1. კომპლექსური საწარმოს მართვის სისტემამ უნდა მოიცვას:

ა) მკაფიოდ განსაზღვრული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად;

ბ) საწარმოს პოლიტიკა, რომელიც ხელმოწერილია პასუხისმგებელი ხელმძღვანელის მიერ და სადაც აღწერილია ფრენის უსაფრთხოების, ხარისხის და საავიაციო უშიშროების  მიმართ საწარმოს მიდგომა და პრინციპები;

გ) ეფექტიანობის ინდიკატორები, რომელიც წარმოადგენს ეფექტური ოპერირების და საექსპლუატაციო მიზნებთან შესაბამისობის ნიშნულებს;

დ) პროცესი, რომელიც განსაზღვრავს საწარმოს  ფუნქციონალურ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებას, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ორგანიზაციაში დადგენილ პროცესებზე, პროცედურებსა და საწარმოს საქმიანობაზე;

ე) მართვის სისტემის შეფასების პროცესი, რათა გამოვლინდეს მართვის სისტემის ხარვეზები და მათი მიზეზები, განისაზღვროს ამგვარი მუშაობის შედეგები და გატარდეს მაკორექტირებელი ღონისძიებები მისი აღმოფხვრის მიზნით;

ვ) პროცესი, რომელიც  პერსონალს უზრუნველყოფს შესაბამისი სწავლებით და სათანადო კვალიფიკაციით, ზემოაღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად საწარმო შეიმუშავებს კადრების შერჩევის და პერსონალის სწავლების პოლიტიკას;

ზ) პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს პერსონალის ინფორმირებას საწარმოში მიმდინარე/დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

2. საწარმომ უნდა განახორციელოს მართვის სისტემის პროცესების დოკუმენტირება და მისი ასახვა მართვის სისტემის სახელმძღვანელოში.

3. საწარმომ უნდა განახორციელოს მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და  პროცედურების შესაბამისობის დაცვა ფაქტობრივ საექსპლუატაციო გარემოსთან და მოთხოვნებთან. შესაბამისობის კონტროლმა უნდა მოიცვას უკუკავშირის სისტემა და შეუსაბამობის შესახებ პასუხისმგებელი პირის/პირების  ინფორმირების საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში, მაკორექტირებელი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით.

4. საწარმომ უნდა დანერგოს პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ფუნქციონალური სისტემის მონიტორინგის ფარგლებში დაბალი ეფექტიანობის გამოვლენისას, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენას და  აღმოფხვრის მიზნით   შემარბილებელი ღონისძიებების გატარებას.

5. მართვის სისტემამ  უნდა მოიცვას საწარმოს მიერ გაწეული მომსახურებები და აქტივობები, მათ შორის ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის მართვის სისტემები.

6. საწარმო მართვის სისტემის ფარგლებში ახორციელებს ფორმალურ კოორდინაციას როგორც  სხვა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან, ასევე სხვა უწყებებთან და ავიასაწარმოებთან, რათა:

ა) განხორციელდეს  იდენტიფიცირებული და შეფასებული საფრთხეების, ასევე მასთან დაკავშირებული რისკების და მაკორექტირებელი ღონისძიებების მართვა;

ბ) უზრუნველყოფილ იქნეს სააერნაოსნო მომსახურების გაწევა ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

7. მართვის სისტემის მოქმედების არეალმა უნდა მოიცვას აეროდრომის ოპერირებასთან დაკავშირებული საკითხები, თუ საწარმო ასევე ახორციელებს ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევას