1. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი წარმოადგენს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას.

2. თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანს საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნამდვილობაში ან მასში აღნიშნული მონაცემების სისწორეში, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ან სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის სხვა კომპეტენტურ უწყებას დამატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად.

3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურება ხდება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, ხოლო გატანისას – საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. საქონლის რეექსპორტის ან ტრანზიტის დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი შემოტანისას თანმხლები, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში − საქართველოდან საქონლის ექსპორტის დროს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების შესაბამისად.

5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ, ან

ბ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი)), „საქართველო-ჰონგ-კონგის, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2018 წლის 28 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი)), ასევე ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ.

8. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ექვსი სახისაა:

ა) საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (დანართი №2);

ბ) საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“ (დანართი №3);

გ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;

დ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1;

ე) წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი);

ვ) წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი).

9. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა „A“ გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული საქონლის განსაზღვრულ ქვეყნებში („პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის“ მომნიჭებელ ქვეყნებში) ექსპორტის დროს. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და სერტიფიკატის გაცემისა და შევსების წესები განისაზღვრება პრეფერენციის მომნიჭებელი ქვეყნის დირექტივებით.

10. საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატი გაიცემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

11. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა:

ა) „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I და II დანართების შესაბამისად, „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2016 წლის 27 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით;

ბ) „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის შესაბამისად.

12. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) გაიცემა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმების მე-3 თავის შესაბამისად.

13. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) გაიცემა „საქართველო-ჰონგ-კონგის, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2018 წლის 28 ივნისის შეთანხმების მე-3 თავის შესაბამისად.

14. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა:

ა) საქონლის ექსპორტისა და რეექსპორტის დროს;

ბ) დროებით შენახული ან საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ტრანზიტის პროცედურით გატანის დროს.

15. საქართველოში წარმოშობილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი СТ-1 გაიცემა ამ დადგენილების დანართ №5-ით დადგენილი წესის შესაბამისა