1. ამ კანონის მიზნებისთვის ფულადი სახსრების გადარიცხვა არის გადამხდელის დავალებით/თანხმობით, ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, გადამხდელისა და თანხის მიმღების სახელზე ანგარიშების გაუხსნელად, თანხის მიმღებისთვის ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესრულებული ოპერაცია. ფულადი სახსრების გადარიცხვისას შესაძლებელია გადამხდელი და თანხის მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან საგადახდო მომსახურებას ორივეს ერთი ფინანსური ინსტიტუტი უწევდეს.

2. გადამხდელის ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფულადი სახსრების გადარიცხვას თან ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული გადამხდელისა და თანხის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები.

3. თანხის მიმღების ფინანსურმა ინსტიტუტმა და შუამავალმა ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა შეისწავლონ, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი, თუ ფულადი სახსრების გადარიცხვა სრულად არ შეიცავს გადამხდელის ან თანხის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემებ