1. ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის სასუნთქი სისტემის დასაცავად, დაბინძურებული ატმოსფეროს ან არასაკმარისი ჟანგბადის კონცენტრაციის მქონე გარემოს პირობებში უნდა უზრუნველყოფდეს სუფთა ჰაერის მიწოდებას.

2. ინდივიდუალური დაცვის საშუალების მიერ მომხმარებლისთვის სასუნთქი ჰაერის მიწოდება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი საშუალებებით, მაგალითად, ინდივიდუალური დაცვის საშუალების მიერ დაბინძურებული ჰაერის ფილტრაციის ან გარე არადაბინძურებული ჰაერის წყაროს უზრუნველყოფის გზით.

3. ასეთი ტიპის ინდივიდუალური დაცვის საშუალების შემადგენელი მასალა და სხვა კომპონენტები იმგვარად უნდა იყოს შერჩეული ან დაპროექტებული და გამოყენებული, რომ წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში შესაბამის პერიოდში უზრუნველყოფდეს მომხმარებლის სათანადო სუნთქვას და სასუნთქი გზების ჰიგიენას.

4. სახის დამცავი საშუალების ჰერმეტულობა, სუნთქვისას წნევის ვარდნა, ხოლო ფილტრაციის მოწყობილობის შემთხვევაში ჰაერის გაწმენდის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოფდეს დაბინძურებული გარემოდან მავნე ნივთიერებების შეღწევის საკმარისად დაბალ დონეს, რათა საფრთხე არ შეექმნას მომხმარებლის ჯანმრთელობასა და ჰიგიენას.

5. ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე დატანილ უნდა იქნეს მონაცემები სპეციფიკური მახასიათებლების შესახებ, რომელიც მომხმარებლისთვის შესაძლებელს გახდის ინდივიდუალური დაცვის საშუალების სათანადოდ გამოყენებას.

6. გამფილტრავი მოწყობილობის შემთხვევაში, მწარმოებლის ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ახალი ფილტრების ორიგინალ შეფუთვაში შენახვის ვადების შესახებ.

7. მოთხოვნები კანსა და თვალებთან კონტაქტისაგან დაცვის მიმართ:

ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია სხეულის ან მისი ნაწილის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებთან, ნაზავებთან და მავნე ბიოლოგიურ აგენტებთან შეხებისგან დასაცავად, წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში მოხმარებისას უნდა გამორიცხავდეს აღნიშნული ნივთიერებების, ნაზავებისა და აგენტების დამცავ შრეში შეღწევას.

ბ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების შემადგენელი მასალა და სხვა კომპონენტები იმგვარად უნდა იყოს არჩეული, დაპროექტებული და წარმოებული, რომ შეეძლოს განგრძობითი ყოველდღიური გამოყენებისას სრული ჰერმეტულობის შენარჩუნება, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა ინარჩუნებდეს შეზღუდულ ჰერმეტულობას სათანადოდ შეზღუდული გამოყენების პერიოდში.

გ) იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარკვეულ ნივთიერებებს, ნაზავებსა და მავნე ბიოლოგიურ აგენტებს გააჩნია მაღალი შეღწევის ძალა, რომელიც წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში ამცირებს ინდივიდუალური დაცვის საშუალების მიერ უზრუნველყოფილ დაცვის ხანგრძლივობას, ეს უკანასკნელი უნდა დაექვემდებაროს სტანდარტულ შემოწმებას ფუნქციონირების კლასის განსაზღრის თვალსაზრისით. ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე დატანილი უნდა იქნეს ნიშანდება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: შემოწმებისას გამოყენებული ნივთიერების სახელს, ხოლო სახელის არ არსებობის შემთხვევაში შესაბამის კოდს და ინდივიდუალური დაცვის საშუალების მიერ შესაბამისი ნივთიერების ზემოქმედებისგან დაცვის პერიოდს. აუცილებლობის შეთხვევაში მწარმოებლის მიერ შედგენილი ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს ზემოთ აღნიშნული კოდების აღწერას, სტანდარტული შემოწმების დეტალურ აღწერასა და სხვადასხვა წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში, გამოყენების მაქსიმალურად დასაშვები პერიოდის განსაზღვრისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია