1. წესების მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მოსარგებლე - პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “დ”-“ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილე;
ბ) ელექტროენერგიის მწარმოებელი - წარმოების ლიცენზიატი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური;
გ) მაძიებელი - გადამცემ ქსელთან მიერთების მსურველი;
დ) განმცხადებელი - მაძიებელი ან მოსარგებლე, რომელიც მიმართავს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის განაცხადით;
ე) მიერთების განაცხადი - ამ წესებით დადგენილი ფორმით შედგენილი წერილობითი მიმართვა ქსელთან მიერთების ან არსებული კავშირის მოდიფიკაციის შესახებ;
ვ) წლიური ანგარიში - ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის მუშაობის წლიური საექსპლუატაციო მონაცემები დადგენილი ფორმით;
ზ) დადგმული სიმძლავრე – აქტიური სიმძლავრე, რომლითაც მოწყობილობას შეუძლია ხანგრძლივად მუშაობა გადატვირთვის გარეშე, ტექნიკური პირობების ან საპასპორტო მონაცემების შესაბამისად;
თ) მომხმარებლის დატვირთვის ავტომატური გამორთვა - პროცესი, რომლის დროსაც ხდება წინასწარშერჩეული მომხმარებლის დატვირთვის ავტომატურად გათიშვა ავარიულ რეჟიმში;
ი) ძაბვის ავტომატური რეგულატორი - სისტემა, რომლის მიზანია სალტეზე ძაბვის დასაშვები სიდიდის შენარჩუნება, გენერატორის აგზნების დენის ავტომატური რეგულირებით ან/და ძალოვანი ტრანსფორამტორების ტრანსფორმაციის კოეფიციენტის ავტომატური ცვლილებით;
კ) სრული გათიშვა - სიტუაცია, როცა ელექტროენერგეტიკული სისტემა ჩამქრალია და შეუძლებელია მისი აღდგენა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ინსტრუქციების გარეშე;
ლ) ელექტროსადგური - ობიექტი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი ენერგობლოკი/აგრეგატისაგან და განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოებისათვის (გენერაციისთვის);
მ) სისტემის გაშვება ნულიდან - სრულად ჩამქრალი ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენა ისეთი ელექტროსადგურის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია მუშაობის დაწყება გარედან ელექტროენერგიის მიღების გარეშე;
ნ) გათიშვების დამტკიცებული გეგმა გენერაციის ობიექტებისათვის - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შემუშავებული გათიშვების გეგმა, რომელიც მოიცავს ენერგობლოკების/აგრეგატების გათიშვების პერიოდს 0 და 1 წლის განმავლობაში;
ო) გათიშვების დამტკიცებული გეგმა გადამცემი ქსელისათვის - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შემუშავებელი გათიშვების გეგმა, რომელიც მოიცავს გადამცემი ქსელის ელემენტების გათიშვების პერიოდს 0 წლის განმავლობაში;
პ) მიერთების ხელშეკრულება – ერთის მხრივ, განმცხადებელსა და, მეორეს მხრივ, გადაცემის ლიცენზიატსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრულია გადამცემ ქსელთან მიერთების ახალ წერტილებში მოსარგებლის ჩართვის პირობები და ვადები;
ჟ) მიერთების თარიღი – პროექტით გათვალისწინებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებისა და საექსპლუატაციოდ მზადყოფნის თარიღი;
რ) მიერთების წერტილი - წერტილი, სადაც მოსარგებლის აქტივები ფიზიკურად უერთდება გადამცემ ქსელს;
ს) კრიტიკული დატვირთვა - მდგომარეობა, როდესაც ქვესადგურების ელექტრომოწყობილობის/დანადგარების ან/და გადამცემი ხაზების დატვირთვა ხანგრძლივად დასაშვები სიმძლავრის 90%-100%-ის ფარგლებშია;
ტ) სკადა (SCADA) – მონაცემთა შეგროვებისა და კონტროლის სისტემა;
უ) მომხმარებლის დატვირთვის მართვა – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული რეჟიმის პირობებში მომხმარებლის დატვირთვის რეგულირება სიხშირის დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნების მიზნით;
ფ) პირდაპირ მიერთებული მომხმარებელი - გადამცემ ქსელში პირდაპირ ჩართული მომხმარებელი, გენერაციის და განაწილების კომპანიების გარდა;
ქ) ნორმალური რეჟიმი – ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია ყველა მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება მისი ხარისხის დასაშვები ზღვრების პირობებში;
ღ) ავარიული რეჟიმი – ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც დარღვეულია მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება და/ან ელექტოენერგიის ხარისხის მაჩვენებლები სცდება დასაშვებ ზღვრებს;
ყ) ელექტრომოწყობილობა - ელექტრული ნაკეთობების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოების, ტრანსფორმაციის, გადაცემის, განაწილების ან მოხმარებისთვის;
შ) ენერგობლოკი/აგრეგატი - დანადგარი, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოებისათვის და განთავსებულია სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურებში;
ჩ) გეგმური გათიშვა ფიქსირებული თარიღებით - ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გეგმური გათიშვა, რომლის ვადა წინასწარ განსაზღვრულია ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის მიერ და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა;
ც) გეგმური გათიშვა მოქნილი თარიღებით – ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გეგმური გათიშვა, რომლის ვადა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნით შეიძლება შეიცვალოს;
ძ) იძულებითი გათიშვა–ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გათიშვა დაზიანების ან რაიმე სხვა დაუგეგმავი მიზეზის გამო;
წ) სიხშირის კონტროლი – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის შენარჩუნება დასაშვები ზღვრული სიდიდეების ფარგლებში;
ჭ) სიხშირის რეგულირება – ენერგობლოკი/აგრეგატის აქტიური სიმძლავრის ავტომატური ცვლილება და/ან მოხმარების განტვირთვა;
ხ) ელექტროსადგურის მუშაობის გრაფიკი - ელექტროსადგურის საათობრივი წარმოების გეგმა;
ჯ) რემონტი – ეკონომიკურად მიზანშეწონილი სამუშაოთა კომპლექსი, რომელიმე ობიექტის (მოწყობილობა-დანადგარის) მუშაობისუნარიანი ან გამართული მდგომარეობის აღსადგენად;
ჰ) ელექტროენერგიის მწარმოებელი - პირი, რომელიც ფლობს და/ან მართავს ელექტროსადგურს;
ჰ1) წყვეტადი დატვირთვა - დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაითიშოს ავტომატურად ან ოპერატორის მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის აღდგენის ან კონტროლის მიზნით;
ჰ2) დატვირთვის შეზღუდვა - დატვირთვის შემცირება მომხმარებლის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინასწარ დაწესებული ლიმიტების ფარგლებში;
ჰ3) დატვირთვის ნებაყოფლობითი შემცირება - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შერჩეული მოსარგებლის მოთხოვნის ნებაყოფლობითი შეთანხმებული შემცირება სიხშირის მართვის ხელშესაწყობად;
ჰ4) რემონტების გეგმა - გეგმების ერთობლიობა, რომელიც შეთანხმებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და რომლებშიც მოცემულია გადაცემის ლიცენზიატის, ელექტროენერგიის მწარმოებლის, განაწილების ლიცენზიატის ან მომხმარებლის მოწყობილობათა გეგმური სარემონტო სამუშაოები;
ჰ5) მიერთების შეთავაზება - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინადადება განმცხადებლის ელექტრომოწყობილობათა გადამცემ ქსელზე მიერთებისათვის, რომელიც შეიცავს ტექნიკურ პირობას, მიერთების სავარაუდო თარიღსა, მიერთების ხელშეკრულების პროექტსა და მიერთების საფასურს;
ჰ6) ოპერატიული რეზერვი - გენერაციის აქტიური სიმძლავრის რეზერვი, რომელიც საჭიროა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის ავარიული ან შემთხვევითი შემცირების შედეგად ელექტროენერგეტიკული სისტემის პარამეტრების დასაშვებ ზღვრებში შესანარჩუნებლად;
ჰ7) ოპერირების დაწყების თარიღი - დღე, როცა ელექტრომოწყობილობა/დანადგარი ტესტირების გავლის შემდგომ მიიღება ექსპლუატაციაში;
ჰ8) საოპერაციო ტესტები - საოპერაციო პროცედურების ჩამოყალიბების, კორექტირებებისა და პერსონალის სწავლების მიზნით, აგრეთვე ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური რეჟიმიდან გადახრის პირობებში ოპერირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ჩატარებული ტესტები;
ჰ9) ელექტროენერგეტიკული სისტემა – ელექტროსადგურებისა და ელექტრული ქსელების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების უწყვეტი პროცესით და იმართება ერთიანი რეჟიმით;
ჰ10) პროექტის დაგეგმვის მონაცემები - მონაცემები, რომელთაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მოითხოვს მოსარგებლეებისგან ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციისას;
ჰ11) რეგისტრირებული სიმძლავრე (ქონებული სიმძლავრე) - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული სიმძლავრე, რომელიც წარმოადგენს ენერგობლოკის/აგრეგატის დადგმულ სიმძლავრეს გამოკლებული ენერგობლოკის/აგრეგატის იძულებით შეზღუდული სიმძლავრე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჰ12) რეგისტრირებული მონაცემები - სტანდარტული დაგეგმის ან დეტალური დაგემვის ის მონაცემები, რომელიც მიერთების შემდეგ ხდება ფიქსირებული;
ჰ13) რეგისტრირებული საოპერაციო მახასიათებლები - ენერგობლოკის/აგრეგატის ოპერირებისათვის საჭირო მახასიათებლების მნიშვნელობები, რომლებიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წესების თანახმად;
ჰ14) საიმედოობა - ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადობა წარმოქმნილი შეშფოთებების დროს;
ჰ15) დაგეგმვის სტანდარტული მონაცემები - ზოგადი მონაცემები, რომელთაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ყოველწლიურად სთხოვს მოსარგებლეებს დამტკიცებული ფორმით;
ჰ16) ელექტროდანადგარი - ურთიერთდაკავშირებული მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, გარდაქმნას, გადაცემას, განაწილებას, დაგროვებასა და მოხმარებას;
ჰ17) ქვესადგური - ელექტრომოწყობილობათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ქსელის კომუტაცია, ელექტროენერგიის მიღება, გარდაქმნა, ტრანსფორმაცია და განაწილება;
ჰ18) ტესტირების პროგრამა – პროცედურები, რომლებიც აკონკრეტებს შესაბამისი ქმედებების თანმიმდევრობას და დროს, რომლის მიხედვით უნდა ჩატარდეს სისტემის შესაბამისი ელემენტების ტესტირება;
ჰ19) ნულოვანი წელი (წელი 0) – ნიშნავს მიმდინარე კალენდარულ წელს, პირველი წელი (წელი 1) – მიმდინარე წლის მომდევნო კალენდარულ წელს, მეორე წელი (წელი 2) – პირველი წლის მომდევნო კალენდარულ წელს და ა.შ.;
ჰ20) საათობრივი მონაცემების მიწოდება - ელექტრული პარამეტრების მიწოდებას ყოველი ერთსაათიანი შუალედით;
ჰ21) ტექნიკური მომსახურება – ოპერაციების კომპლექსი ან ოპერაცია მოწყობილობის მუშაობის უნარიანობის ან გამართული მდგომარეობის შესანარჩუნებლად დანიშნულებისამებრ გამოყენების, მზადყოფნის, შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებში;
ჰ22) აქტიური ელექტრული ენერგია – ინტეგრალი აქტიური სიმძლავრე დროის მიხდევით;
ჰ23) აქტიური სიმძლავრე - უწყვეტი ენერგიის საშუალო დროის მიხედვით ელექტრული ტალღის ერთი პერიოდის მანძილზე;
ჰ24) რეაქტიული სიმძლავრე – ძაბვისა და დენის ნამრავლი გამრავლებული მათ შორის ფაზური კუთხის სინუსზე.
2. წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობებ