2. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილ პირს შეუძლია გასცეს მოწმობა, თუ იგი დარწმუნდა, რომ გემი თავისუფალია ინფექციისა და კონტამინაციის წყაროებისაგან (გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით). აღნიშნული მოწმობა, როგორც წესი, გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებულია ცარიელი გემის ინსპექტირება, ან თუ ტრიუმები გავსებულია ბალასტით ან სხვა ისეთი მასალით, რომლის ხასიათი და განთავსება იძლევა ტრიუმების სრულფასოვანი ინსპექტირების საშუალებას.

3. მოწმობა მოეთხოვება ყველა გემს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ცურვისათვის განკუთვნილებს, როდესაც ისინი შემოდიან პორტში საერთაშორისო მიმოსვლის შემდეგ. მოწმობა შეიძლება განახლდეს ყველა პორტში, რომელსაც უფლებამოსილება აქვს მონაწილე სახელმწიფოს მიერ.

4. გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ გემზე აღმოჩნდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში რისკები (ინფექციისა და კონტამინაციის წყარო, გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) და ჩატარებული პროცედურებით მიღწეულია დამაკმაყოფილებელი შედეგები. აღმოჩენილი რისკები და გატარებული ღონისძიებები უნდა აისახოს მოწმობასა და „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10). ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში, გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ დასახული პროცედურები სასურველ შედეგს არ იძლევა, უფლებამოსილი პირი მოწმობაში აკეთებს შესაბამის აღნიშვნას ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომლებიც წარმოადგენს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, ასევე იმ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს შემდგომი შესვლის პორტში. გემის გასვლისას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ ატყობინებს შემდგომი დანიშნულების პორტს გემის გასვლის, გამოვლენილი ფაქტებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში რისკები, რომელებიც გამოიწვევს დაავადების გავრცელებას საერთაშორისო მასშტაბით, ან როდესაც აღნიშნული რისკი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიშ, გარდაუვალ და სერიოზულ საფრთხეს).

6. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია (არ აღმოჩნდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში რისკები).

7. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების მოწმობის გაგრძელება 1 თვით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შეუძლებელია სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ჩატარება და არ არსებობს რისკი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

8. გემზე შესაბამისი ღონისძიებები ტარდება მას შემდეგ, რაც ყველა დაინტერესებული მხარე (გემის კაპიტანი, აგენტი და სხვ.) ინფორმირებული იქნება გამოსაყენებელი მეთოდების შესახებ. ისეთი ძირითადი ღონისძიებები, როგორებიცაა კარანტინში მოთავსება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საეჭვო ან უშუალო რისკებისას, უნდა გადაწყდეს დროულად პორტის პასუხისმგებელი პირის თანამონაწილეობით, რომელიც არეგულირებს გემების გადაადგილებას. ყველა შემთხვევაში კონტროლის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ისეთი სახით, რომ თავიდან იქნეს აცილებული პიროვნებებისთვის დისკომფორტის შექმნა (მათ შორის – მათი ღირსების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების გათვალისწინებით) და ზიანის მიყენება გემის, ბარგის, ტვირთებისა და კონტეინერებისათვის.

9. სავალდებულოა, რომ საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილი მცურავი საშუალება იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მაქსიმალურად შემცირებული იქნება საერთაშორისო მასშტაბით დაავადების გავრცელების რისკი. საერთაშორისო ჯანმრთელობის წესების შესაბამისად სასაზღვრო ინსპექციის პუნქტმა უნდა განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება ამ წესების თანახმად, რათა გემის კაპიტნებმა ყოველთვის უზრუნველყონ იფექციის, კონტამინაციის, გადამტანების და რეზერვუარების არარსებობა.

10. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად, გემის კაპიტანი ვალდებულია ითანამშრომლოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილ პირთან:

ა) ტვირთის, კონტეინერების და გემის ინსპექტირების ჩატარებაში;

ბ) საჭიროებისას მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების სამედიცინო გამოკვლევაში;

გ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად დადგენილ სხვა სამედიცინო-სანიტარიულ ღონისძიებათა ჩატარებაში;

დ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარუდგინოს შესაბამისი საზღვაო სამედიცინო-სანიტარიული დეკლარაცია (დანართი №5) და სხვა შესაბამისი დოკუმენტები (მოწმობა, გენერალური დეკლარაცია და სხვა საჭირო დოკუმენტები);

ე) დაუყოვნებლივ აცნობოს ნებისმიერი ავადმყოფობის გამოვლინება, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ინფექციური აგენტით ან სხვა მდგომარეობით, რომელიც რისკს უქმნის ან შესაძლოა უქმნიდეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

11. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს გემზე დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და დეკონტამინაციის ჩატარება, თუ ბორტზე აღინიშნება დაავადების კლინიკური ნიშნები (სიმპტომები) ან რეზერვუარები, რომლებიც საშიშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ასევე, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს შეუძლია მიიღოს დამატებითი ზომები გემის იზოლაციის ჩათვლით. დამატებითი ღონისძიებების გატარებისას (როგორიცაა იზოლაცია), როდესაც შესაძლოა დაავადების გავრცელება საერთაშორისო მასშტაბით, აუცილებელია დაუყოვნებლივ ინფორმაციის მიწოდება ეროვნული კოორდინატორისათვის.

12. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს უნდა გააჩნდეს იმ კომპანიების ან დაწესებულებების სია, რომელთაც შეუძლიათ დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და დეკონტამინაციის ჩაატარება.

13. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირი, კონტროლის შედეგებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია გემიდან, საქონლიდან, ეკიპაჟის წევრებიდან, მგზავრებიდან მოითხოვოს სინჯის (საანალიზო მასალის) აღება და ლაბორატორიული ანალიზი, რათა თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებების შემოტანა/გავრცელება.

14. გემის ოპერატორმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს პორტის შესაბამისი სამსახურის მიერ ბორტზე აღებული წყლის ნიმუშის ანალიზის პასუხი და წყლის უსაფრთხოების მოწმობა. ბორტზე არსებული ხელსაწყოებით (საკონტროლო-გამზომი) შეიძლება განხორციელდეს წყლის დამატებითი შემოწმება.

15. გემზე ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების გამოვლენისას პროცედურებში ერთვებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებ