1. პირს კონსერვატორიის სტუდენტის სტატუსი ენიჭება კონსერვატორიაში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს კონსერვატორიასთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.
2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.
3. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და კონსერვატორიის ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, კანონმდებლობისა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, წარმომადგენლობით საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში;
ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, კონსერვატორიისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
თ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ი) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
კ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
4. კონსერვატორია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში