1. თავიანთი ინსტიტუციური მოწყობის საფუძველზე და სუბსიდიარულობის პრინციპის გათვალიწინებით, მე-2 პუნქტის შეუზღუდავად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ელექტროენერგეტიკული საწარმოების მუშაობა ამ დირექტივის პრინციპების დაცვით, კონკურენტული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი ელექტროენერგიის ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით, და არ უნდა მოახდინონ დისკრიმინაცია ამ საწარმოებს შორის მათ უფლებებთან თუ ვალდებულებებთან მიმართებაში.
2. დამფუძნებელი ხელშეკრულების შესაბამისი დებულებების, განსაკუთრებით კი ხელშეკრულების 86-ე მუხლის სრულიად გათვალისწინებით, საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოქმედ საწარმოებს დააკისრონ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს უსაფრთხოებას, მათ შორის მიწოდების უსაფრთხოებას, რეგულარულობას, მიწოდების ხარისხსა და ფასს და გარემოს დაცვას, მათ შორის ენერგოეფექტურობას, განახლებადი წყაროებიდან მისაღებ ენერგიასა და კლიმატის დაცვას. აღნიშნული ვალდებულებები უნდა იყოს ნათლად ჩამოყალიბებული, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, შემოწმებადი და უნდა უზრუნველყოფდეს გაერთიანების ელექტროენერგეტიკული საწარმოების თანაბარ წვდომას მომხმარებლებზე ქვეყნის მასშტაბით. ამ პუნქტის შესაბამისად მიწოდების უსაფრთხოებასთან, ენერგოეფექტურობასთან/ენერგიის მოხმარების მართვასთან დაკავშირებით და გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მისაღები ენერგიის მიზნებისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განახორციელონ გრძელვადიანი დაგეგმვა, სისტემაზე დაშვების მსურველი მესამე მხარის შესაძლო არსებობის გათვალისწინებით.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის და, თუ წევრი სახელმწიფოები საჭიროდ ჩათვლიან, მცირე საწარმოების (კერძოდ საწარმოების, სადაც დასაქმებულია 50-ზე ნაკლები ადამიანი და რომლის წლიური ბრუნვა ან ბალანსი არ აღემატება 10 მილიონ ევროს) მიერ უნივერსალური მომსახურებით სარგებლობა, რაც გულისხმობს თავიანთ ტერიტორიაზე გარკვეული ხარისხის ელექტროენერგიის მიწოდების უფლებას გონივრულ, ადვილად და ნათლად შედარებად, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ ფასად. უნივერსალური მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა განსაზღვროს გარანტირებული მიმწოდებელი. წევრმა სახელმწიფოებმა გამანაწილებელ კომპანიებს უნდა დააკისრონ მათ ქსელზე მომხმარებლების მიერთების ვალდებულება 37(6)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის თანახმად დადგენილი პირობებისა და ტარიფების საფუძველზე. ეს დირექტივა ხელს არ უშლის წევრ სახელმწიფოს საყოფაცხოვრებო, მცირე და საშუალო მომხმარებლების საბაზრო პოზიციის გამყარებაში, მომხმარებელთა ამ კლასის წარმომადგენლების ნებაყოფლობითი გაერთიანების შესაძლებლობისთვის ხელის შეწყობის გზით.
პირველი ქვეაბზაცი უნდა განხორციელდეს გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის საფუძველზე და არ უნდა შეაფერხოს ბაზრის გახსნა 33-ე მუხლის თანახმად.
4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა მომხმარებელს ჰქონდეს მიმწოდებლისგან ელექტროენერგიის მიღების უფლება, მიმწოდებლის თანხმობის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ სახელმწიფოშია მიმწოდებელი დარეგისტრირებული, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი იცავს ვაჭრობისა და დაბალანსების წესებს. ამ მხრივ, წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს, რომ ადმინისტრაციული პროცედურები არ ახდენდეს სხვა წევრ სახელმწიფოში უკვე რეგისტრირებული მიმწოდებელი საწარმოების დისკრიმინაციას.
5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ:
(a) თუ სახელშეკრულებო პირობების დაცვით მომხმარებელს სურს მიმწოდებლის შეცვლა, შესაბამისმა ოპერატორ(ებ)მა სისრულეში მოიყვანოს აღნიშნული ცვლილება სამი კვირის განმავლობაში; და
(b) მომხმარებლებს უფლება ჰქონდეთ მიიღონ საჭირო მონაცემები მოხმარების თაობაზე.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებლისთვის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების მინიჭება არადისკრიმინაციული წესით ფასის, ძალისხმევისა და დროის თვალსაზრისით.
6. ფინანსური ან სხვა სახის კომპენსაციის და მე-2 და მე-3 აბზაცებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად წევრი სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ექსკლუზიური უფლებების უზრუნველყოფის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა განხორციელდეს არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე გზით.
7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები საბოლოო მომხმარებლის დასაცავად, და განსაკუთრებით უზრუნველყონ მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის ადეკვატური დამცავი ზომების არსებობა. ამ თვალსაზრისით, ყოველმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს მოწყვლადი მომხმარებლის მნიშვნელობა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ენერგიის უკმარისობას და, სხვათა შორის, კრიტიკულ მომენტებში ასეთი მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის გათიშვის აკრძალვას. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მოწყვლად მომხმარებელთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების გამოყენება. განსაკუთრებით, მათ უნდა მიიღონ ზომები შორეულ ადგილებში საბოლოო მომხმარებლების დასაცავად. მათ უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე, განსაკუთრებით სახელშეკრულებო პირობების, ზოგადი ინფორმაციისა და დავის მოგვარების მექანიზმების გამჭვირვალობის კუთხით. წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფლებამოსილი მომხმარებლის მიერ ახალ მიმწოდებელზე ადვილად გადართვის შესაძლებლობა. მინიმუმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან დაკავშირებით აღნიშნული ზომები უნდა მოიცავდეს I დანართით გათვალისწინებულ ზომებს.
8. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები როგორიცაა სახელმწიფო ენერგეტიკული სამოქმედო გეგმების შემუშავება, მოწყვლადი მომხმარებლებისათვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად სოციალური უსაფრთხოების სისტემაში სარგებლის უზრუნველყოფა, ან ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში ენერგიის უკმარისობის დასაძლევად, მათ შორის ენერგიის უკმარისობის უფრო ფართო გაგებით. აღნიშნულმა ზომებმა ხელი არ უნდა შეუშალოს 33-ე მუხლით გათვალისწინებული ბაზრის ეფექტურად გახსნას ან ბაზრის ფუნქციონირებას და, საჭიროების შემთხვევაში, ამის შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას ამ მუხლის მე-15 აბზაცით გათვალისწინებული წესით. შეტყობინება შეიძლება ასევე მოიცავდეს სოციალური უსაფრთხოების საერთო სისტემის ფარგლებში მიღებულ ზომებს.
9. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ელექტროენერგიის მიმწოდებლების მიერ ქვითრებში ან ქვითრების მეშვეობით და საბოლოო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ სარეკლამო მასალებში შემდეგი მონაცემების მითითება:
(a) წინა წლის განმავლობაში თითოეული ენერგიის წყაროს წილი მიმწოდებლის საწვავის ბალანსში ამომწურავი და სახელმწიფო დონეზე ადვილად შედარებადი ფორმით;
(b) მინიმუმ მითითება არსებულ საცნობარო წყაროებზე, როგორიცაა ვებგვერდი, სადაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია გარემოზე ზემოქმედების შესახებ, მინიმუმ წინა წლის განმავლობაში მიმწოდებლის მთლიანი საწვავის ბალანსით გამომუშავებული ელექტროენერგიის შედეგად წარმოქმნილი CO2-ის გაფრქვევისა და რადიოაქტიური ნარჩენების თაობაზე;
(c) მათ უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ითვალისწინებს დავის არსებობის შემთხვევაში მათთვის ხელმისაწვდომ დავის მოგვარების საშუალებებს.
რაც შეეხება პირველი ქვეაბზაცის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის გაცვლის შედეგად მიღებულ ელექტროენერგიას ან გაერთიანების გარეთ მდებარე საწარმოებიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას, შესაძლოა გამოყენებული იქნეს საშუალო მაჩვენებლები, რომლებიც მიღებულია ელექტროენერგიის გაცვლის შედეგად ან კონკრეტული საწარმოებიდან წინა წლის განმავლობაში.
