1. ციფრული მმართველობის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ციფრული მმართველობის სააგენტო“. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Digital Governance Agency“.
3. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
5. სააგენტოს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სააგენტოს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს შენობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე, სააგენტოს თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, სამსახურებრივ მოწმობებზე, ბეჭდვით გამოცემებზე, სუვენირებსა და სხვა ატრიბუტიკაზე.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის 22, საფოსტო ინდექსი, 0114.