1. მეტროპოლიტენების გამოყენება მოსახლეობის დასაცავად რეკომენდირებულია არამარტო ომიანობის, არამედ მშვიდობიან დროს საგანგებო სიტუაციების წარმოქმნისას.
ა) მეტროპოლიტენის ხაზები და უბნები ომის დროს გამოყენებულ უნდა იქნას თავშესაფრებად და მოსახლეობის ევაკუაციისთვის, შესაფარებელი მოსახლეობის სავარაუდო კონტინგენტი და შევსების დრო ყველა სადგურისათვის განისაზღვრება ქალაქის საგანგებო შტაბის უფროსის მიერ.
ბ) შესაფარებელი მოსახლების რაოდენობა მეტროპოლიტენის ხაზებზე, უბნებზე და ყველა სადგურზე განისაზღვრება პროექტით.
2. ხალხის შეფარების დაგეგმვა დაშვებულია როგორც სადგურის პლატფორმებზე, ასევე გადასაყვან გვირაბებში, ჩიხებში, შემაერთებელ შტოებზე, დეპოებში და სხვა ნაგებობებში. მეტროპოლიტენში თავშეფარებულთა რაოდენობა განისაზღვრება ერთ ადამიანზე მოსული ფართობის ნორმით: ღრმა მდებარეობის გვირაბებში და სადგურებში იგი 1 კვმ-ს შეადგენს, ხოლო მცირე ჩაღრმავების გვირაბებში – 1,5 კვმ-ს.
3. მეტროპოლიტენს თავს აფარებენ დაწესებულებების უდიდეს ცვლაში მომუშავე მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც ომის დროს მუშაობას არ წყვეტენ და რომლებიც იმყოფებიან სადგურიდან არა უმეტეს 500 მ-ის რადიუსში, ასევე მოსახლეობა, რომელიც შეტყობინების დროს აღმოჩნდება მეტროპოლიტენში და სადგურიდან არაუმეტეს 500მ-ის რადიუსში. თავშესაფრისთვის განკუთვნილი მეტროპოლიტენის სადგურის შევსების დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წთ-ს. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ეს დრო გაიზარდოს 13 წთ-მდე.
4. მეტროპოლიტენის სადგურების შესასვლელების რაოდენობა განისაზღვრება მშვიდობიან დროს მოსალოდნელ მგზავრთა ნაკადის მიხედვით.
ა) მეტროპოლიტენის სადგურებში დაწესებულებების ტერიტორიებიდან დამატებითი შესასვლელების მოწყობა მეტროპოლიტენის თავშესაფრად გამოყენების მიზნით დასაშვებია შესაბამის უწყებებთან და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებისა და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე.
ბ) დამატებითი შესასვლელების მშენებლობა უნდა განხორციელდეს დაინტერესებული დაწესებულების ხარჯზე.
5. მეტროპოლიტენის ხაზების დაპროექტებისას, ყველა სახის საქალაქო ტრანსპორტისა და სარკინიგზო გზების გაფართოების შესაბამისად გათვალისწინებულ უნდა იქნას მეტროსა და რკინიგზის სადგურების ერთმანეთთან დაკავშირება.
6. მეტროპოლიტენის სამშენებლო კონსტრუქციები და დამცავი მოწყობილობები იანგარიშება ბირთვული აფეთქების დარტყმითი ტალღის ფრონტში ჭარბი წნევის ზემოქმედებაზე, ღრმა განთავსების ხაზებისთვის მისი მნიშვნელობა მიიღება 3კგძ/კვ.სმ-ის ტოლად, ხოლო მცირე ჩაღრმავების ხაზებისათვის–1კგძ/კვ.სმ-ის ტოლად. სარეზერვო ენერგო და ჰაერმომარაგება ხორციელდება დეცენტრალიზირებული სქემით შესაბამისად დიზელური ელექტროსადგურებიდან და ავტონომიური სავენტილაციო დანადგარებიდან.
7. მეტროპოლიტენის ხაზები და უბნები, რომლებიც მომარჯვებულია თავშესაფრებისთვის სპეციალური დამცავი ურდულებით დაყოფილი უნდა იყოს ნაკვეთურებად. მეტროპოლიტენის ის უბნები, რომლებიც განლაგებულია მდინარეების კალაპოტის ქვეშ, არამდგრად წყალშემცველ გრუნტებში და გამოიყენებიან როგორც საევაკუაციო გზები, დამცავი ურდულებით გამოყოფილი უნდა იყვნენ მეტროპოლიტენის თავშესაფრებად დაპროექტებული ნაგებობებისაგან.
8. საგანგებო სიტუაციებში მეტროპოლიტენის ოპერატიულად მართვის მიზნით გათვალისწინებული უნდა იყოს მიწისქვეშა ნაგებობაში განთავსებული სამეთაურო პუნქტი.
9. სპეციალური დამცავი ელექტრო, საჰაერო და წყალმომარაგების, მართვის, შეტყობინების, კავშირგაბმულობის, სანიტარულ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის საშუალებების ოდენობა განისაზღვრება მეტროპოლიტენში თავშესაფარებელი მოსახლეობის რაოდენობისა და თავშესაფარში მათი ყოფნის ხანგრძლივობის (არაუმეტეს 2 დღე-ღამისა) მიხედვით. ვენტილაციის სისტემების ჰაერშემკრებ და ჰაერგამწოვ არხებს, სპეცვენტილაციის გაზსაჰაერო ტრაქტებს, რომლებიც მიწის ზედაპირზე გამოდიან უნდა გააჩნდეს დარტყმითი ტალღის თავშესაფარში შეღწევისაგან დამცავი მოწყობილობა.
10. სადგურების შესასვლელებში მოთავსებული დამცავი ურდულები უნდა უზრუნველყოფდეს შესასვლელების მინიმალურ დროში (2 წთ) ჩაკეტვას.
11. ჩვეულებრივ რეჟიმში მეტროპოლიტენის ხაზების და უბნების ელექტრომომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარე ენერგოსისტემის წყაროდან, ხოლო თავშესაფრის რეჟიმში – დაცული დიზელური ელექტროსადგურებიდანაც.
12. მეტროპოლიტენებში შეფარებულების ჰაერით მომარაგება უნდა ხორციელდებოდეს როგორც დეცენტრალიზირებული ასევე ცენტრალიზირებული სისტემიდან, არსებული და დასაპროექტებელი ჰაერშემკრებიდან მფილტრავ-სავენტილაციო დანადგარების საშუალებით. მეტროპოლიტენებში მოთავსებული თავშესაფრების ვენტილაციის სისტემის მუშაობა გათვალისწინებული უნდა იყოს სუფთა ვენტილაციისა და მფილტრავ-ვენტილაციის რეჟიმში.
13. სავენტილაციო სისტემების დამცავი მოწყობილობები, ტექნოლოგიურად აუცილებელ ადგილებში აღჭურვილი უნდა იყოს დისტანციური მართვისა და საკონტროლო სიგნალიზაციის საშუალებები