1.
წინამდებარე შეთანხმებით მხარეები ქმნიან EFTA-საქართველოს ერთობლივ კომიტეტს (შემდგომში „ერთობლივი კომიტეტი“), რომელიც შედგება თითოეული მხარის წარმომადგენლობისაგან. მხარეები წარმოდგენილნი არიან ამ მიზნით დანიშნული მაღალი თანამდებობის პირების მიერ.
2.
ერთობლივი კომიტეტი:
(a) აკონტროლებს და ზედამხედველობას უწევს წინამდებარე შეთანხმების შესრულების პროცესს;
(b) განიხილავს მხარეებს შორის სავაჭრო ბარიერებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა შემზღუდველი ზომების შემდგომი გაუქმების შესაძლებლობას;
(c) ზედამხედველობას უწევს წინამდებარე შეთანხმების შემდგომ სრულყოფას;
(d) აკონტროლებს წინამდებარე შეთანხმების მიხედვით შექმნილი ყველა ქვეკომიტეტისა და სამუშაო ჯგუფის მუშაობას;
(e) ცდილობს, მოაგვაროს წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები;
(f) განიხილავს ნებისმიერ საკითხს, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებაზე.
3.
ერთობლივმა კომიტეტმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადაწყვიტოს ქვეკომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც კომიტეტს მისი ამოცანების შესრულებაში დაეხმარება. თუ წინამდებარე შეთანხმებაში, სხვაგავარად არაა გათვალისწინებული, ქვეკომიტეტები და სამუშაო ჯგუფები მუშაობენ ერთობლივი კომიტეტის მიერ დადგენილი მანდატით.
4.
ერთობლივმა კომიტეტმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილებები წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი კომიტეტი რეკომენდაციებს გასცემს.
5.
ერთობლივი კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს და რეკომენდაციებს გასცემს კონსენსუსის საფუძველზე. თუ წინამდებარე შეთანხმების მიხედვით რომელიმე დებულება მხოლოდ გარკვეულ წევრებს ეხება, ერთობლივ კომიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები და გასცეს რეკომენდაციები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც EFTA-ს მხოლოდ ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოსა და საქართველოს ეხება. ამგვარ შემთხვევებში კენჭისყრა ტარდება მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებს შორის და გადაწყვეტილებები ან რეკომენდაციები ვრცელდება მხოლოდ ამ მხარეებზე.
6.
ერთობლივი კომიტეტი იკრიბება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში. ამის შემდეგ, იგი იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ, ჩვეულებრივ, ორ წელიწადში ერთხელ. მისი შეხვედრების ერთობლივად თავმჯდომარეობენ EFTA-ს ერთ-ერთი სახელმწიფო და საქართველო.
7.
თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, სხვა მხარეებისათვის წერილობითი შეტყობინების საშუალებით, მოითხოვოს ერთობლივი კომიტეტის საგანგებო სხდომის ჩატარება. ამგვარი სხდომა ტარდება მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
8.
ერთობლივმა კომიტეტმა შეიძლება გადაწყვიტოს შესწორებების შეტანა წინამდებარე შეთანხმების დანართებში და დამატებებში, და მე-9 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვროს ამ გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.
9.
თუ ერთობლივ კომიტეტეში მხარის წარმომადგენელი მხარს დაუჭერს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამოკიდებულია მხარეების მიერ ეროვნული სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებაზე, გადაწყვეტილება ძალაში შედის იმ დღეს, როდესაც ბოლო მხარე გაგზავნის შეტყობინებას, რომ მისი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები შესრულებულია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილებით უფრო გვიანი თარიღი არაა განსაზღრული. ერთობლივმა კომიტეტმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს იმ მხარეებისთვის, რომელთაც დაკმაყოფილებული აქვთ თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, თუ საქართველო არის ერთ-ერთი ამ მხარეთა შორის. მხარეს შეუძლია, ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება დროებით გამოიყენოს ამ გადაწყვეტილების მის მიმართ ძალაში შესვლამდე, მისი ეროვნული სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად.
10. ერთობლივი კომიტეტი ადგენს საკუთარი საქმიანობის წესს.
დავების მოგვარე