1. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბიოუსაფრთხოებისა და სხვა ლაბორატორიული რისკების შეფასებისა და აღრიცხვის  შესაბამისი მეთოდების შემუშავება და დანერგვა. რისკის შეფასებისას უნდა მოხდეს რისკების კატეგორიზაცია და იმ რისკების იდენტიფიცირება, რომელთა აღმოფხვრა ან მართვაა საჭირო. ალბათობისა და სავარაუდო შედეგების აღწერის გარდა, რისკის შეფასებისას უნდა განისაზღვროს და შემდგომში გათვალისწინებულ იქნეს რისკის დასაშვები დონეები.

2. რისკის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პათოგენების რისკ-ჯგუფების განსაზღვრაა (იხ. მუხლი 20 და დანართები: 1 და 3). რისკის შეფასებისას კონკრეტული რისკ-ჯგუფისათვის მიკუთვნების გარდა, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი ფაქტორები:

ა) აგენტის პათოგენურობა და ინფექციური დოზა;

ბ) ექსპოზიციის პოტენციური შედეგი;

გ) ინფექციის გადაცემის ბუნებრივი გზა;

დ) ინფექციის გადაცემის სხვა გზები, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო პროცედურებთან (პარენტერალური, ჰაეროვანი, წვეთოვანი, პერორალური);

ე) აგენტის მდგრადობა გარემოში;

ვ) აგენტის კონცენტრაცია და კონცენტრირებული მასალის მოცულობა, რომელზეც უნდა განხორციელდეს მანიპულაციები;

ზ) შესაბამისი მასპინძელი (მიმღები) ორგანიზმის არსებობა (ადამიანი ან ცხოველი);

თ) ცხოველებზე განხორციელებული ცდებიდან მიღებული ინფორმაცია და ანგარიშები ლაბორატორიაში შეძენილი ინფექციებისა და კლინიკური მონაცემების შესახებ;

ი) დაგეგმილი ლაბორატორიული პროცედურები (სონიკაცია, აეროზოლიზაცია, ცენტრიფუგირება და სხვ.);

კ) ნებისმიერი გენეტიკური მანიპულაციები მიკროორგანიზმზე, რამაც შეიძლება გააფართოოს მასპინძლის დიაპაზონი ან შეცვალოს აგენტის მგრძნობელობა არსებული ეფექტიანი სამკურნალო საშუალების მიმართ;

ლ) ადგილობრივად ხელმისაწვდომი ეფექტიანი პროფილაქტიკა და თერაპიული ინტერვენცია (ჩარევა);

მ) ხელმისაწვდომი საინჟინრო-დამცავი მოწყობილობები და პირადი დამცავი აღჭურვილობა, პერსონალის კვალიფიკაცია და შენობის დიზაინი.

3. რისკის შეფასებისთვის არსებული სხვადასხვა მეთოდიდან (ხარისხობრივი, ნახევრადრაოდენობრივი ან რაოდენობრივი) აუცილებელია სიტუაციის შესაბამისი მეთოდის შერჩევა და გამოყენება. კონტროლის ზომების განსაზღვრისა და დანერგვის შემდგომ უნდა მოხდეს რისკების ხელახალი შეფასება, რათა დადგინდეს, არის თუ არა რისკი დასაშვები, არსებობს თუ არა კონტროლის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების  საჭიროებ