(1) ამ კონვენციით მინიჭებული დაცვის ვადა შეადგენს ავტორის სიცოცხლის მთელ პერიოდსა და ორმოცდაათ წელს მისი გარდაცვალების შემდეგ.
(2) მიუხედავად ამისა, კინემატოგრაფიული ნაწარმოებების შემთხვევაში, კავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ დაცვის ვადა იწურება ორმოცდაათი წლის შემდეგ მას მერე, რაც ნაწარმოები ავტორის თანხმობით ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის, ან – თუ ასეთი ნაწარმოების შექმნიდან ორმოცდაათი წლის განმავლობაში ეს ვერ განხორციელდა, – ნაწარმოების შექმნიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ.
(3) ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოებების შემთხვევაში, ამ კონვენციით მინიჭებული დაცვის ვადა იწურება ორმოცდაათი წლის შემდეგ, შემდეგ მას მერე რაც ნაწარმოები კანონიერად გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. თუმცა, თუ ავტორის ფსევდონიმი არ იწვევს ეჭვს მის ვინაობასთან დაკავშირებით, დაცვის ვადა შეადგენს (1) პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდს. თუ ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოების ავტორი გაამჟღავნებს თავის ვინაობას ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, გამოიყენება (1) პუნქტით დადგენილი დაცვის ვადა. კავშირის ქვეყნებს არ მოეთხოვებათ დაიცვან ანონიმურად ან ფსევდონიმით შესრულებული ნაწარმოებები, რომელთა მიმართაც არსებობს სრული საფუძველი ვარაუდისა, რომ მათი ავტორის გარდაცვალებიდან გასულია ორმოცდაათი წელი.
(4) ფოტოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ვადა განისაზღვრება კავშირის ქვეყნების კანონმდებლობით იმდენად, რამდენადაც ისინი დაცულია, როგორც მხატვრული ნაწარმოებები; თუმცა, ეს ვადა უნდა გაგრძელდეს ნაწარმოების შექმნიდან, სულ მცირე, ოცდახუთწლიანი პერიოდის ბოლომდე.
(5) ავტორის გარდაცვალების შემდეგ მინიჭებული დაცვის ვადა და (2), (3) და (4) პუნქტებით გათვალისწინებული ვადები აითვლება ავტორის გარდაცვალების ან ამ პუნქტებში მითითებული მოვლენის თარიღიდან, მაგრამ ასეთი ვადების ათვლის თარიღად ყოველთვის მიიჩნევა ავტორის გარდაცვალების ან ასეთი მოვლენის შემდგომი წლის 1 იანვარი.
(6) კავშირის ქვეყნებს შეუძლიათ დაადგინონ დაცვის ვადა, რომელიც აღემატება წინა პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებს.
(7) კავშირის ქვეყნებს, რომლებსაც ეკისრებათ ვალდებულებები ამ კონვენციის რომის აქტით, და რომლებიც ამ აქტის ხელმოწერის დროისათვის მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით ანიჭებენ დაცვის უფრო ხანმოკლე ვადებს, ვიდრე წინა პუნქტებშია გათვალისწინებული, უფლება აქვთ, ამ აქტის რატიფიკაციის ან მასთან შეერთების დროს, ძალაში დატოვონ ეს ვადები.
(8) ნებისმიერ შემთხვევაში ვადა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა. თუმცა, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეს ვადა არ აღემატება ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში დადგენილ ვადა