1. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში მანდატურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის მრჩეველთა საბჭოს.

2. მრჩეველთა საბჭო:

ა) განიხილავს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, იღებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

ბ) განიხილავს მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და მასწავლებლების მიერ ანონიმურ ყუთში მოთავსებულ წერილებს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, შეიმუშავებს ანონიმურ წერილებში იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს სკოლის დირექტორს;

გ) განიხილავს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მასწავლებლების, მოსწავლეების, კანონიერი წარმომადგენლების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემებისა და მათ მიერ შეთავაზებული გადაწყვეტის გზების შესახებ ერთიან ანგარიშს, მასზე დაყრდნობით შეიმუშავებს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს და წარუდგენს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

დ) ისმენს სკოლის დირექტორის ანგარიშს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით;

ე) უფლებამოსილია შეიმუშაოს ინიციატივები სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ და წარუდგინოს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

ვ) მიმართავს მანდატურის სამსახურს მობილური ჯგუფის მივლენის მოთხოვნით;

ზ) უფლებამოსილია მიმართოს სკოლის დირექტორს მოსწავლეთა/კანონიერ წარმომადგენელთა საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ორგანიზების მოთხოვნით.

3. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) სკოლის დირექტორი ან/და მისი მოადგილე/მოადგილეები;

ბ) მანდატური/უფლებამოსილი პირი – მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე;

დ) პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე – მრჩეველთა საბჭოს მდივანი;

ე) დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე;

ვ) მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე;

ზ) შესაბამისი რესურსცენტრის უფროსი ან თანამშრომელი.

4. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, სათათბირო ხმის უფლებით, მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ მოსწავლეები და მათი კანონიერი წარმომადგენლები, მასწავლებლები, სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, ასევე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

5. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობიდან, მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ, ხმათა უმრავლესობით. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე უძღვება მრჩეველთა საბჭოს სხდომებს, ორგანიზებას უწევს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას და განსაზღვრავს მრჩეველთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგს.

6. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ან მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მათ უფლებამოსილებას, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან ერთ-ერთი წევრი.

7. მრჩეველთა საბჭოს სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. მრჩეველთა საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება სასწავლო წლის განმავლობაში ოთხჯერ მაინც.

8. მრჩეველთა საბჭოს სხდომას იწვევს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან მრჩეველთა საბჭოს წევრის თხოვნის საფუძველზე.

9. მრჩეველთა საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მრჩეველთა საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

10. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მრჩეველთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

11. მრჩეველთა საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ მრჩეველთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები და მდივანი.

12. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მრჩეველთა საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას სხდომაზე განხილული ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) კონფიდენციალურობა და არ დაუშვას მისი გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

13. დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოწვეული პირებისათვის (მოსწავლეები და მათი კანონიერი წარმომადგენლები) სხვა მოსწავლეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაცნობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული პირები არიან დაკავშირებული სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ერთსა და იმავე შემთხვევასთან.

თავი III. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელი ღონისძიებე