1. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საბაგირო მოწყობილობის დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
2. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ სათანადო (დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად) დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის მიუხედავად საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
3. საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, მფლობელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს მის განკარგულებაში მყოფ საბაგირო მოწყობილობასთან დაკავშირებული ყველა საფრთხის შეფასება (რისკის ანალიზი) და აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიიღოს ზომები მომხმარებლების, დასაქმებულებისა და მესამე პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ბ) უზრუნველყოს საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია სათანადო კვალიფიკაციის მქონე პასუხისმგებელი და მომსახურე პერსონალით;
გ) დანიშნოს საბაგირო მოწყობილობის გამართულ მდგომარეობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების პირი - გზის უფროსი, რომელსაც აქვს უმაღლესი ტექნიკური განათლება ან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება და გააჩნია ბაგირგზაზე პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
დ) უზრუნველყოს საბაგირო მოწყობილობის პასუხისმგებელი და მომსახურე პერსონალის თანამდებობრივი და სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების ინსტრუქციების შემუშავება, პერსონალისთვის გაცნობა, ინსტრუქციების სრულყოფილობის ანალიზი და მათი შესრულებაზე კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში გადასინჯვა და შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარება;
ე) უზრუნველყოს პასუხისმგებელი და მომსახურე პერსონალის მიერ რეგლამენტისა და ინსტრუქციების მოთხოვნათა ცოდნის პერიოდული შემოწმება;
ვ) ავარიულ შემთხვევებში (საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობა, ელექტრო ენერგიის გამორთვა და სხვა.) საბაგირო მოწყობილობის სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი მგზავრების დროული განთავისუფლებისათვის საჭირო სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება;
ზ) მომხმარებლებისთვის საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხოდ გამოყენების ინსტრუქციის ხელმისაწვდომობა და მათ შესრულებაზე კონტროლი.
4. დაუშვებელია საბაგირო მოწყობილობის შენობა-ნაგებობების მზიდუნარიანობის დაუსაბუთებელი შემცირება.
5. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის პროცესში უწესივრობათა გამოვლენისას, აგრეთვე არსებული რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის დროს გზის უფროსმა უნდა მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გააჩეროს გზა. კერძოდ, გზის ექსპლუატაცია არ დაიშვება, როდესაც:
ა) გასულია მორიგი ტექნიკური შემოწმების ვადა;
ბ) არ ემსახურება სათანადო კვალიფიკაციის მომსახურე პერსონალი;
გ) მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა არ არის საიმედო და უსაფრთხო.
6. საბაგირო მოწყობილობას თან უნდა ახლდეს დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია. საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში, იგი უნდა აღდგეს დამამზადებლის მეშვეობით. თუ ეს შეუძლებელია ტექნიკური დოკუმენტაცია აღდგენილ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდგომში-სტანდარტი) მოთხოვნათა შესაბამისად.
7. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: თითოეული ქვესისტემის და მასში გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის დეკლარაციებსა და სერტიფიკატებს; აგების გეგმებს და გამოთვლებს; ელექტრონულ და ჰიდრავლიკურ სქემებს; მართვისა და კონტროლის წრედების სქემებს; კომპიუტერული და ავტომატური სისტემების აღწერილობას; ექსპლუატაციისა და მომსახურების ინსტრუქციებს; ქვესისტემებში გამოყენებული, უსაფრთხოების ანალიზის შედეგად გათვალისწინებულ უსაფრთხოების კომპონენტების ჩამონათვალს; გზის გეგმასა და პროფილებს; გზაზე სასწავლო სამაშველო ოპერაციის (სატრანსპორტო საშუალებებიდან მგზავრთა ევაკუაციის) ჩატარების ინსტრუქციებს. მომსახურებისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
8. საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია, რომლის წარმოება და განთავსება უნდა განხორციელდეს უშუალოდ ობიექტზე, დადგენილია სტანდარტით. საბაგირო მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია რისკის ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსის, მოცულობის და რაოდენობის საკმარისობა.
9. საბაგირო მოწყობილობის სადგურებში თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას: მგზავრთა გადაყვანის წესები; ვაგონით გადასაყვან მგზავრთა რიცხვი; გადასაყვან მგზავრთა მიმართ დაწესებული შეზღუდვები. წრიულ საბაგირო გზებზე, სადგურებთან ახლომდებარე საყრდენებზე საჭიროა გამოიკრას სავარძლებში მგზავრთა ქცევის საილუსტრაციო პლაკატები, აგრეთვე გამაფრთხილებელი წარწერები სავარძლებიდან მგზავრთა გადმოსვლის მომზადების შესახებ.
10. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციისას არსებული ფაქტობრივი პირობები (კლიმატური ფაქტორები, გარემოს აგრესიულობა, მუშაობის რეჟიმი, ქარის დატვირთვები, რაიონის სეისმურობა) არ უნდა იყოს უარესი იმ პირობებთან შედარებით, რომლებიც დადგენილია საბაგირო მოწყობილობის და მისი უსაფრთხოების კომპონენტებისათვის დამამზადებლის მიერ.
11. ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობებთან საბაგირო მოწყობილობის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია საბაგირო მოწყობილობის მფლობელი.
12. საბაგირო მოწყობილობის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
13. თუ საბაგირო მოწყობილობა დაპროექტებულია იმგვარად, რომ სატრანსპორტო საშუალებაში ჩარჩენილ მგზავრებს შეუძლიათ ჩამოსვლა/გადმოსვლა სხვა პირების დახმარების გარეშე, კაბინაში განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული ქმედებების შესრულების მკაფიო და თვალსაჩინო ინსტრუქციები.
14. მუშაობის დაწყების წინ საბაგირო მოწყობილობა უნდა გაისინჯოს უქმ სვლაზე, შემდეგ კი მოხდეს მისი დათვალიერება ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად. მგზავრთა გადაყვანის დაწყება დასაშვებია, თუ არ გამოვლინდა უწესივრობანი და დარღვევები. დათვალიერების შედეგები უნდა დაფიქსირდეს.
15. საგანგებო მდგომარეობის დროს (ქრიშხალი, ჭექა–ქუხილი, ზვავი და ა.შ) საბაგირო მოწყობილობის მუშაობის განახლებისას სავალდებულოა საკონტროლო გაშვება შესრულდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.
16. საბაგირო მოწყობილობა უნდა დაექვემდებაროს ტექნიკურ დიაგნოსტირებას სამუშაო რესურსის ამოწურვის შემთხვევაში, ხოლო შემდგომი დიაგნოსტირებას, შემოწმების დასკვნის შედეგებიდან გამომდინარ