1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით ჩაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომა. გაფართოებული სხდომის მოწვევა დასაშვებია ნებისმიერ საკითხზე, რაც უკავშირდება ძირეული მიდგომების, პრინციპებისა თუ მეთოდოლოგიის შემუშავებას სასამართლო რეფორმის, მართლმსაჯულების შეუფერხებელი საქმიანობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ამაღლების, სასამართლოს სტრატეგიული განვითარების გეგმის, სამოსამართლო დისციპლინისა და ეთიკის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე ამ სფეროებში გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებს.
2. გაფართოებული სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნეს საერთო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე, ყოფილი მოსამართლე, მოსამართლეთა გაერთიანება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, სხვა უწყების (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სსიპ – იუსტიციის უმაღლესი სკოლა, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა, საგანმანათლებლო დაწესებულება, საზოგადოებრივი ორგანიზაცია) თუ აკადემიური წრეების წარმომადგენელი და სხვა პირი (ამა თუ იმ დარგის ექსპერტი, სპეციალისტი და სხვა).
4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს წამოაყენოს საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევ პირთა კანდიდატურები ან დაასახელოს უწყება, რომლის წარმომადგენლის მოწვევაც მიაჩნია მიზანშეწონილად.
5. საერთო სასამართლოების ნებისმიერ მოსამართლეს ან მოსამართლეთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებას ან სხვა პირს, უფლება აქვს წერილობით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამა თუ იმ საკითხზე საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევის წინადადებით და დაასაბუთოს მისი მიზანშეწონილობა. მათ ასევე აქვთ უფლება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართონ საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს მოსამართლეების, სხვა უწყებების ან გარეშე პირების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს გაფართოებული სხდომის მოწვევისა თუ მასში მონაწილეობის თაობაზე.
6. საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მოსაწვევი პირებისა და უწყებების სიას ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ რომელიმე უწყების წარმომადგენლის მოწვევის თაობაზე წინადადება დაყენებულია კანდიდატურის ვინაობის დასახელების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავს (წერილობით ან ზეპირად) შესაბამის უწყებას თხოვნით, საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოავლინოს თავისი წარმომადგენელი და ამასთან, განუმარტავს განსახილველი საკითხის შინაარსსა და მნიშვნელობა