1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) შექმნილია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.

3. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სააგენტოს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამსახურებრივ მოწმობებზე, ბეჭდვით გამოცემებზე, სუვენირებსა და სხვა ატრიბუტიკაზე.

5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, №42.

თავი II

სააგენტოს მიზნები, საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება