირებად სამუშაო პირობებში. კერძოდ კი, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი ფაქტორები:

ა) შიდა/გარე წნევა;

ბ) გარემოსა და  სამუშაო ტემპერატურები;

გ) სტატიკური წნევა და შიგთავსის მასა  სამუშაო და გამოცდის  პირობებში;

დ)  დატვირთვები მოძრაობისას, ქარისა და  მიწისძვრის ზემოქმედებისას;

ე)  რეაქციის ძალები და მომენტები, რომლებიც წარმოიქმნება  საყრდენებისაგან, სამაგრებისგან, მიერთებული ნაწილებისაგან, მილსადენებისაგან და ა.შ.;

ვ) კოროზია და ეროზია,  დაღლილობა ა.შ.;

ზ) არასტაბილური დენადი არეების დაშლა.

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა სხვა დატვირთვა, მათი ერთდროულად წარმოშობის ალბათობის გათვალისწინებით.

2.2.2.  ადეკვატური სიმტკიცისათვის დაპროექტება უნდა ეყრდნობოდეს:

ა) როგორც საერთო წესი, 2.2.3 ქვეპუნქტში აღწერილ გაანგარიშების მეთოდს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოყენებულ ექსპერიმენტალური დაპროექტების მეთოდს, როგორც ეს აღწერილია 2.2.4 ქვეპუნქტში;

ბ) დაპროექტების ექსპერიმენტალურ მეთოდს,  გაანგარიშების გარეშე, როგორც ეს აღწერილია 2.2.4 ქვეპუნქტში, როდესაც მაქსიმალურად დასაშვები წნევის PS და მოცულობის V ნამრავლი  ნაკლებია 6 000 -  ბარიXლიტრზე ან როდესაც PS X DN ნამრავლი ნაკლებია 3 000 - ბარზე.

2.2.3. გაანგარიშების  მეთოდი

ა)წნევის შეკავების უნარი და სხვა დატვირთვის ასპექტები

წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობისათვის დასაშვები დატვირთვები შეზღუდული უნდა იქნეს მოწყობილობის მოქმედების პირობებში გონივრულად პროგნოზირებადი  გაუმართაობის (ავარიული) სახეების გათვალისწინებით. აღნიშნული მიზნისათვის  გამოყენებული უნდა  იქნეს უსაფრთხოების ფაქტორები, რათა სრულიად გამოირიცხოს ნებისმიერი განუსაზღვრელობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წარმოებისას, მოწყობილობის რეალური გამოყენების პირობებში, გადატვირთვებისას, გაანგარიშების მოდელებში და მასალების თვისებებისა და მახასიათებლების  გათვალისწინებით.

აღნიშნულმა გაანგარიშების მეთოდებმა, მათი გამოყენების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების საკმარისი  სიმტკიცის მარაგი, რომელიც  შესაბამისობაში იქნება ამ დანართის მე-7 მუხლის მოთხოვნებთან.

ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია რომელიმე შემდეგი მეთოდის გამოყენებით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც სხვა მეთოდის დამატება ან სხვა მეთოდთან კომბინაციაში.

ა.ა) დაპროექტება ფორმულის გამოყენებით;

ა.ბ) დაპროექტება ანალიზის გამოყენებით;

ა.გ) დაპროექტება  რღვევის მექანიკის გამოყენებით.

ბ)სიმტკიცე

კონკრეტული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის სიმტკიცის განსაზღვრისათვის გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი საპროექტო  გაანგარიშებები. კერძოდ:

-   საანგარიშო წნევა არ უნდა იყოს მაქსიმალურად დასაშვებ წნევაზე  ნაკლები და მხედველობაში უნდა იქნეს  მიღებული დენადი არის  სტატიკური  და დინამიკური  წნევის სიდიდე  და არასტაბილური  დენადი არეების  დაშლის პროცესი. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭურჭელი დაყოფილია ცალკეულ ინდივიდუალურ წნევის შემცველ კამერებად, ტიხრების დაპროექტება უნდა მოხდეს კამერის უმაღლესი დასაშვები  წნევის და გვერდით მდებარე კამერის ყველაზე მცირე შესაძლო წნევის თანაფარდობის საფუძველზე;

-  საანგარიშო ტემპერატურები  უნდა  ითვალისწინებდეს შესაბამის სიმტკიცის მარაგს;

- პროექტირებისას  სათანადოდ უნდა  იქნეს გათვალისწინებული ტემპერატურისა და წნევის  ყველა  ის შესაძლო კომბინაცია, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მოწყობილობის გონივრულად პროგნოზირებადი ფუნქციონირების პირობების დროს;

-  მაქსიმალური  დატვირთვები და დატვირთვების   პიკური  კონცენტრაციები შენარჩუნებული უნდა იქნეს უსაფრთხოების საზღვრებში;

- წნევის  შეკავების უნარის   გამოთვლებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს      გამოყენებული მასალების მახასიათებლების მნიშვნელობები, რომლებიც  უნდა ეფუძნებოდეს დოკუმენტურად დასაბუთებულ მონაცემებს და ითვალისწინებდეს იმ დებულებებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ დანართის მე-4 მუხლში შესაბამის უსაფრთხოების ფაქტორებთან ერთად. გასათვალისწინებელი მასალების მახასიათებლები, საჭიროების შემთხვევაში მოიცავს შემდეგს:

-    დენადობის ზღვარი, 0.2% ან 1.0%-ის  პირობითი დენადობის ზღვარი  საჭიროების       მიხედვით  საანგარიშო  ტემპერატურაზე;

-   სიმტკიცის ზღვარი (გაჭიმვისას);

-   დროის ფაქტორზე დამოკიდებული სიმტკიცე, მაგალითად,  ცოცვადობა;

-   დაღლილობის მონაცემები;

-  იუნგის მოდული ( დრეკადობის მოდული);

-  პლასტიკური  დეფორმაციის შესაბამისი სიდიდე;

-  დარტყმითი სიმტკიცე;

-  რღვევის სიბლანტე;

-  სათანადო თვისებების მქონე მასალების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი შეერთების ფაქტორები, რომელიც დამოკიდებულია მაგ: არამრღვევი გამოცდის ტიპზე, შეერთების მასალებზე და გამიზნულ სამუშაო პირობებზე;

-   პროექტირებისას აუცილებელია სათანადოდ იქნეს   გათვალისწინებული ყველა გონივრულად პროგნოზირებადი  რღვევის მექანიზმი (მაგალითად, კოროზია,  ცოცვადობა, /დაღლილობა) მოწყობილობის გამიზნული გამოყენების თანაზომადად.

-  ამ  დანართის მე-3 მუხლის 3.4 ქვეპუნქტში მითითებულ ინსტრუქციებში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს  კონსტრუქციის კონკრეტული თავისებურებები,  რომლებიც დაკავშირებულია  მოწყობილობის  ექსპლუატაციის  ხანგრძლივობასთან, მაგალითად:

-   ცოცვადობისათვის: განსაზღვრულ ტემპერატურებზე  მუშაობისათვის დადგენილი  საათები;

-  დაღლილობისათვის: გაანგარიშებული ციკლების რიცხვი დადგენილ დაძაბულობის დონეებზე;

-   კოროზიისათვის:  კოროზიის საანგარიშო ნორმა;

გ) სტაბილურობის ასპექტი

როდესაც გაანგარიშებული სისქის მაჩვენებელი არ იძლევა ადეკვატური სტრუქტურული სტაბილურობის მიღწევის საშუალებას, მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი აუცილებელი  ზომები აღნიშნული მდგომარეობის გამოსასწორებლად, ტრანპორტირებისა და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისას არსებული რისკების  გათვალისწინებით.

2.2.4. ექსპერიმენტული დაპროექტების მეთოდი

მოწყობილობის პროექტი შეიძლება დამტკიცებული იქნეს, მთლიანად ან ნაწილობრივ, შესაბამისი საგამოცდო პროგრამის მეშვეობით, რომელიც განხორციელდა მოწყობილობის ან მოწყობილობის კატეგორიის ნიმუშზე.

საგამოცდო პროგრამა ნათლად და მკაფიოდ უნდა  იქნეს განსაზღვრული და ჩამოყალიბებული უშუალოდ გამოცდის განხორციელებამდე და მიღებული უნდა იქნეს შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის შესაბამისობის შეფასების მოდულზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

პროგრამაში განსაზღვრული უნდა იყოს გამოცდის პირობები და პროექტის მიღების ან უარყოფის კრიტერიუმები. იმ მასალების  ძირითადი პარამეტრების და მახასიათებლების მნიშვნელობები, რომლებისგანაც შედგება  გამოსაცდელი მოწყობილობა უნდა გაიზომოს გამოცდამდე.

იქ სადაც მიზანშეწონილია, გამოცდის განხორციელების დროს, შესაძლებელი უნდა იყოს  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის კრიტიკულ ზონებზე დაკვირვება შესაბამისი ინსტრუმენტებით, რომლებსაც შეუძლიათ  დატვირთვებისა  და დეფორმაციების ზემოქმედების საკმარისი სიზუსტით რეგისტრირება. საგამოცდო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) სიმტკიცის გამოცდას წნევაზე, რომლის მიზანია  შემოწმდეს, რომ მაქსიმალურად დასაშვებ წნევასთან მიმართებაში მოცემული სიმტკიცის მარაგის გათვალისწინებით განვითარებული წნევისას,  მოწყობილობაზე არ  აღინიშნება მნიშვნელოვანი გაჟონვა ან დეფორმაცია, რომელიც აჭარბებს  დადგენილ ზღვარს;

საგამოცდო წნევა უნდა განისაზღვროს იმ განსხვავებების საფუძველზე, რომლებიც არსებობს გეომეტრიული და მასალების მახასიათებლების მაჩვენებლების  შორის, ერთის მხრივ საგამოცდო პირობებისათვის და მეორეს მხრივ პროექტის მიზნისათვის. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საგამოცდო და საპროექტო ტემპერატურებს შორის განსხვავებები;

ბ) სათანადო გამოცდებს, იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არსებობს ცოცვადობის ან დაღლილობის რისკი. გამოცდები უნდა ეყრდნობოდეს მოწყობილობებისათვის განსაზღვრულ საექსპლუატაციო პირობებს, როგორებიცაა, მაგალითად მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულ ტემპერატურებზე, ციკლების რაოდენობა დაძაბულობების დადგენილ ზღვრებში და ა.შ.;

გ)  საჭიროების შემთხვევაში, დამატებით  გამოცდებს,  რომლებიც შეეხება ამ დანართის 2.2.1 ქვეპუნქტში მითითებულ ფაქტორებს, როგორებიცაა, კოროზია, გარეგანი დაზიანება და ა.შ.

2.3.  უსაფრთხო  მოპყრობისა და  ექსპლუატაციის უზრუნველყოფის  დებულებები

წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის  ექსპლუატაციისათვის განსაზღვრული მეთოდი უნდა გამორიცხავდეს ნებისმიერი სახის გონივრულად პროგნოზირებად რისკს მოწყობილობის  ექსპლუატაციის დროს. იქ, სადაც არსებობს ამის საჭიროება განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

-   დაკეტვისა და გაღების ოპერაციებს;

-   წნევის  დაწევისას  სარქველის საშიშ განტვირთვას;

-  მოწყობილობებს, რომლებიც ზღუდავენ ფიზიკურ წვდომას  წნევის ან ვაკუუმის არსებობისას;

-   ზედაპირის ტემპერატურას, მოწყობილობის დანიშნულებისამებრ  გამოყენების მხედველობაში მიღებით;

-  არასტაბილური დენადი არეების  დაშლას.

კერძოდ, ის  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია ლიუკით, ასევე აღჭურვილი უნდა იქნეს ავტომატური ან ხელით მართვადი ხელსაწყოთი, რომელიც საშუალებას მისცემს მოწყობილობის მომხმარებელს ადვილად დაადგინოს, რომ  ლიუკის გაღება არ ქმნის რაიმე საფრთხეს. გარდა აღნიშნულისა, იქ, სადაც ლიუკის გაღება სწრაფად არის შესაძლებელი, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ხელსაწყოთი, რომელიც გამორიცხავს მის გაღებას მაშინ, როდესაც დენადი არის წნევა ან ტემპერატურა წარმოადგენს საფრთხეს.

2.4. შემოწმების საშუალებები

ა)  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და აგებული, რომ შესაძლებელი იყოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი, ყველა სახის  შემოწმების განხორციელება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს მოწყობილობის შიდა მდგომარეობის განსაზღვრის საშუალებები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოწყობილობის უსაფრთხოების შენარჩუნება. ასეთი საშუალებები შეიძლება იყოს ლიუკები, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ფიზიკური შეღწევა  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობაში, რათა შესაბამისი სახის შემოწმებები განხორციელდეს უსაფრთხოდ და ერგონომიულად;

გ) ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის უსაფრთხო მდგომარეობის შემოწმების სხვა საშუალებები შემდეგ შემთხვევებში:

-    როდესაც მოწყობილობა ძალზე მცირე ზომის არის იმისათვის, რომ მოხდეს მასში ფიზიკური შეღწევა, ან

-   როდესაც  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის გახსნა უარყოფითად იმოქმედებს მის შიდა ნაწილზე, ან

-   როდესაც დასაბუთებულია, რომ ნივთიერება,  რომელსაც შეიცავს მოწყობილობა არ არის საზიანო იმ მასალებისათვის, რომლისგანაც დამზადებულია  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა და არც სხვა სახის შიდა  რღვევის  მექანიზმები არ არის გონივრულად მოსალოდნელი და

-   უსაფრთხოდ გაწმენდის, შემოწმებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის.

2.5.  დრენაჟისა და აირის გამოშვების საშუალებები

საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობისათვის დრენაჟისა და აირის გამოშვების ადეკვატური საშუალებები:

-   რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი  უარყოფითი ეფექტები როგორიც არის ჰიდრავლიკური დარტყმა, ვაკუუმური რღვევა, კოროზია და უკონტროლო ქიმიური რეაქციები. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ექსპლუატაციისა და გამოცდების ყველა ეტაპი, მათ შორის, წნევაზე  გამოცდა;

-   რათა შესაძლებელი იყოს  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის უსაფრთხოდ  გაწმენდა,  შემოწმება და ტექნიკური მომსახურება.

2.6.  კოროზია ან სხვა სახის ქიმიური  ზემოქმედება

აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კოროზიისაგან და სხვა ქიმიური ზემოქმედებისაგან დაცვის ადეკვატური საშუალებები, მოწყობილობის მიზნობრივი და გონივრულად  პროგნოზირებადი გამოყენების  გათვალისწინებით.

2.7.  ცვეთა

იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ეროზიისა და აბრაზიის მნიშვნელოვანი შემთხვევებს, მიღებული უნდა იქნეს ადეკვატური ზომები, რათა:

-   მოხდეს უარყოფითი გავლენის მინიმიზაცია სათანადო დაპროექტების მეშვეობით, მაგალითად, მასალების დამატებითი სისქით ან ამონაგის ან დასაფარი მასალების გამოყენებით;

-   შესაძლებელი იყოს იმ ნაწილების გამოცვლა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაზიანებულნი;

-    ყურადღება მიექცეს, ამ დანართის მე-3 მუხლის 3.4 ქვეპუნქტში მითითებულ ინსტრუქციებში არსებულ საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია მოწყობილობის ხანგრძლივი და უსაფრთხო გამოყენებისათვის.

2.8.  აგრეგატები

აგრეგატები იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებულნი, რომ:

-   ის კომპონენტები, რომელთა გაერთიანება უნდა მოხდეს ერთ აგრეგატად, შესაფერისი და საიმედონი იყვნენ მათ მიერ შესასრულებელ ამოცანასთან მიმართებაში;

-   ყველა კომპონენტი სათანადოდ უნდა იყოს ინტეგრირებული და შესაბამისი ხერხით  აწყობილი.

2.9. მოწყობილობის შევსებისა და დაცლის პირობები

გარემოების მიხედვით  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და  დაკომპლექტებული, ან მომზადებული შესაბამისი კომპონენტების დასაყენებლად,  რომ უზრუნველყოფილი იქნეს  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების უსაფრთხო შევსება და დაცლა შემდეგი საფრთხეების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით:

ა) შევსებისას:

-  გადავსება ან ზედმეტად დაწნევა შევსების კოეფიციენტისა და მითითებულ ტემპერატურაზე ორთქლის წნევის გათვალისიწებით;

-  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის არასტაბილურობა;

ბ)  დაცლისას: დაწნეული  დენადი არეების უკონტროლო გამოშვება;

გ)  შევსებისას და დაცლისას: საფრთხის შემცველი შეერთება ან განრთვა.

2.10. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის დასაშვები ზღვარის გადაჭარბებისაგან  დაცვა

იმ შემთხვევაში, როდესაც გონივრულად პროგნოზირებად პირობებში, დასაშვები ზღვრები შეიძლება გადაჭარბებული აღმოჩნდეს, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ან მიღებული უნდა იყოს შესაფერისი დამცავი ხელსაწყოებით აღჭურვის ზომები. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოწყობილობა გამიზნულია, რომ დაცული იქნება სხვა დამცავი ხელსაწყოებით უფრო რთული აგრეგატის შემადგენლობაში.

შესაფერისი დამცავი ხელსაწყო ან მსგავსი ხელსაწყოების კომბინაცია უნდა განისაზღვროს  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ან აგრეგატის კონკრეტული მახასიათებლების საფუძველზე.

აღნიშნული  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ან აგრეგატის შესაფერისი დამცავი ხელსაწყო ან მათი კომბინაცია მოიცავს:

ა) უსაფრთხოების კომპონენტებს, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დანართის პირველი მუხლის 2.1.3. ქვეპუნქტში,ბ) საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატურ მონიტორინგის ხელსაწყოებს, როგორებიცაა  ინდიკატორები და/ან განგაშის ხელსაწყოები, რომლებიც საშუალებას იძლევიან განხორციელებული იქნეს ადეკვატური მოქმედება ან ავტომატურად ან ხელით რათა  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მახასიათებლები შენარჩუნებული იყოს დასაშვები საზღვრების ფარგლებში.

2.11.  უსაფრთხოების  კომპონენტები

2.11.1. უსაფრთხოების  კომპონენტები  უნდა იყოს:

-   იმგვარად დაპროექტებული და აგებული, რომ იყოს საიმედო და შესაბამისი მათ მიერ განსახორციელებელ ამოცანებთან მიმართებაში და საჭიროების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ ხელსაწყოების ტექნიკური მომსახურებისა და საგამოცდო მოთხოვნები;

-  დამოუკიდებელი სხვა ფუნქციებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთ ფუნქციებს არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ხელსაწყოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციაზე;

-  შესაბამისობაში შესაფერის საპროექტო პრინციპებთან რათა უზრუნველყოს შესაფერისი და საიმედო დაცვა. აღნიშნული პრინციპები მოიცავს: უსაფრთხო რეჟიმებს გაუმართაობისას, გადატვირთვებსა და თვით-დიაგნოსტირებას.

2.11.2. წნევის შემზღუდავი ხელსაწყოები

აღნიშნული ხელსაწყოები იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული, რომ წნევამ ექსპლუატაციისას არ გადააჭარბოს მაქსიმალურად დასაშვებ წნევას  PS-ს; თუმცა, ზოგ შემთხვევაში, დასაშვებია წნევის ხანმოკლე გაზრდა ამ დანართის მე-7 მუხლის 7.3 ქვეპუნქტის სპეციფიკაციით განსაზღვრულ ფარგლებში.

2.11.3. ტემპერატურის მონიტორინგის ხელსაწყოები

აღნიშნული სახის ხელსაწყოებს უნდა გააჩნდეთ   რეაგირების ადეკვატური დრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც შესაბამისობაში იქნება გაზომვის ფუნქციასთან.

2.12. გარე ხანძარი

აუცილებლობის შემთხვევაში,  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და საჭიროების შემთხვევაში აღჭურვილი სათანადო კომპონენტებით, ან მიღებული  იქნეს მსგავსი მოწყობილობებით აღჭურვის ზომები, რათა დაკმაყოფილდეს  შესაძლო ზიანის შეზღუდვის მოთხოვნები გარეგანი ხანძარის შემთხვევაში, მისი მიზნობრივი გამოყენებიდან გამომდინარ