1.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სწორად წარმოების კონტროლის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნით მიმართვის შემთხვევაში (გარდა ავტომატური დაბრუნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის თანხის დაბრუნების და საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში თანხის დაბრუნების შემთხვევებისა), საგადასახადო ორგანო ახორციელებს ბარათზე ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას.

2. გადასახადის გადამხდელის ბარათზე ასახული მონაცემების სისწორის შესწავლით უნდა დადგინდეს ბარათზე დარიცხული, შემცირებული და ბიუჯეტში ჩარიცხული გადასახადის თანხების შესახებ წარმოებული ჩანაწერების სისრულე და სისწორე.

3. ბარათზე ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, შემოსავლების სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებში უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში, ხდება შესაბამის პირველად დოკუმენტებში ასახული მონაცემების ბარათზე ასახვის სისწორის დადგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით. ამ მიზნით პირველადი დოკუმენტები მოიცავს: საგადახდო დავალებას, საგადასახადო/საბაჟო დეკლარაციას, დაზუსტებულ საგადასახადო დეკლარაციას, დასკვნას ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი საგადახდო დავალება სახელმწიფო ხაზინაში გაიგზავნა ელექტრონულად, გადაწყვეტილებებს სავარაუდო დარიცხვის, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ან შემცირებული თანხების, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით დარიცხული ან შემცირებული თანხების, საგადასახადო დავალიანების დაფარვის ვადის გაგრძელების შესახებ, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს დადგენილებას ან განჩინებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ მიწოდებულ ელექტრონულ შეტყობინებას ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ყოველი საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ განახორციელოს ბარათებზე ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რაც გულისხმობს გამოვლენილი უზუსტო ჩანაწერების პროგრამულ იდენტიფიცირებას, გადამოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, მათ კორექტირებას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანომ შესაძლებელია განახორციელოს ბარათზე დარიცხული, შემცირებული, ბიუჯეტში ჩარიცხული და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული გადასახადის თანხების შესახებ წარმოებული ჩანაწერების სისწორის შესწავლა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 ოქტომბრის
ბრძანება
№31086
- ვებგვერდი, 20.10.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 4 ნოემბრის
ბრძანება
№34600
- ვებგვერდი, 01.12.2021