1. საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული კულტურული ღირებულების მქონე ნივთის გატაცების (დაკარგვა) შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანო მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით მიმართავს ბიუროს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნივთი გატანილ იქნა საქართველოს საზღვრებს გარეთ.
2. აღნიშნულ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:
ა) სისხლის სამართლის საქმის ფაბულა;
ბ) დაკარგული ნივთის 2 ფოტოსურათი (ფერადი);
გ) დაკარგული ნივთის ზუსტი აღწერილობა;
დ) იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც სავარაუდოდ იქნა ტრანსპორტირებული აღნიშნული ნივთი, თუ არსებობს ინფორმაცია ამის შესახებ;
ე) ასევე ყველა სხვა ინფორმაცია, რაც კი არსებობს აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით.
3. მოთხოვნა ბიუროში იგზავნება საქმისმწარმოებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ.
4. ბიურო შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) იღებს ზომებს მოთხოვნის შესასრულებლად;
ბ) ითხოვს დამატებით ინფორმაციას, თუ მოწოდებული მონაცემები არ არის საკმარისი საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად;
გ) არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, თუ იგი ეწინააღმდეგება ამ წესის მოთხოვნებს.
5. განსაკუთრებული კულტურული ფასეულობის მქონე გატაცებულ ნივთთან დაკავშირებით მოპოვებულ ყველა ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ ვის მიმართა შუამდგომლობით, აწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს ან გენერალურ სამდივნოს.
6. ინტერპოლის საინფორმაციო ქსელით აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აცნობებს ამის შესახებ ძებნის ინიციატორს.
7. მითითებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებების შესახებ ძებნის ინიციატორი დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს.
8. განსაკუთრებული კულტურული ფასეულობის ძებნა შეწყდება ძებნისმწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, როდესაც არსებობს ძებნის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
9. უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან განსაკუთრებული კულტურული ფასეულობის დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ბიურო ამოწმებს, შეიცავს თუ არა გზავნილი ყველა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა კულტურული ფასეულობის ძებნის განსახორციელებლად და დადებით შემთხვევაში გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამის ვადაში შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს მოთხოვნაში მითითებული ნივთის ძებნის განსახორციელებლად.
10. შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ძებნილი ნივთის აღმოჩენის ან მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს, რომელიც გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უგზავნის მოწოდებულ ინფორმაციას ძებნის ინიციატორ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიურო