1. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა საბაჟო ორგანოსათვის სავალდებულო არ არის, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს ექსპორტიორი ქვეყნის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობასა და/ან თაღლითობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში.

4. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი:

ა) საქართველოდან საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის დროს – ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე;

ბ) საქართველოში საქონლის იმპორტის დროს – ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე.

5. იმ შემთხვევებში, როდესაც არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი არ ივსება ქართულად, საბაჟო ორგანოებმა არ უნდა მოითხოვონ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის თარგმანი.

6. საქართველოში არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახონ განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებს.

7. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.

8. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.

9. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

10. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანო საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის დროს იტოვებს სერტიფიკატის თეთრი ფერის ეგზემპლარს, ხოლო იმპორტის დროს – შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის ორიგინალს. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა ნებაყოფლობითია.

11. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.

12. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

13. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.

14. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

15. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

16. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი);

დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

17. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

18. არაპრეფერენციული სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესი