1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, წარმოშობის დეკლარაციის შედგენა ხორციელდება საქონლის ნასყიდობის დოკუმენტზე (მათ შორის, ანგარიშფაქტურაზე) ან მიწოდების შეტყობინებაზე (თუ მათში აღწერილი მონაცემები იძლევა საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებას) შესაბამისი ტექსტის დატანით, რომელიც განსაზღვრულია „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის IVა დანართითა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის მე-4 დანართით.
2. წარმოშობის დეკლარაციის ტექსტი დაიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შეთანხმების ერთ-ერთ ენაზე.
3. უფლებამოსილმა ექსპორტიორმა წარმოშობის დეკლარაციაში უნდა მიუთითოს შემოსავლების სამსახურის მიერ მისთვის მინიჭებული ავტორიზაციის ნომერი.
4. წარმოშობის დეკლარაცია დამოწმებული უნდა იყოს ექსპორტიორის ხელმოწერით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოშობის დეკლარაცია შედგენილია უფლებამოსილი ექსპორტიორის მიერ და მას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განაცხადით აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ მის მიერ წარდგენილი ნებისმიერი წარმოშობის დეკლარაცია განიხილება როგორც ხელმოწერილი მის მიერ.
5. თუ ნასყიდობის დოკუმენტი (მათ შორის, ანგარიშფაქტურა) ან მიწოდების შეტყობინება, რომელზეც ხორციელდება წარმოშობის დეკლარაციის შედგენა, მოიცავს პრეფერენციული და არაპრეფერენციული წარმოშობის საქონელს, მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც იძლევა პრეფერენციული საქონლის იდენტიფიცირების საშუალება