1. განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. განცხადების განხილვის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაციას. სააგენტო უფლებამოსილია, ასევე, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები და უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები  - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;

ბ) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ  მონაცემები –

სსიპ –

შემოსავლების სამსახურიდან.

3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა;

ბ) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ ხორციელდება  პირის იდენტიფიკაცია ან საჭირო ინფორმაციის მოძიება.

4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი.

5. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში:

ა) სააგენტო განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების წარმოდგენის თაობაზე. შეტყობინებაში მიეთითება კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების წარმოდგენის დრო და ადგილი;

ბ) განმცხადებელი ვალდებულია, გამოცხადდეს სააგენტოს მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრულ დროსა და ადგილას და წარმოადგინოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება;

გ) სააგენტო ადგენს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტებთან შესაბამისობას და გასცემს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განმცხადებელი არ გამოცხადდა სააგენტოში, განცხადება რჩება განუხილველი.

7. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში:

ა) სააგენტო განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას და აცნობებს თარიღს, როდესაც შემოწმდება განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი სააგენტოს მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრულ დროს გამოცხადდება განცხადების დანართით გათვალისწინებულ ადგილას. სააგენტო ადგენს განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან შესაბამისობას და გასცემს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ფიზიკურად დაუშვას თავისი ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება რჩება განუხილველი.

9. ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შტამპის სერტიფიკატის გაცემის შეუძლებლობისას, სააგენტო უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვადა, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

10. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში, განმცხადებელს გადაეცემა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი.

11. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებასთან წვდომის მიზნით სააგენტოს უფლებამოსილი პირის საკონტაქტო მონაცემებისა და მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე. შეტყობინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, განმცხადებელი ვალდებულია, გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური. მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში:

ა) განმცხადებლი უკავშირდება სააგენტოს, რის შემდეგაც, მხარეები, 5 (ხუთი) დღის ვადაში, ერთობლივად  უზრუნველყოფენ დახურული კერძო ქსელის (VPN) გამართვას (კონფიგურირებას).

ბ) დახურული კერძო ქსელის გამართვის შემდგომ სააგენტო განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემის პროცესში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. შეტყობინებაში მიეთითება სერტიფიკატის გაცემის დრო და ადგილი;

გ) სააგენტო გასცემს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