1. სასამართლო მედიაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით საერთო სასამართლოს აპარატის შემადგენლობაში საქმიანობას ახორციელებს კონსულტანტი სასამართლო მედიაციის საკითხებში (შემდგომში – კონსულტანტი მედიაციის საკითხებში), ხოლო ასეთი საშტატო ერთეულის არარსებობისას – სასამართლოს მენეჯერი. ამასთან, საერთო სასამართლოების აპარატის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მედიაციის ცენტრი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ან რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის სახით.

2. კონსულტანტი მედიაციის საკითხებში სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეზე უზრუნველყოფს:

ა) მედიატორის შერჩევის პროცესის ორგანიზებასა და მედიატორთა დანიშვნის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას;

ბ) მხარეებთან, მედიატორთან და ასოციაციასთან კომუნიკაციას;

გ) მოქალაქეებისთვის და მხარეებისთვის სასამართლო მედიაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ამ მიზნით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩანიშვნასა და ჩატარებას ინდივიდუალურად ან კატეგორიების მიხედვით შერჩეულ საქმეებზე მედიატორებსა და მხარეებს შორის, მედიატორთან შეთანხმებით სასამართლო მედიაციის პროცესის ჩანიშვნას და პროცესის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებებს;

დ) სესიების რაოდენობის, მედიაციის პროცესში მონაწილეობისათვის მხარეთა გამოუცხადებლობის, სასამართლო მედიაციის ვადის დაცვის, ასევე მისი გაგრძელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას საინფორმაციო ბარათში;

ე) სასამართლო მედიაციის წარმართვისა და მედიაციის ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო რესურსების თაობაზე ინფორმაციის სასამართლოს თავმჯდომარისათვის მიწოდებას;

ვ) სასამართლო მედიაციის ჩასატარებლად საჭირო სივრცის არარსებობისას, ასოციაციასთან შეთანხმებით, ნეიტრალური ალტერნატიული სივრცის მოძიებისა და ამ მიზნით შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების პროცესის კოორდინაციას;

ზ) მედიატორობის კანდიდატსა და მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციას, საქმეზე არჩეული/დანიშნული მედიატორისათვის ინფორმაციის და არსებული საქმის მასალების მიწოდებას, ასევე მხარეებისა და მედიატორისათვის დანიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

თ) მედიატორისათვის გადაცემული საქმის თაობაზე სპეციალური მიმართვებისა და საინფორმაციო ბარათის წარმოებას;

ი) საქმეთა ნაკადის მართვას, ამ მიზნით მოსამართლეებისა და თანაშემწეებისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდებას;

კ) სასამართლო მედიატორებსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრების ორგანიზებას გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად;

ლ) სასამართლო მედიაციის შესახებ კმაყოფილების კვლევის მიზნით მხარეთათვის კმაყოფილების შეფასების კითხვარის გადაცემას;

მ) შესაბამისი სასამართლოს მიერ დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. მედიაციის ცენტრის სივრცითი და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის მოითხოვება სულ მცირე ორი ოთახი: ერთი ოთახი – საერთო შეხვედრებისთვის, ხოლო მეორე – კერძო შეხვედრების ჩატარების მიზნით. ოთახებს უნდა ჰქონდეს მყარი ხმის იზოლაცია კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფა