1. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) უწყებათაშორისი კოორდინაციით შეიმუშაოს ციფრული მმართველობისა და სერვისების გაციფრულების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას;

ბ) განახორციელოს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მართვა და ადმინისტრირება, პორტალზე საჯარო და კერძო სექტორის ახალი სერვისების ინტეგრაცია;

გ) უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის სამინისტროს სისტემაში არსებული მომსახურებების, მათ შორის, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ მიწოდებული მომსახურებების, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობა;

დ) ითანამშრომლოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათი სერვისების გაციფრულებისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) ინტეგრაციის მიზნით;

ე) ციფრული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით განახორციელოს ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი ინიციატივები, მათ შორის, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და საჯარო მოხელეთა სწავლება;

ვ) ციფრული მმართველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშაოს და დანერგოს შესაბამისი სტანდარტები;

ზ) ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის, მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის), ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge), იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურებების გამართულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშაოს ელექტრონული სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტი და ხელი შეუწყოს მის დანერგვას;

თ) მართოს და განავითაროს მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა (ინფრასტრუქტურა);

ი) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის) ფარგლებში დაადგინოს მონაცემთა გაცვლის ერთიანი სტანდარტი;

კ) შეიმუშაოს ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის ჩარჩო და ხელი შეუწყოს მის დანერგვას;

ლ) უზრუნველყოს ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოება, მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტის დადგენისა და შესრულების კოორდინაცია;

მ) დაადგინოს საჯარო სექტორში არსებული ღია მონაცემების გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტი და უზრუნველყოს ერთიანი პორტალის მეშვეობით მათი ხელმისაწვდომობა;

ნ) უზრუნველყოს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის შექმნა და გამართული ფუნქციონირება;

ო) განახორციელოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია და მისი საქმიანობის ზედამხედველობა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით;

პ) განახორციელოს ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდსისტემის“ დანერგვა და მონიტორინგი;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში შეიმუშაოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტები;

რ) ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესრულების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში შეისწავლოს და გააანალიზოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები და საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა დაამყაროს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, საჯარო დაწესებულებებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან;

ტ) უზრუნველყოს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინდექსებისა და შეფასებების შემუშავების პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ განახლებული ინფორმაციის უცხოელი პარტნიორებისა და ორგანიზაციებისთვის დროულად და სრულყოფილად წარდგენა;

უ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით ხელი შეუწყოს ამ სფეროებში საქართველოს მიღწევების პოპულარიზაციას;

ფ) ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და მხარდაჭერა;

ქ) შეიმუშაოს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ინდექსის მეთოდოლოგია და უზრუნველყოს შესაბამისი ინდექსის ყოველწლიურად წარმოება;

ღ) საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ფარგლებში, განახორციელოს მათი ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა, განვითარება და ტექნიკური მხარდაჭერა;

ყ) საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების შექმნის/მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, განახორციელოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;

შ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. სააგენტო უფლებამოსილია, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, გასწიოს მომსახურება მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროებში, თუ ეს საქმიანობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

თავი III. სააგენტოს ხელმძღვანელობა და მართ