წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

1. „გენერაცია“ ნიშნავს ელექტროენერგიის წარმოებას;

2. „მწარმოებელი“ ნიშნავს ელექტროენერგიის მწარმოებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;

3. „გადაცემა“ ნიშნავს ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას ზემაღალი და მაღალი ძაბვის ურთიერთდაკავშირებული სისტემით მისი საბოლოო მომხმარებლამდე ან გამანაწილებლებამდე მიტანის მიზნით, მაგრამ არ მოიცავს მიწოდებას;

4. „გადამცემი სისტემის ოპერატორი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია მოცემულ ტერიტორიაზე გადამცემი სისტემის მუშაობაზე, მის ტექნიკურ უზრუნველყოფასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის განვითარებაზე და, სადაც შესაძლებელია მის ურთიერთდაკავშირებაზე სხვა სისტემებთან, და სისტემის მიერ ელექტროენერგიის გადაცემის გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების გრძელვადიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე;

5. „განაწილება“ ნიშნავს ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას მაღალი ძაბვის, საშუალო ძაბვისა და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი სისტემებით ელექტროენერგიის მომხმარებლამდე მიტანის მიზნით, რომელიც არ მოიცავს მიწოდებას;

6. „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია მოცემულ ტერიტორიაზე გამანაწილებელი სისტემის მუშაობაზე, მის ტექნიკურ უზრუნველყოფასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის განვითარებაზე და, სადაც მიზანშეწონილია მის ურთიერთკავშირზე სხვა სისტემებთან, და სისტემის მიერ ელექტროენერგიის განაწილების გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილების გრძელვადიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე;

7. „მომხმარებელი“ ნიშნავს ელექტროენერგიის საბითუმო ან საბოლოო მომხმარებელს;

8. „საბითუმო მომხმარებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას მისი შემდგომი გადაყიდვის მიზნით იმ სისტემის შიგნით ან გარეთ, სადაც ის დაფუძნებულია;

9. „საბოლოო მომხმარებელი“ ნიშნავს მომხმარებელს, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის;

10. „საყოფაცხოვრებო მომხმარებელი“ ნიშნავს მომხმარებელს, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის, გარდა კომერციული ან პროფესიული საქმიანობისა;

11. „არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის, და მოიცავს მწარმოებლებს და საბითუმო მომხმარებლებს;

12. „უფლებამოსილი მომხმარებელი“ ნიშნავს მომხმარებელს რომელსაც შეუძლია შეიძინოს ელექტროენერგია მის მიერ შერჩეული მიმწოდებლისგან, 33-ე მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელობით;

13. „ურთიერთდამაკავშირებელი“ ნიშნავს აღჭურვილობას, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგეტიკული სისტემების დასაკავშირებლად;

14. „ურთიერთდაკავშირებული სისტემა“ ნიშნავს გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთი ან მეტი ურთიერთდამაკავშირებლით;

15. „პირდაპირი ხაზი“ ნიშნავს ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც იზოლირებული გენერაციის წყაროს აკავშირებს იზოლირებულ მომხმარებელთან, ან ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც აკავშირებს ელექტროენერგიის მწარმოებელსა და ელექტროენერგიის მიმწოდებელ საწარმოს, მათი შენობებისთვის, შვილობილი კომპანიებისთვის და უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების მიზნით;

16. „ეკონომიკური უპირატესობა“ ნიშნავს ელექტროენერგიის მიწოდების წყაროთა რანჟირებას ეკონომიკური კრიტერიუმების მიხედვით;

17. „დამხმარე მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, რომელიც საჭიროა გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ფუნქციონირებისთვის;

18. „სისტემის მომხმარებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის გადამცემ ან გამანაწილებელ სისტემას, ან, რომელსაც მიეწოდება ელექტროენერგია გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემიდან;

19. „მიწოდება“ ნიშნავს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვას, ელექტროენერგიის გადაყიდვის ჩათვლით;

20. „ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო“ ნიშნავს ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ საწარმოს;

21. „ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო“ ნიშნავს ელექტროენერგეტიკულ საწარმოს ან ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ჯგუფს, სადაც ერთი და იგივე პიროვნება ან პიროვნებები არიან უფლებამოსილნი პირდაპირ ან არაპირდაპირ განახორციელონ კონტროლი, და, როდესაც საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემის ან განაწილების რომელიმე ფუნქციას და გენერაციისა და მიწოდების რომელიმე ფუნქციას მაინც;

22. „დაკავშირებული საწარმო“ ნიშნავს შვილობილ საწარმოებს საბჭოს 1983 წლის 13 ივნისის მეშვიდე დირექტივის 83/349/EEC13 41-ე მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელობით, კონსოლიდირებული ანგარიშების შესახებ ხელშეკრულების14 44(2)-ე მუხლის (g) ქვეპუნქტის საფუძველზე, და/ან ასოცირებულ საწარმოებს ამავე დირექტივის 33(1)-ე მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელობით, და/ან საწარმოებს რომლებიც ეკუთვნის ერთსა და იმავე აქციონერებს;

23. „ჰორიზონტალურად ინტეგრირებული საწარმო“ ნიშნავს საწარმოს, რომელიც ახორციელებს რეალიზაციის, ან გადაცემის, ან განაწილების, ან მიწოდების მიზნით გენერაციის მინიმუმ ერთ-ერთ ფუნქციას და სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის დაკავშირებული ელექტროენერგეტიკულ საქმიანობასთან;

24. „სატენდერო პროცედურა“ ნიშნავს პროცედურას, რომელთა საშუალებითაც დაგეგმილი დამატებითი მოთხოვნები და სიმძლავრის ჩანაცვლება იფარება ახალი ან არსებული გენერაციის სიმძლავრეებიდან მიწოდებით.

25. „გრძელვადიანი დაგეგმვა“ ნიშნავს გენერაციის, გადაცემისა და განაწილების სიმძლავრეებში ინვესტირების საჭიროების დაგეგმვას ხანგრძლივი ვადით, ელექტროენერგეტიკული სისტემის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მომხმარებლისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით;

26. „მცირე იზოლირებული სისტემა“ ნიშნავს ნებისმიერ სისტემას, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება 1996 წელს იყო 3000 გგვტ/სთ-ზე ნაკლები და, სადაც ყოველწლიური მოხმარების 5%-ზე ნაკლები მიიღება სხვა სისტემებთან ურთიერთკავშირით;

27. „მიკრო იზოლირებული სისტემა“ ნიშნავს ნებისმიერ სისტემას, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება1996 წელს იყო 500 გგვტ/სთ-ზე ნაკლები და რომელიც არ უკავშირდება სხვა სისტემებს;

28. „უსაფრთხოება“ ნიშნავს ელექტროენერგიის მიწოდებისა და უზრუნველყოფის უსაფრთხოებას, და ტექნიკურ უსაფრთხოებას;

29. „ენერგოეფექტურობა/ენერგიის მოხმარების მართვა“ ნიშნავს გლობალურ ან ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობასა და ვადებზე ზეგავლენის მოხდენას, რათა შემცირდეს ენერგიის პირველადი მოხმარება და პიკური დატვირთვა გენერაციის სიმძლავრის გაზრდაში ინვესტირებასთან შედარებით უპირატესობის მინიჭებით ინვესტირებისთვის ენერგოეფექტურობის ღონისძიებებში ან სხვა ღონისძიებებში როგორიცაა წყვეტილი მიწოდების კონტრაქტები, თუ პირველი არის ყველაზე ეფექტური და ეკონომიური არჩევანი, ენერგიის შემცირებული მოხმარების გარემოზე დადებითი ზეგავლენის, მიწოდების უსაფრთხოებისა და მასთან დაკავშირებული განაწილების ხარჯების ასპექტების გათვალისწინებით;

30. „განახლებადი ენერგიის წყარო“ ნიშნავს ენერგიის განახლებად, არაწიაღისეულ წყაროებს (ქარის, მზის, გეოთერმული, ტალღის, მოქცევითი, ჰიდრო, ბიომასის, ნაგავსაყრელის აირის, საკანალიზაციო წყლების გადამამუშავებელი დანადგარით მიღებული აირისა და ბიოაირის ენერგია);

31. „განაწილებული გენერაცია“ ნიშნავს განაწილების სისტემასთან დაკავშირებულ გენერაციის სადგურებს;

32. „ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება“ ნიშნავს ხელშეკრულებას ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, რომელიც არ მოიცავს ელექტროენერგეტიკულ დერივატივებს;

33. „ელექტროენერგეტიკული დერივატივი“ ნიშნავს ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 21 აპრილის დირექტივის 2004/39/EC15 I დანართის C ქვეთავის მე-5, მე-6 ან მე-7 ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფინანსურ ინსტრუმენტს, თუ ეს ინსტრუმენტი დაკავშირებულია ელექტროენერგიასთან;

34. „კონტროლი“ ნიშნავს უფლებებს, ხელშეკრულებებს ან ნებისმიერ სხვა საშუალებას, რომლებიც ერთად ან ცალ-ცალკე და მასთან დაკავშირებული ფაქტებისა და კანონის საფუძველზე იძლევა საწარმოზე გადამწყვეტი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას, განსაკუთრებით კი:

(a) საწარმოს ყველა აქტივის ან მათი ნაწილის ფლობის ან მათი გამოყენების უფლების საშუალებით;

(b) უფლებების ან ხელშეკრულებების საშუალებით, რომლებიც გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს საწარმოს სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობაზე, ხმის უფლებებზე ან გადაწყვეტილებაზე.

35. „ელექტროენერგეტიკული საწარმო“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან შესყიდვის მინიმუმ ერთ-ერთ ფუნქციას და პასუხისმგებელია ზემოაღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან ტექნიკური მომსახურების საქმიანობის განხორციელებაზე, გარდა საბოლოო მომხმარებლებისა.

თავი II

სექტორის ორგანიზების ზოგადი წესე