უფლებამოსილმა საქართველოს საწარმომ შეიძლება შეიტანოს განაცხადი ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მიღების მოთხოვნით ამ მუხლის შესაბამისად;

საქართველოს საწარმოს მოთხოვნა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით წერილობით უნდა წარედგინოს  შემოსავლების სამსახურის უფროსს და უნდა შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა საკითხს:

ა) შემოთავაზებული ოპერაციების დეტალებს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლში განსაზღვრული შედარებადობის ფაქტორების მითითებით;

ბ) დეტალურ ინფორმაციას ურთიერთდამოკიდებული საწარმოების შესახებ, რომლებიც ასეთი ოპერაციების მხარეებს წარმოადგენენ, საგადასახადო რეზიდენტობის მითითებით;

გ) საქართველოს საწარმოს სამეწარმეო მოდელის და დარგის აღწერას, რომელიც მნიშვნელოვანია მოცულ ოპერაციებთან მიმართებით;

დ) აღნიშნული შეთანხმებით მოცულ შემოთავაზებულ მასშტაბს და პერიოდს;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე–1291 მუხლების და ამ ინსტრუქციის გამოყენების სათანადო დეტალებს შეთანხმებით გათვალისწინებული ოპერაციების მიმართ, მათ შორის:

ე.ა) შემოთავაზებული შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების დეტალებს (ან შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების და ინფორმაციის წყაროს შერჩევის კრიტერიუმებს), რომელიც დადასტურებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად განხორციელებული შედარებადობის ანალიზით;

ე.ბ) შემოთავაზებულ შედარებადობის  შესწორებას;

ე.გ) შემოთავაზებული ოპერაციების შეფასების მეთოდს, რომელიც შერჩეულია ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად;

ე.დ) საჭიროების შემთხვევაში, შემოთავაზებულ შემოწმებულ მხარეს, რომელიც შერჩეულია ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის შესაბამისად;

ვ) შესაბამის ფინანსურ მონაცემებს წინა სამი წლისთვის (ან თუ სამეწარმეო საქმიანობის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა მთელი პერიოდის მონაცემებს) და გამოთვლებს დაგეგმილი ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენების საფუძველზე. თუ ამ გამოთვლების შედეგი განსხვავდება იმავე წლების საგადასახადო დეკლარაციებში მოცემული შედეგისგან, საქართველოს საწარმომ უნდა წარმოადგინოს განმარტება ასეთ განსხვავებასთან დაკავშირებით;

ზ) შემოთავაზებულ კრიტიკულ დაშვებებს (ამ ინსტრუქციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) რომელიც შესატანია ოპერაციების შეფასების წინასწარ შეთანხმებაში;

თ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს შემოსავლების სამსახურისათვის განაცხადის შეფასებისას.

განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნას ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, თუმცა როცა დოკუმენტების წარდგენა ხდება ინგლისურად, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) შეიძლება მოითხოვოს საწარმოსგან კონკრეტული დოკუმენტების თარგმნა ქართულ ენაზე. დოკუმენტაციის თარგმნა წარმოებს საქართველოს საწარმოს ხარჯზე.

განაცხადის წარდგენა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მიზნით ავტომატურად არ იწვევს საგადასახადო შემოწმების ჩატარებას. თუმცა, რამდენადაც ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების გასაფორმებლად განაცხადის წარდგენის პროცესი არ არის საგადასახადო შემოწმება, განაცხადის წარდგენა არ ზღუდავს შემოსავლების სამსახურის უფლებას ჩაატაროს იმ საქართველოს საწარმოს საგადასახადო შემოწმება, რომელსაც წარდგენილი აქვს განაცხად