ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პრივატიზება - ერედვის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის შესაბამისად;

ბ) საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა - ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ერედვის  მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი;

გ) პრივატიზაციის გეგმა -  მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის, პირობების გარეშე ან პირობებიანი აუქციონის, აუქციონის შედეგად მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ;

დ) აუქციონი - (პირობები ან პირობების გარეშე საჯარო აუქციონი, პირობებიან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, ვადა გაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) – აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და სხვ.) პრივატიზების საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე;

ე) პირობების გარეშე აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;

ვ) პირობებიანი აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;

ზ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, ერედვის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;

თ) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, ერედვის  მუნიციპალიტეტმა  მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;

ი) აუქციონატორი –ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ან  ერედვის  მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი) , რომლის მეშვეობითაც ხორციელდება  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის, საკრებულოს მიერ დადგენილი ფასით და პირობებით აუქციონის გზით რეალიზაცია, აუქციონატორი აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს, როგორც აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების მესაკუთრე;

კ) აუქციონის გამოცხადება - წარმოადგენს აუქციონატორის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ მოწვევას ოფერტზე (აუქციონზე);

ლ) მომხმარებელი - აუქციონატორის ვებგვერდზე (www.eauction.ge) დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება);

მ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის ჩატარების წესსა და აუქციონის პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საწყისი საპრივატიზებო საფასური და სხვა ინფორმაცია;

ნ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონის მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ო) საბანკო გარანტია – საბანკო გარანტია უზრუნველყოფს აუქციონის მონაწილის მიერ აუქციონატორის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წერილობითი ფორმით;

პ) აუქციონის მონაწილე - პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე -აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი.

ჟ) აუქციონში გამარჯვებული – პირი, რომელიც აუქციონის პროცესში გამოვლინდება გამარჯვებულად, რომელზეც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

რ) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი ერედვის მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე ქონება;

ს) საწყისი საპრივატიზებო საფასური – აუქციონზე გატანილ ლოტზე (მოძრავი და უძრავი ქონება, წილები, აქციები და სხვა), დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით დადგენილ საბაზრო ფასზე არანაკლები ოდენობით განსაზღვრული თანხის საფუძველზე, ერედვის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციის დასაწყებად, შემდგომი ვაჭრობისთვის; ლოტში რამდენიმე ქონების გაერთიანების შემთხვევაში, ლოტის საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ლოტში შემავალი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურების ჯამის ოდენობით.

ტ)სრული საპრივატიზებო საფასური – აუქციონის პროცესში დაფიქსირებული, ლოტის შეძენისთვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ. საპრივატიზებო საფასური არ მოიცავს აუქციონატორის მომსახურების საფასურს და განვადების საფასურს.

უ) სააუქციონო კონკურენცია – აუქციონის ერთი და იგივე ლოტზე განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად;

ფ) ბიჯი – ერედვის  მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას;

ქ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში ოქმი) - არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც გამოიცემა სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგები, ლოტის პრივატიზაციის ძირითადი პირობები, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და აუქციონატორი (მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე).

ღ) ხელშეკრულება - ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და შეიცავს ლოტის პრივატიზაციის პირობებს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ქონების შეძენის სხვა პირობებს.

ყ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა - აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც ქონების შემძენისათვის პრივატიზებული ქონების საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.

შ) მომსახურების საფასური – ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  დადგენილი თანხის ოდენობა, რომელსაც აუქციონში გამარჯვებული უხდის აუქციონატორს აუქციონის ჩატარებისა და შემდგომი მომსახურებისთვის, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე სრულ საპრივატიზებო საფასურთან ერთად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად;

ჩ) ბილინგის სისტემით გადახდა - ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც (www.eauction.ge) ვებგვერდზე განთავსებული გადახდის ფორმის - ინვოისის შესაბამისად ხორციელდება თანხის შესაბამისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ ასახვას აუქციონატორის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში