პერსონალურ მონაცემთა გადაცემა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა აუცილებელია საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის მიერ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და დაცვა უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. დამატებით გამოიყენება შემდეგი პრინციპები:
a) პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანი და კანონიერი გზით;
b) პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული და ლეგიტიმური მიზნით და შემდგომში არ უნდა დამუშავდეს ამ მიზნისთვის შეუთავსებელი გზით არც გადამცემი ორგანოს და არც მიმღები ორგანოს მიერ;
c) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი და არ უნდა სცდებოდეს იმ მიზანს, რისთვისაც მოხდა მათი შეგროვება და/ან შემდგომი დამუშავება; კერძოდ, გადაცემული პერსონალური მონაცემები შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ შემდეგს:
(i) გადასაცემი პირის დეტალები (მაგ., სახელი, გვარი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია ან მეტსახელი, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა);
(ii) პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მართვის მოწმობა (ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო და გაცემის ადგილი);
(iii) გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები;
(iv) სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოცნობისთვის ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების შემოწმებისთვის;
d) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა განახლდეს;
e) პერსონალური მონაცემები შენახულ უნდა იქნეს ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია იმ მიზნის შესასრულებლად, რისთვისაც მოხდა აღნიშნულ მონაცემთა შეგროვება, ან ხდება მათი შემდგომი დამუშავება;
f) როგორც გადამცემმა ორგანომ, ასევე მიმღებმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა საჭიროებისამებრ შესწორება, წაშლა ან ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება არ ხორციელდება წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად, კერძოდ, თუ აღნიშნული მონაცემები არ არის ადეკვატური, შესაბამისი, ზუსტი, ან სცილდება იმ მიზანს, რისთვისაც ხდება მათი დამუშავება. აღნიშნული ითვალისწინებს მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის მონაცემთა ნებისმიერი შესწორების, წაშლის ან ბლოკირების შესახებ შეტყობინების გაგზავნას;
g) მოთხოვნის შემთხვევაში მიმღებმა ორგანომ გადამცემ ორგანოს უნდა აცნობოს გადაცემული მონაცემების გამოყენების და მისგან მიღებული შედეგების შესახებ;
h) პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისთვის მათი შემდგომი გადაცემა საჭიროებს გადამცემი ორგანოს წინასწარ თანხმობას;
i) გადამცემ და მიმღებ ორგანოებს ეკისრებათ პერსონალურ მონაცემთა გადაცემის და მიღების წერილობითი აღრიცხვის ვალდებულებ