1. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება და დასკვნის შედგენა ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მომართვისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.
2. მულტიდსიციპლინური გუნდი ვალდებულია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუკავშირდეს პირის კანონიერ წარმომადგენელს და მასთან შეთანხმებით განსაზღვროს პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების თარიღი, დრო და ადგილი. მულტიდისციპლინური გუნდი ვალდებულია, პირის კანონიერ წარმომადგენელს წინასწარ განუმარტოს გამოუცხადებლობის შედეგები.
3. მულტიდისციპლინური გუნდი პირის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას აფასებს და დასკვნას ადგენს ამ წესის მე-10 და მე-12 მუხლებით დადგენილი წესით.
4. დასკვნის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მულტიდისციპლინური გუნდი დასკვნას უგზავნის პირის კანონიერ წარმომადგენელს, შესაბამის სკოლასა და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
5. პირი ირიცხება სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის (რომლითაც დგინდება პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება) საფუძველზე, ჩარიცხვის წესის შესაბამისად.
6. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა არის სკოლის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირის ჩარიცხვა სკოლაში ხორციელდება ჩარიცხვის წესის შესაბამისად.
7. პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს და მოითხოვოს ხელახალი შეფასება თუკი სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება მის შინაარს