1. სანიტარიული წესები ეხება სასმელად და აგრეთვე საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოებაში გამოყენებული წყლების სინჯების აღებას.

2. სასმელი წყლის სინჯის აღების მიზანია:

ა) სასმელ-სამეურნეო წყლის მოსამზადებელი დანადგარების ან მათი ცალკეული კვანძების მუშაობის ეფექტურობის დადგენა და წყალსადენის გამანაწილებელ სისტემაში წყლის ხარისხის კონტროლი;

ბ) წყალსადენის გამანაწილებელ ქსელში დაბინძურების მიზეზის დადგენა;

გ) კოროზიის პროდუქტებით სასმელი წყლის შესაძლო დაბინძურების ხარისხის კონტროლი;

დ) გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების სასმელი წყლის ხარისხზე გავლენის შეფასება;

ე) კვების მრეწველობის საწარმოებაში გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი.

3. სინჯის აღების წინ უნდა დაიგეგმოს სინჯის აღების ადგილზე შესასრულებელი ანალიზები. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს შემდეგი მაჩვენებლები: სუნი, გემო, pH, მჟავიანობა (ტუტიანობა), ელექტროგამტარობა, წყლისა და ჰაერის ტემპერატურა, ასევე ქლორის, ოზონის, ჟანგბადის, ნახშირორჟანგის შემცველობა და უნდა მოხდეს სინჯის ვიზუალური შეფასება.

4. რეპრეზენტატული სინჯის მისაღებად:

ა) სინჯის აღება უნდა წარმოებდეს მილის იმ წერტილში, სადაც მყარი ნაწილაკები თანაბარზომიერად არის განაწილებული, ტურბულენტური ნაკადის მქონე სისტემებიდან, ჩამკეტებიდან, მოხრილობებიდან და სხვადასხვა დაბრკოლებიდან პრაქტიკულად მისაღებ დაშორებაზე, კერძოდ, მილის სწორ მონაკვეთზე;

ბ) აღების წერტილამდე სინჯი არ უნდა იცვლებოდეს. რეკომენდებული არ არის სინჯის აღება მილის გრძელი ჰორიზონტალური უბნებიდან ან მცირე დიამეტრის მქონე მილებიდან.

5. ფიზიკური, ქიმიური და რადიოლოგიური ანალიზისათვის სინჯის აღებისას ასაღებ ჭურჭელში წყალი უნდა ჩაედინებოდეს ნელა მის გადავსებამდე. ბოლომდე გავსებულ ჭურჭელს მჭიდროდ უნდა მოერგოს საცობი, ამასთანავე, არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის ბუშტები. ჟანგბადის ან ხსნადი გაზების განსაზღვრისათვის სინჯის აღება უნდა წარმოებდეს ჭურჭლში ფსკერამდე ჩაშვებული მილით, რომელიც შეერთებული უნდა იქნეს ონკანთან.

6. ბიოლოგიური ანალიზებისათვის სინჯების აღებისას, მყარი ნაწილაკების გამორეცხვის მიზნით, წყალი გამოშვებულ უნდა იქნეს გარკვეული სიჩქარით. სინჯის შესაგროვებლად გამოიყენება პოლიამიდის ბადე 150 მკმ ზომის უჯრედებით, ასევე შესაძლებელია უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული ბადის გამოყენება 0,5 მმ ზომის ნახვრეტებით.

7. მიკრობიოლოგიური სინჯების ასაღებად წყალი თავისუფლად უნდა გადმოედინებოდეს ონკანიდან ან წყლის გამოსაშვებიდან. სინჯის ასაღები ჭურჭლის შევსება უნდა წარმოებდეს უშუალოდ ონკანიდან. მეორადი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, სინჯის ასაღები ხვრელი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გასტერილდეს ალით ან სხვა ეფექტური მეთოდებით. სინჯის აღების შემდეგ ჭურჭელს მჭიდროდ უნდა დაეხუროს სტერილური საცობი.

ა) შევსების წინ ფართოყელიან, არანაკლებ 300 მლ მოცულობის მინის ჭურჭელს მილესილსაცობიანი თავსახურით, უნდა ჩაუტარდეს სტერილიზაცია ავტოკლავში 1200 C ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში და 20 კპ წნევისას. სინჯის ასაღებად ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი სტერილური ჭურჭელი.

8. ვირუსოლოგიური ანალიზისათვის სინჯის აღება უნდა წარმოებდეს მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის დადგენილი მოთხოვნების მიხედვით (მე-11 მუხლი, მე-7 პუნქტი