მარეგულირებელმა ორგანომ ან სხვა კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა უზრუნველყოს მიმწოდებლების მიერ ამ მუხლის შესაბამისად მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა და ასეთი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო დონეზე მარტივად შედარებადი ფორმით.
10. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ ღონისძიებები სოციალური და ეკონომიკური ერთიანობისა და გარემოს დაცვის მიზნების მისაღწევად, რაც უნდა მოიცავდეს ენერგოეფექტურობის/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებებსა და კლიმატის ცვლილების თავიდან აცილების საშუალებებს და, სადაც მიზანშეწონილია, მიწოდების უსაფრთხოებას. კერძოდ, აღნიშნული ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს სათანადო ეკონომიკურ სტიმულირებას, სადაც მიზანშეწონილია ყველა არსებული სახელმწიფო და გაერთიანების მექანიზმის გამოყენებით, საჭირო ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური უზრუნველყოფისა და მშენებლობისთვის, ურთიერთდაკავშირების სიმძლავრის ჩათვლით.
11. ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის მიზნით წევრმა სახელმწიფომ, ან წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მისცეს ელექტროენერგეტიკულ საწარმოს ელექტროენერგიის გამოყენების ოპტიმიზაციის რეკომენდაცია, მაგალითად, სადაც მიზანშეწონილია, ენერგიის მართვის მომსახურების გაწევის, ინოვაციური ფასწარმოქმნის ფორმულების შემუშავების ან ინტელექტუალური აღრიცხვის სისტემის ან ინტელექტუალური ენერგოსისტემის შემოღების გზით.
12. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთათვის მათი უფლებების, მოქმედი კანონმდებლობისა და, დავის არსებობის შემთხვევაში, დავის მოგვარების საშუალებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი ერთი საკონტაქტო ერთეულის არსებობა. ეს საკონტაქტო ერთეული შესაძლოა შედიოდეს მომხმარებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ერთეულის შემადგენლობაში.
13. წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი მექანიზმის არსებობა ენერგო ომბუდსმენის ან მომხმარებელთა დაცვის ორგანოს სახით, საჩივრების ეფექტიანი განხილვისა და სასამართლოს გარეთ დავების მოგვარების მიზნით.
14. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ არ გამოიყენონ მე-7, მე-8, 32-ე და/ან 34-ე მუხლების დებულებები, თუ მათი გამოყენება ხელს შეუშლის ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებების კანონიერად ან ფაქტობრივად შესრულებას ზოგადი ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე, და თუ ეს ზეგავლენას არ მოახდენს ვაჭრობის განვითარებაზე ისე, რომ ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანების ინტერესებს. გაერთიანების ინტერესები, სხვათა შორის, მოიცავს კონკურენციას უფლებამოსილ მომხმარებლებთან მიმართებაში ამ დირექტივისა და დამფუძნებელი ხელშეკრულების 86-ე მუხლის თანახმად.
15. ამ დირექტივის განხორციელებისას წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა აცნობონ უნივერსალური მომსახურების ან საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების, მათ შორის მომხმარებლების დაცვისა და გარემოს დაცვის ვალდებულებების შესრულების მიზნით მიღებული ყველა ზომისა და სახელმწიფო და საერთაშორისო კონკურენციაზე მათი შესაძლო ზეგავლენის შესახებ, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ეს ზომები წინამდებარე დირექტივიდან გამონაკლისის დაშვებას. მათ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ უნდა აცნობონ კომისიას ამ ზომებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მიუხედავად იმისა საჭიროებს თუ არა ეს ცვლილებები წინამდებარე დირექტივიდან გამონაკლისის დაშვებას.
16. შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის წევრ სახელმწიფოებთან, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, მომხმარებელთა ორგანიზაციებთან, ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან და, დღემდე მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე კომისიამ უნდა შეადგინოს ენერგიის მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებული პრაქტიკული ინფორმაციის ენერგიის მომხმარებელთა ზუსტი და მკაფიო საკონტროლო ჩამონათვალი. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით, ელექტროენერგიის მიმწოდებლების ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ საჭირო ზომების მიღება მათი მომხმარებლებისათვის ენერგიის მომხმარებელთა საკონტროლო ჩამონათვალის ასლის მიწოდებისა და აღნიშნული ჩამონათვალის საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნი