ნებისმიერ საქართველოს საწარმოს, რომელიც განიხილავს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურისათვის მომართვას, უფლება აქვს, განაცხადის წარდგენამდე შემოსავლების სამსახურთან მოითხოვოს შეხვედრა.
მოთხოვნა განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის თაობაზე უნდა გაიგზავნოს წერილობითი ფორმით შემოსავლების სამსახურის უფროსის სახელზე.
მოთხოვნის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის უფროსის უფლებამოსილი წარმომადგენელი (წარმომადგენლები) უნდა დაუკავშირდეს საქართველოს საწარმოს განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის ორმხრივად მისაღები დროის და ადგილის შესათანხმებლად.
საქართველოს საწარმო განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის განმავლობაში მომზადებული უნდა იყოს გამოხატოს საკუთარი წინასწარი მოსაზრებები ოპერაციების შეფასების მართებულ მექანიზმთან დაკავშირებით და გააჩნდეს მოლაპარაკებების საწარმოებლად საჭირო ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს საწარმომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ საკითხებზე:
ა) საქართველოს საწარმოს საქმიანობის დეტალები და დარგი, რომელშიც სავარაუდოდ განხორციელდება შეთანხმებით მოცული ოპერაცია;
ბ) მოცული ოპერაციების სავარაუდო ღირებულება;
გ) ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით მოცული საკითხების მასშტაბი (მაგ. რა უნდა იქნეს გათვალისწინებული და რა არა);
დ) შეთანხმებით მოცული შეთავაზებული პერიოდი;
ე) განმარტება, თუ გადასახადის გადამხდელი როგორ აპირებს აჩვენოს, რომ მისი შეთავაზება შესაბამისობაშია საბაზრო პრინციპთან;
ვ) ნებისმიერი სხვა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების დეტალური აღწერა.
საქართველოს საწარმო უფლებამოსილია, განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრა გამოიყენოს შემდეგი მიზნებისათვის:
ა) შეაფასოს და შეასუსტოს ნებისმიერი რისკი იმის შესახებ, რომ:
ა.ა) არ მოხდება ნებით ან უნებლიეთ ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციის (მაგალითად სავაჭრო საიდუმლოს) გამჟღავნება, რომელიც მიწოდებული იქნება ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების პროცესში;
ა.ბ) შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას გადასახადის გადამხდელის წინააღმდეგ საგადასახადო შემოწმების პროცესში, თუ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი არ იქნება წარმატებული;
ა.გ) წინა წლებში გამოყენებული ოპერაციების შეფასების პრაქტიკას შეიძლება საფრთხე შეექმნას ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შედეგით.
ბ) შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის შესაფასებლად, შემოთავაზებულ ოპერაციებთან მიმართებით საბაზრო პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით;
გ)ორმხრივი ან მრავალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის განსახილველად.
განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრა შეიძლება გულისხმობდეს ერთზე მეტ შეხვედრას საქართველოს საწარმოსა და შემოსავლების სამსახურის უფროსის სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) შორის.
საქართველოს საწარმო, რომელიც მონაწილეობს განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრაში, არ არის ვალდებული წარადგინოს განაცხადი ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით;
განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის დროს ან განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის უფროსის სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) უნდა აცნობოს საქართველოს საწარმოს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების განაცხადის მიღების შესაძლებლობის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლის (წარმომადგენლების) პოზიცია ამ მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად არ არის შემოსავლების სამსახურის უფროსის საბოლოო გადაწყვეტილების განმსაზღვრელი განაცხადის მიღების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლის (წარმომადგენლების) ან საქართველოს გადასახადის გადამხდელის მიერ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის განმავლობაში არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი არცერთი მხარისთვის