1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ მოწყობილობა-დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს და სხვა სახის მოწყობილობებს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე.
2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვა განახორციელოს:
ა) მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების პირობების დაცვით, დაკავშირებული სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული დაკავშირების ხელშეკრულებით და საცალო მომხმარებლების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების მიზნით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად;
ბ) ისე, რომ შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი იყოს მომარაგების საიმედოობა და შემცირებული იყოს გაზმომარაგების წყვეტების უარყოფითი გავლენა მომხმარებლებზე და დაკავშირებულ სისტემებზე;
გ) ეფექტიანად და გარემოზე მინიმალური უარყოფითი ზეგავლენით;
3. გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოების და საიმედოობის შენარჩუნების, მისი ეფექტიანად ოპერირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) პერიოდულად განსაზღვროს გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა დისტანციური დიაგნოსტიკური ხელსაწყოების გამოყენებით ან/და ქსელის ადგილზე შემოწმების გზით;
ბ) განსაზღვროს საექსპლუატაციო ღონისძიებები გამანაწილებელი ქსელის და მისი შემადგენელი ნაწილების შემოწმების აქტების საფუძველზე და გამოიყენოს გამანაწილებელი ქსელის მართვის საუკეთესო პრაქტიკა;
გ) უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და განახლება მისი ნაწილების მწყობრიდან გამოსვლის ან მომსახურების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით;
დ) გამოიყენოს სენსორები და მონაცემთა გადამცემი მოწყობილობები, რეალურ დროში სისტემის მონიტორინგისთვის, თუ ეს აუცილებელია სისტემის ეფექტური მონიტორინგისთვის;
ე) გამოიყენოს დისტანციური მართვის სისტემები კრიტიკული მოწყობილობებისთვის, გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოების მიზნით;
ვ) კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად გამოიყენოს გაზომვის მოწყობილობები ბუნებრივი გაზის ნაკადის უწყვეტ რეჟიმში გასაზომად;
ზ) შეიმუშაოს საწარმოო ნორმები, სტანდარტები და პროცედურები გამანაწილებელი ქსელის ზედამხედველობასთან, ექსპლუატაციასთან და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებით;
თ) მოთხოვნის შემთხვევაში მესამე მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია გამანაწილებელი ქსელის მდებარეობის/განლაგების, ასევე მის სიახლოვეს სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების ზომების შესახებ.
4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს მომსახურებები (მომსახურების ტიპი, ოდენობა ან/და სიმძლავრე), რომელიც საჭიროა განაწილების საქმიანობის ეფექტიანად გაწევისთვის და შეისყიდოს ეს მომსახურებები.
5. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია შეისყიდოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემდეგი ტიპის მომსახურებები:
ა) საოპერაციო ბუნებრივი გაზი, რომელიც საჭიროა გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვისთვის, მათ შორის გაზის წინასწარი გათბობისათვის, საკომპრესორო სადგურის მუშაობისათვის, ასევე ბუნებრივი გაზი, რომელიც საჭიროა ქსელში დანაკარგების კომპენსირებისათვის;
ბ) მოთხოვნის მართვის მომსახურება, რაც გულისხმობს მომხმარებლების გაზის მოხმარებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის უფლებას.
6. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ითანამშრომლოს დაკავშირებული სისტემის ოპერატორებთან და გონივრულობის ფარგლებში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მათი სისტემების უსაფრთხო და საიმედო ოპერირების გამარტივების მიზნით.
7. განაწილების ლიცენზიატის (ან მისი დაქირავებული პირის) მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პერსონალს აქვს უფლება აწარმოოს საოპერაციო, აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები.
8. გამანაწილებელ ქსელზე სამუშაოების წარმოების დროს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მომხმარებელზე, დაკავშირებულ სისტემებზე და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენის რისკი.
9. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ჰყავდეს საავარიო ბრიგადები, გამანაწილებელ ქსელზე ავარიების შემდეგ ქსელის უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უმოკლეს ვადებში აღდგენის, მომხმარებლებზე და მიერთებულ სისტემებზე ავარიების უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ავარიებზე აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს და შეინახოს გამანაწილებელი ქსელის დეტალური ტექნიკური დოკუმენტები, რომელიც შეეხება მის გეოგრაფიულ მდებარეობას, გეგმებს/გრაფიკებს, ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციებს და უსაფრთხოების წესებს.
11. გამანაწილებელი ქსელის დაზიანების და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უფასოდ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია პირს, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს გამანაწილებელი ქსელის სიახლოვეს და საჭიროების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უფასოდ განახორციელოს სამუშაოების ზედამხედველობა.
12. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუშაოს განსაკუთრებულ (ავარიულ) სიტუაციებში გასატარებელი პროცედურები და პერიოდულად განახორციელოს საცდელი შემოწმება ავარიების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტიანობის და მისი გაუმჯობესების მიზნით