მუხლი 240. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლი · სასკ 240
თავი XVIII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი პირი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა მათი არსებობის შემთხვევაში.
21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, მისი პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევის ჩადენისთვის; მოწმის ან/და დაზარალებულის (არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ინფორმაცია. ამ ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
22. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ხელს აწერს მხოლოდ ამ კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს ოქმი გადაეცემა ან ეგზავნება სამართალდამრღვევს. თუ აღნიშნული ოქმის სამართალდამრღვევისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ოქმი ქვეყნდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე.
23. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მისი ამობეჭდვის შემთხვევაში. ამასთანავე, თუ სამართალდამრღვევს აქვს ახსნა-განმარტება, იგი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაერთვის და მასში არ აღინიშნება.
3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
4. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4684 – ვებგვერდი, 18.05.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6725 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით იყო შედგენილი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 აბზაცით, იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
…კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, მძღოლს ადგილზევე გამოეწერა საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შედგენილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
მოსარჩელისათვის შეუტყობინებლად, შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით, ვინაიდან ოქმის შედგენას არ ესწრებოდა დამრღვევი პირი და მოწმეები, რაც დასტურდება იმით, რომ ოქმზე არ არის მათი ხელმოწერები.
კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც შედგენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება იმის შესახებ, რომ საქმეში წარდგენილი ¹44/18 და ¹43/18 შეტყობინებებით დადასტურდა ა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 240. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-240/