1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. საერთაშორისო მიმოსვლის საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებზე (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალებები) დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია და დეზაქტივაცია მიმართულია საკარანტინო (შავი ჭირი, ქოლერა, ყვითელი ცხელება, მწვავე, მძიმე რესპირატორული სინდრომი, ყვავილი), კონტაგიოზური ვირუსულ-ჰემორაგული ცხელებების, მალარიისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა ინფექციური დაავადებების: ტილისმიერი ტიფი, პოლიომიელიტი, დიფთერია, ჯილეხი, ტულარემია, ლეპტოსპიროზი, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელებითი და პარაზიტული დაავადებების (შემდგომში – დაავადებები) გამომწვევების, სატრანსპორტო საშუალებებში მოხვედრილი მწერებისა და მღრღნელების გასანადგურებლად, დაბინძურებული სატრანსპორტო საშუალებებიდან რადიოაქტიური ნივთიერებების სხვადასხვა ხერხით მოსაცილებლად.

3. სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და სადეზაქტივაციო ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც ნებადართულია ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ, მეთოდები და აპარატურა, რომლებიც დაშვებულია „საერთაშორისო მიმოსვლის სატრანსპორტო საშუალებებზე დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციის, დეზაქტივაციის საქმის ორგანიზაციისა და განხორციელების წესებით“ (შემდგომში – სანიტარიული წესები).

4. სატრანსპორტო საშუალებებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და სადეზაქტივაციო სამუშაოები ტარდება წლის ნებისმიერ დროს.

5. სატრანსპორტო საშუალებებზე დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და დეზაქტივაციის ჩატარების დროს აუცილებელია სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილების ექიმი-სპეციალისტის დასწრება.

6. სატრანსპორტო საშუალებებზე სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და სადეზაქტივაციო სამუშაოებს ატარებენ სპეციალური მომზადების მქონე სპეციალისტები.

7. სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და სადეზაქტივაციო სამუშაოების ჩასატარებლად მომზადებული სპეციალისტები ექვემდებარებიან წინასწარ და პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას.

8. სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით.

9. სატრანსპორტო საშუალებების სადეზაქტივაციო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულების მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის, ასევე, რადიაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად.

10. სადეზაქტივაციო სამუშაოების მოცულობა, ხასიათი დამოკიდებულია რადიოაქტიური დაბინძურების მასშტაბზე. ბირთვული იარაღის გამოყენებისა და ატომური წარმოების ობიექტებზე მომხდარი ავარიის დროს რადიოაქტიური დაბინძურება დიდი მასშტაბისაა. ლოკალური დაბინძურების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება განვითარდეს რადიოაქტიური ნივთიერების სახალხო მეურნეობის ამა თუ იმ დარგში გამოყენების ყველა ეტაპზე, მათ შორის, მათი ტრანსპორტირებისას, სადეზაქტივაციო სამუშაოების მოცულობა მცირეა და მიმართულია უშუალოდ იმ ობიექტის გასუფთავებისაკენ, რომელმაც დაბინძურება განიცადა.

11. დეზაქტივაციის მეთოდებია:

ა) მექანიკური – ჩამობერტყვა, ჩამოფხეკვა, ცოცხით გასუფთავება, მტვერსასრუტით მტვრის გაწმენდა, წყლით ჩამორეცხვა და სხვ.;

ბ) ფიზიკური – განზავება, დალექვა, გადადენა, აორთქლება, დაყოვნება ნახევარდაშლის პერიოდის გათვალისწინებით (10 ნახევარდაშლის პერიოდი პრაქტიკულად ითვლება სრული დეზაქტივაციის ვადად) და სხვ.

გ) ქიმიური – სხვადასხვა სახის ქიმიური ნაერთის (ტუტეების, მჟავების, მარილების), საპნების, ხსნარების, კომპლექსწარმომქმნელი ნაერთებისა და სხვ. გამოყენება. ეს ხსნარები ისე უნდა შეირჩეს, რომ მასში გაიხსნას რადიოაქტიური ნივთიერება და შემდგომში აღარ მოხდეს ამ ხსნარებში რადიონუკლიდების გამოლექვა;

დ) ბიოლოგიური – დამყარებულია სხვადასხვა მიკროორგანიზმის (ბაქტერიების, პლანქტონების), ჰიდრობიონტებისა და ლამის მიერ რადიონუკლიდების შთანთქმაზე.;

ე) კომბინირებული – აღნიშნული მეთოდების კომბინაცია.

12. სადეზაქტივაციო საშუალებები არის მარტივი და რთული. მარტივი სადეზაქტივაციო საშუალება ერთი რომელიმე კომპონენტისგან შედგება (ტუტე, მჟავა, საპონი, ანიონიტი, კათიონიტი, კომპლექსწარმომქმნელი ნაერთი და სხვ.). რთულ ნაერთებს მიეკუთვნება სინთეზური სარეცხი საშუალებები, პასტები და სხვ.

13. სადეზაქტივაციო საშუალებები უფრო ხშირად გამოიყენება ხსნარების სახით, თუმცა შეიძლება მშრალიც იყოს. ამ შემთხვევაში გამოიყენება აპკის წარმომქმნელი ნივთიერება – პოლივინილაცეტატური ემულსია.

14. დეზაქტივაციის ეფექტურობის განმსაზღვრელია მისი დაწყების დრო: რაც უფრო ნაადრევადაა დაწყებული, მით ეფექტურია, ვინაიდან, დაყოვნების პირობებში დიფუზიის, ადსორბციის, აბსორბციის, იონგამცვლელი რეაქციების, ბიოლოგიური პროცესებისა და სხვათა გამო ზედაპირული დაბინძურება შეიძლება გადავიდეს სივრცობრივში, ხოლო ეს უკანასკნელი – სტრუქტურულშ