1. საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან ამ კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

2. მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ მის მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

3. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას, მის ჩაბარებაზე უარის ფაქტის დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალება. თუ მატერიალური დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებით არის დაფიქსირებული, დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა.

4. მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ დოკუმენტი ჩაბარდა:

ა) ადრესატს პირადად;

ბ) უფლებამოსილ პირს;

გ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

დ) პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;

ე) ფიზიკური პირის შემთხვევაში მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს;

5. მატერიალური დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, აგრეთვე დოკუმენტის ჩაბარების თარიღი.

6. საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

7. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი მატერიალური ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენებით გაგზავნილ დოკუმენტს ადრესატი არ გაცნობის მისი განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში.

8. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად მიიჩნევა განთავსებიდან მე-20 დღეს.

9. პირის მიერ საბაჟო ორგანოსათვის მატერიალური დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი. ამასთანავე, ამ დოკუმენტზე რეაგირებისათვის ვადა აითვლება საფოსტო გზავნილის საბაჟო ორგანოსათვის ფაქტობრივად ჩაბარების დღის მომდევნო დღიდა