1. ფსიქოლოგიური მომსახურება მოიცავს კონკრეტული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოდიაგნოსტიკურ შეფასებას, ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმის (დანართი №6) შემუშავებას, განხორციელებასა და ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმის შესრულების მონიტორინგს (დანართი №7).

2. შემთხვევის მართვის პროცესში ჩართული მსჯავრდებულისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდების მიზნით:

ა) შემთხვევის მართვის ციკლის მე-6 კვირას, მსჯავრდებულის დინამიკური ფაქტორების შეფასების (დანართი №1, ნაწილი III) შემდეგ, ფსიქოლოგის პროცესში ჩართვაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი);

ბ) შემთხვევაში ჩართული ფსიქოლოგი შემთხვევის მართვის ციკლის მე-7 კვირას ესწრება გუნდის შეხვედრას;

გ) ფსიქოლოგი მსჯავრდებულს აფასებს არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში (მე-7-მე-10 კვირა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.

დ) შეფასების შემდგომ, ფსიქოლოგი ადგენს ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმას, რომელსაც განიხილავს სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან) ერთად;

ე) ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმას, როგორც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განუყოფელ ნაწილს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი);

ვ) საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, მსჯავრდებულის გადაფასება და შემდგომ პროცედურებში ფსიქოლოგის ჩართულობა ხორციელდება შემთხვევის მართვის ციკლის შესაბამისად.

3. შემთხვევის მართვის პროცესში ჩართული მსჯავრდებულისათვის ფსიქოლოგიური მომსახურება მყისიერად მიწოდება ხდება იმ შემთხვევაში, თუ, მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგის მე-8, მე-9 ან მე-10 პუნქტებიდან ერთ-ერთი პუნქტის ნაწილში მაინც, სახეზეა მაღალი რისკი ან/და თვითდაზიანების ან სუიციდის რისკი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ან/და ადიქტური ქცევა;

4. ფსიქოლოგიურ მომსახურებაში გადამისამართებიდან ერთი კვირის ვადაში, ფსიქოლოგი მსჯავრდებულს აფასებს და კონსულტაციის ჩანაწერს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად. შეფასების შემდგომ, ფსიქოლოგი ადგენს ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმას, რომელსაც განიხილავს სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან) ერთად და წარუდგენს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს.

5. ფსიქოლოგს, საჭიროებისამებრ, აქვს კომუნიკაცია იმ პირთან/სპეციალისტთან, რომლისგანაც შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვება.

6. საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგი სოციალური მუშაკის/შემთხვევის მმართველის მეშვეობით ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამისამართებს შესაბამის სპეციალისტთან.

7. ფსიქოლოგი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ჩართულობას გეგმის შემუშავების პროცესში.

8. ფსიქოლოგი, გუნდში ჩართულობის შემთხვევაში, ამზადებს რეკომენდაციებს გუნდის შეხვედრაზე წარსადგენად.

9. ფსიქოლოგი, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, მომსახურებას ახორციელებს ჯგუფურად ან ინდივიდუალურად.

10. ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ფსიქოლოგი ახორციელებს ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმის მონიტორინგს (დანართი №7) და შედეგებს აწვდის სოციალურ მუშაკს (შემთხვევის მმართველს).

11. საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგს უფლება აქვს, გადააფასოს ან ვადაზე ადრე უზრუნველყოს ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმის მონიტორინგი.

12. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, შეწყალების საკითხის განხილვის ან მსჯავრდებულის სხვა დახასიათების შედგენაში ფსიქოლოგი მონაწილეობს და ავსებს მის კუთვნილ ფორმას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩართულია მსჯავრდებულთან მუშაობაში მიმდინარე პერიოდში ან დასრულებული აქვს მასთან მუშაობა არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

13. მსჯავრდებულის კონსულტირების მიზნით, ფსიქოლოგთან მიმართვა ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის საფუძველზე ან სოციალური მუშაკის (შემთხვევის მმართველის) მეშვეობით, ხოლო სხვა სპეციალისტების მხრიდან − „ფსიქოლოგთან შეხვედრის მოთხოვნის ფორმის“ (დანართი №10) შესაბამისად.

14. მართვის პროცესში ჩართული ბენეფიციარების გარდა, სხვა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესით