ამ კანონის მიზნებისათვის, კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაუზუსტებელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც არ არის დაზუსტებული და მოიცავს მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან, ხელშეკრულების დარღვევასთან ან მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ, ან სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილ სხვა მოთხოვნებს;

ბ) პირობითი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე და რომელიც, მათ შორის, მოიცავს მესამე პირის სასარგებლოდ გაცემულ გარანტიასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებიც დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე;

გ) ვადამოუსვლელი (სამომავლო) მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადა სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის არ დამდგარა;

დ) ახალი კრედიტორული მოთხოვნა – სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი მოთხოვნა;

ე) მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები – მოვალის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე დადებული შრომითი, იჯარის, მომსახურების ან სხვა ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი რეგულარულად შესასრულებელი ვალდებულებები;

ვ) მმართველი – რეაბილიტაციის მმართველი ან/და გაკოტრების მმართველი;

ზ) ზედამხედველი – რეგულირებული შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობისათვის დანიშნული პირი, ასევე მოვალის რეაბილიტაციის პროცესში საწარმოს მართვის ორგანოების შენარჩუნების შემთხვევაში მათ საქმიანობაზე ზედამხედველობისათვის დანიშნული პირი;

თ) უზრუნველყოფილი კრედიტორი – კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან გირავნობით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით;

ი) კონვერსია – რეაბილიტაციის რეჟიმიდან გაკოტრების რეჟიმში ან გაკოტრების რეჟიმიდან რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა ამ კანონით დადგენილი წესით, რა დროსაც უწყვეტად გრძელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ახალი რეჟიმით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;

კ) მთავარი ინტერესების ცენტრი – ადგილი, სადაც მოვალე მუდმივად საქმიანობს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და რაც ასეთად აღიქმება მესამე პირების მიერ;

ლ) მოვალე – ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი;

მ) საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯი – მმართველის/ზედამხედველის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს ამ კანონით დადგენილი წესით საფოსტო გზავნილის, კრების მოწვევისა და ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის, ექსპერტიზის ჩატარების, საქმის მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის ასლების დამზადების ხარჯებს, აგრეთვე საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯებს;

ნ) ეკონომიკური ინტერესი – ქონების ღირებულება ან მისი სარგებლიანობა გადახდისუუნარობის მასისთვის;

ო) გადახდისუუნარობის მასა – მოვალის ამ კანონის 59-ე მუხლით განსაზღვრული ქონება;

პ) გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავა – დავა გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოყოფის ან გადახდისუუნარობის მასიდან თანხის დაკისრების შესახებ, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე არსებული კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება;

ჟ) ლიკვიდური აქტივი – ფული ან სხვა ნებისმიერი აქტივი, რომლის რეალიზაცია შესაძლებელია დროის მცირე მონაკვეთში;

რ) გაკოტრების მინიმუმი – ფულის ან სხვა ნებისმიერი აქტივის მოცულობა, რომელსაც, სავარაუდოდ, კრედიტორი მოვალის გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მიიღებდა;

ს) მოვალესთან დაკავშირებული პირი:

ს.ა) მოვალის მმართველი ორგანოს წევრი, აგრეთვე ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

ს.ბ) მოვალის დამფუძნებელი, მონაწილე, წევრი, აქციონერი, მეპაიე ან პარტნიორი, რომელიც მოვალე სუბიექტში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის არანაკლებ 5%-ს;

ს.გ) ამ პუნქტის „ს.ა“ და „ს.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ნათესავები ან სხვა პირები, რომლებსაც ამ პუნქტის „ს.ა“ და „ს.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გააჩნიათ ერთიანი საოჯახო მეურნეობა;

ს.დ) პირები, რომლებიც მოვალესთან ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ საწარმოში, თუ მათი წილი ჯამურად არანაკლებ 20%-ს შეადგენს, ან სხვაგვარად ერთობლივად აკონტროლებენ ამ საწარმოს;

ს.ე) პირი, რომელშიც მოვალე პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, ან სხვაგვარად აკონტროლებს მას;

ს.ვ) ამხანაგობა, რომელშიც მონაწილეობს მოვალე;

ს.ზ) სხვა პირები, რომელთა განსაკუთრებული ურთიერთობები მოვალესთან გავლენას ახდენს მათ ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების ქმედებებზე მოვალის მიმართ;

ტ) ნათესავი – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი;

უ) წილის არაპირდაპირი ფლობა – წილის ფლობა პირის ნათესავის ან იურიდიული პირის მიერ, რომელშიც ეს პირი ფლობს წილის არანაკლებ 20%-ს ან სხვაგვარად ახორციელებს მის კონტროლს;

ფ) კონტროლი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, დირექტორობა ან/და დირექტორთა საბჭოს წევრობა, თავმჯდომარეობა, ასევე ამ თანამდებობებზე პირის დანიშვნის პირდაპირი ან არაპირდაპირი უფლება, აგრეთვე ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების არანაკლებ 20%-ის ფლობა;

ქ) მორატორიუმი – ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან მეტი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს გადახდისუუნარობის მასის დაცვას;

ღ) შეცილების მოწინააღმდეგე მხარე – პირი, რომელიც ვალდებულია ამ კანონის VIII თავის შესაბამისად მოვალეს დაუბრუნოს ის, რაც მან შეცილებული ქმედების შედეგად მიიღო;

ყ) სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე – მოვალე, რომლის საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესს და რომელიც ასეთად მიიჩნევა სასამართლოს მიერ;

შ) პრეფერენციული მოთხოვნები – სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გადასახდელი 3 თვის სახელფასო და შვებულების ხარჯები (გარდა მოვალის დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა, ასევე მათი ოჯახის წევრების სახელფასო და შვებულების ხარჯებისა/გადასახდელი თანხებისა), ასევე საწარმოო ტრავმის გამო გადასახდელი თანხები, თითოეულ კრედიტორზე არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით;

ჩ) პრეფერენციული საგადასახადო მოთხოვნები – სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე ბოლო 3 წლის შესაბამის საგადასახადო პერიოდზე წარმოშობილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადების თანხა;

ც) არაპრივილეგირებული მოთხოვნები – კრედიტორის მოთხოვნა, რომლის თაობაზეც მოვალე და კრედიტორი წინასწარ შეთანხმდნენ ასეთი მოთხოვნის არაპრივილეგირებული წესით დაკმაყოფილების თაობაზ