1. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზედაც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.

3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახოს განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მის მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს – EUR.1-ებს.

4. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე.

5. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.

6. ფერადი და ერთი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

7. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საქონლის ექსპორტისას საბაჟო ორგანოში თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.

8. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის დუბლიკატი.

9. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის მიღება დასტურდება შესაბამის ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით.

11. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

12. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

13. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი);

დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

15. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესი