1. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.

3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახოს განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მის მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს.

4. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.

5. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.

6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

7. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.

8. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს სერტიფიკატის დუბლიკატი.

9. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) მიღება დასტურდება შესაბამის ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით.

11. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

12. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

13. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის ექვსნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი);

დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

15. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესი